"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ახლა წიწილების დათვლის დროა, თუმცა დასათვლელი ბევრი არც არაფერია.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა, რასაც სტარტის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. განვლილი ციკლის შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ვეტერან ფეხბურთელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ...

პოზიტივი და ნეგატივი
- დავიწყოთ იქიდან, რომ შედეგი მიუღებელია და, შესაბამისად, მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესარჩევი ციკლი სუსტად ჩავატარეთ. და მაინც, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.

უარყოფითთან ერთად, იყო დადებითი მომენტებიც. დადებითით დავიწყებ. რამდენიმე თამაშში, მხოლოდ ფრაგმენტულად, ჩვენ
ვნახეთ ისეთი საქართველოს ნაკრები, რომელიც მომავალში გვინდა, რომ ვნახოთ. დადებითი მომენტია ისიც, რომ შესარჩევმა ციკლმა გამოაჩინა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი. მაგალითად, ძალიან მომწონს ვაკო გვილიას თამაში...

უარყოფითი არის შედეგი და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ შედეგი ფეხბურთში არის ყველაზე მთავარი და როცა არ არის ეს შედეგი, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადადის...

აბა, ვკითხოთ გულშემატკივარს, არ ურჩევნიათ - საშინლად ვითამაშოთ ყველა შეხვედრაში და თუნდაც მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოვიგოთ?! ნაკრებსა და კლუბში მთავარი შედეგია.

თბილისის აკადემიაში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა, ბავშვები გვყავს. ისინი სწავლობენ სწორ ფეხბურთს და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ შედეგზე არ იფიქრონ, რომ არ დაარტყან ბურთი წინ უმისამართოდ და თუნდაც გოლი გაუშვან. ჩვენ მიზნად გვაქვს, ასე მივიყვანოთ ისინი ასაკობრივ ნაკრებამდე. კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს!

მთავარი ნაკლი
- მთავარ ნაკლად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 პროცენტით რეალიზებას. უნდა განვმარტო: არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თავს ზოგავენ და ბოლომდე არ იხარჯებიან. ამას გამოვრიცხავ!

ვგულისხმობ იმას, რომ როცა დღეს სამ აჩქარებას აკეთებ, ვთქვათ - 100 მეტრზე, ხვალ მეტი უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს და 8-10 აჩქარება გააკეთო. მერე - ჩვენ ხომ ფეხბურთელები ვართ და არა - მორბენლები? სირბილი ერთია და მეორე ის, რომ რაღაც უნდა მოიგონო, კაცი მოატყუო, არაორდინარული პასი მისცე...

ბევრი დიდი მწვრთნელისგან მსმენია და რაც ასაკში შევდივარ, მეც ვრწმუნდები, რომ თუ არ შეუძლია ფეხბურთელს კარგად თამაში, ის შემთხვევით კარგად ვერ ითამაშებს. ხომ გვაქვს გამონათებები? ესე იგი, სტაბილურად ასე თამაშიც შეგვიძლია.

მაგალითად, როგორც ირლანდიასთან ვითამაშეთ, ისე რომ გვეთამაშა, შედეგი დღეს სხვა იქნებოდა და ვინ იტყოდა, რომ თამაშის ხარისხი იყო ცუდი? ანუ, ისევ მივდივართ სტაბილურობასთან...

ვაისის შესახებ
- სიმართლე გითხრათ, ვაისის მუშაობას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაქცევ ყურადღებას და მომწონს, როცა ის წარმატებით წვრთნიდა სლოვაკეთის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ათამაშა და იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, პლეი ოფშიც გაიყვანა...

საქართველოს ნაკრებში მის ვარჯიშებსაც ვესწრები და უნდა გითხრათ, რომ მისი მუშაობა მომწონს. მას არ ჰყავს გუნდში ავტორიტეტები. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იცის ფეხბურთელებთან მიდგომა...

იმ გამონათებების მიხედვით, რაც წეღან ვახსენე, ვხვდები, რა უნდა ვაისს და საით მიჰყავს გუნდი. მეორე მხრივ, ერთია, რა მომწონს მე და მეორეა შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ შესარჩევ ციკლში შედეგი უნდა იყოს უკეთესი. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. დანარჩენი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს...

საუკეთესო და ცუდი მატჩები
- გამოვარჩევდი ირლანდიასთან თბილისურ მატჩს. ასევე კარგად ვითამაშეთ კარდიფში, უელსის წინააღმდეგ. კარგი იყო სერბეთთან საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი... დანარჩენი იყო ჩავარდნა.

ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში მეტი შეეძლო.

რთული მისია
- ერთა ლიგა ჩვენი შანსია, მაგრამ მისი ფორმატიდან გამომდინარე, არავის უნდა ეგონოს, რომ იოლი იქნება წარმატების მიღწევა. ფორმატი ისეთია, ბოლომდე დაგვჭირდება ჩვენი რესურსის მობილიზება. ისევ და ისევ სტაბილურობის პრობლემასთან მივდივართ, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

ჯერ არ ყოფილა წილისყრა, მაგრამ ჩვენს კალათაში რამდენიმე ისეთი ნაკრებია, რომელსაც სუსტ მეტოქეს ნამდვილად ვერ უწოდებ. გზაც დიდია საბოლოო გამარჯვებამდე.

ჯერ ჩვენი ჯგუფის მოგება იქნება საჭირო, მერე კი პლეი ოფში წარმატებით თამაში. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შანსის გამოყენებას და ევროპის პირველობაზე გასვლას...

რესურსი
- ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს. ძალიან დიდი იმედი მქონდა ახალგაზრდული ნაკრების. ამ თაობას მეც ვაკვირდები და მასზე ყველა დიდ იმედს ამყარებს.

ჩემთვის ძალიან მოულოდნელია ის შედეგი, რაც სამი მატჩის შემდეგ გვაქვს...

ვფიქრობ და ვერ მიპოვია მიზეზი. ერთადერთი, რაზეც ვჩერდები, ეს არის - ამ მართლაც ნიჭიერმა მოთამაშეებმა ნაადრევად ირწმუნეს, რომ უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან. მათ ჯერაც აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ და ღირებულებები გადააფასონ.

ქართულ ფეხბურთს მომავალი რომ აქვს, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. უბრალოდ, ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმისთვის რო გყავდეს ნაკრების 11 ფეხბურთელი, კარგი მოთამაშე უნდა გყავდეს დაახლოები 25-30. იმისთვის რო მიიღო ეს 25-30 უნდა გყავდეს საშუალო 100-150. იმისთვის რო აარჩიო საშუალო 150, წელიწადში უნდა მიიღო 500 კარგი 15-16 წლიანი. ეხლა შევხედოთ რა ხდება ბავშვებში - წადით და ნახეთ ბავშვთა მწვთნელები რა ხალხია, დედას აგინებენ ბავშვებს, "ასნავნოიში დაყენება" არი კორუფციისა და ნეპოტიზმის სავანე!.. ჩვენ რასაც ვხედავთ ნაკრების "სასტავს" არი სამი კატეგორიის ხალხი: 1. მაგარი ნიჭიერები - ბავშვთა მწვრთელი მიხვდა მის ნიჭს და თავის ფაორიტად გაიხადა (გაიზდება და მარჩენსო). 2. მაგარი პატრონიანი და საშუალო ნიჭიერები - სუ "ასნავნოიში" აყენებდენ და ისწავლა/გაითავისა 3. საშუალო ნიჭის- თავგადაკლული მშრომელები - გინებაც აიტანეს, სკამზე ჯდომაც, "ბანძ" გუნდში თამაშიც და მაინც მიაღწიეს თავისას.
თან ჩვენ ვხედავთ იმ ნაწილს დაახლოებით 20% რომელიც გადაურჩა ტრავმებს -ეგაა ცალკე თემა, მანდაა მწვთლების კვალიფიკაცია (შტერულად ავარჯიშებენ და ტრავმას იღებს ბავშვი), მანდაა სპორტული მედიცინა-"პატარა ტრავმაა დაიკიდე" და 1 წელში ბავშვი იკარგება. და ბევრი ბავშვი უბრალოდ თავმოყვარეობის გამო ანებებს თავს
ziz
01 ნოემბერი 2017 12:11
0
lado shenairebma unda avarjishos 10,12 tlis bavshvebi, anu kvelam tavisi sakme unda aketes am kvekanashi, shefasebashi kvela magrebi xart, sakmis ketebashi O.
qomagi
21 ოქტომბერი 2017 18:13
0
მოსაბეზრებელია ამდენი ანალიზი და ჭკუისსწავლება არაფრით გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელებისაგან,საქმეზე გადადით და რამე გააკეთეთ.სსფ-ს პრეზიდენტს საქმისთვის არ სცალია, პარლამენტშია და იქაც რას აკეთებს თვითონაც არ იცის....
status quo
21 ოქტომბერი 2017 15:43
0
ერთი და იგივე ყოველი შესარჩევის დასრულების შემდეგ, "ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ მაინც ჩავისვარეთ, შემდეგ შესარჩევში იმედი მაქვს აღარ ჩავისვრით" ამ უაზრო კომენტარებს ხომ ხედავთ რომ "ჩვენი ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100%რეალიზებას " ხო და ეგ ფული ჩადევით ბავშვთა ფეხბურთში,ბავშვებმა 13-14 წლამდე ივარჯიშონ უფასოდ და ძალიან მალე შედეგიც იქნება!! საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს რომ აფინანსებთ მილიონობით და ამ არ შემდგარ მწვრთნელ-ფეხბურთელებს პენსიას რომ უხდით ტყვილად ბავშვთა ფეხბურთი და იფრასტრუქტურა დააფინანსეთ !!!
Gio
21 ოქტომბერი 2017 14:06
0
და რა იცით რომ არ იდება ბავშვთა ფეხბურთში ფული,საბედნიეროდ არსებობს მაგარი ადამიანი,რომელიც სწორედ იმ 11-12 წლის ბავშვებს რომლებსაც ლადო წვრთნის, 100%-ით აფინანსებს, ბავშვებს აქვთ საუკეთესო სავარჯიშო პირობები, ჰყავთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები. ბავშვებს მხოლოდ ის ევალებათ,რომ არ იზარმაცონ, ბევრი იშრომონ და ხარისხიან ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ.საქართველოში ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი ადამიანები, როგორიც ბექა ბოლოთაშვილია და მჯერა რომ ქომაგები ქართული ფეხბურთით ისევ ვიამაყებთ!!!
გულშემატკივარი
21 ოქტომბერი 2017 23:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული