10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მალტის ნაკრები 1:0 დაამარცხა, თუმცა ნაკლებად წარმატებული მატჩი გამოვიდა.

ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა შემოგვთავაზა, რომელმაც საერთო ჯამში კითხვები დატოვა, მაგრამ ამავდროულად გამოჩნდა იმ ფეხბურთელების შესაძლებლობები, ვისზეც აქამდე კითხვები ისმებოდა.

როინ კვასხვაძე 7.5
- "ტორპედოს" მეკარეს პირველ ტაიმში საქმე არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით პასების მიცემასა და განაწილებას. მეორე ტაიმში კი ორჯერ გადაარჩინა საქართველოს ნაკრები, ჯერ კამილიერის დარტყმულზე გამოავლინა შესანიშნავი რეაქცია და შემდეგ ნვოკოს დარტყმულს დაუხვდა კარგად. საერთო ჯამში, როინს გუნდი არ დაუღალატებია და რომ არა მისი ელვისებრი რეაქცია, შეიძლება
შეხვედრა სულ სხვა ანგარიშითაც დასრულებულიყო.

ლევან გეგეჭკორი 5.5 - ლევანს ტრავმაგამოვლილობა და უთამაშებლობა, მალტასთან შეხვედრაშიც ეტყობოდა, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე მაღალი იყო. დაცვაში დიდი დატვირთვა არ ჰქონია. თუმცა, მისი მცდელობები შეტევების წამოწყების, ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მისმა ჩაწოდებებმა შედეგიც გამოიღო და ადრესატი კარგ სიტუაციაში დატოვა.

საბა კვირკველია 6.0 - საბა პირველი ტაიმის განმავლობაში ძალიან კარგი იყო დაცვაში, თუმცა მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეცდა, რაც მის სათამაშო კლასს ნამდვილად არ სჩვევია. იყო მომენტი, როცა ემოციურმა ფონმაც სძლია, რაც არ არის კარგი და კონფლიქტურ სიტუაციაში მეტი თავშეკავება მართებს.

გურამ კაშია 8.0 - საქართველოში ფეხბურთის "არაქომაგიც" გურამ კაშიას სამკლავურით იცნობს, მაგრამ არ იციან, თუ როგორ იყენებს მას "ვიტესის" კაპიტანი. გურამი მთელი შეხვედრის განმავლობაში გუნდს შეხვედრის მიმდინარეობას კარნახობდა. როცა ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მის ტაქტიკურ შეძახილებს თამაშში გარკვეული ცვლილებები შეჰქონდა. ამავდროულად იდეალური იყო დაცვაში და პენალტიც, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე აიღო, ისე დაარტყა, რომ კითხვებიც არ დაუტოვებია. ის ყოველთვის ამტკიცებს იმას, რომ ნამდვილი კაპიტანია!

ლაშა დვალი 5.5
- სათადარიგო შემადგენლობაში გვყავდა სამი მარცხენა მცველი: გიორგი ნავალოვსკი, ლევან ხარაბაძე და ლაშა შერგელაშვილი. თუმცა, მოულოდნელად ამ პოზიციაზე ლაშა ვიხილეთ, რომელმაც ფაქტია, ამ საქმეს თავი ვერ გაართვა. თუ დაცვა კარგად გამოსდიოდა, ფლანგის მცველს შეტევაც ევალება და ამ კომპონენტში დვალს თითქმის არაფერი გაუკეთებია.

გიორგი აბურჯანია 5.5 - პირველ ტაიმში აბურჯანიას საქმეს სხვები აკეთებდნენ, ნამდვილად არ იყო ეს ის გიორგი, ვისი თამაშიც გარკვეული პერიოდის წინ დიდი პერსპექტივის შესაძლებლობას ტოვებდა. მეორე ტაიმში, როცა კაცნაკლული დავრჩით და ვაკო გვილიამ მოედანი დატოვა, ორი კაცის საქმე დაევალა, თითქოს ოდნავ მოუმატა, თუმცა არც ეს იყო ბოლომდე სრულყოფილი.

ვაკო გვილია 5.0 - ვაკო გვილია პირველ ტაიმში იდეალური იყო, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ნაკრებს ჰყავს ამდენად პროდუქტიული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იდეალური პასები გააკეთოს, ნახევარდაცვაში ბურთს იჭერდეს და ამავდროულად შესანიშნავი იყოს მეტოქის შეტევების ჩაშლაშიც, მაგრამ ვაკოს მეტი მოეთხოვება, საბედნიეროდ ეს ოფიციალური შეხვედრა არ იყო და გადავრჩით, რომ არ დავისაჯეთ. მან მეორე ტაიმის დასაწყისში ოთხწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, როცა ის საუკეთესო იყო პირველ ტაიმში და ამას ოდნავ ძლიერი მეტოქე ნამდვილად არ გაპატიებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, ერთა ლიგაზე გაცილებით უხეში და ემოციური თამაში გველოდება, გვილიას როლი კი ნაკრებში იმდენად მაღალია, რომ მეტი სიდინჯე მართებს.

ოთარ კიტეიშვილი 8.5 - ამ შეხვედრის მთავარ პოზიტივად კიტეიშვილის თამაშს მივიჩნევდი, რომელმაც ნაკრებში თამაშზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და სამომავლოდ ალბათ, კითხვაც აღარ დაისმევა, უნდა იყოს თუ არა ნაკრებში. ის ყველგან იყო, იბრძოდა ბურთისთვის და მოიპოვებდა, მოძრაობდა ბევრს, ანაწილებდა პასებს, ქმნიდა შეტევებს, მასზე ტანმაღალ ფეხბურთელებთან თავით შესანიშნავად თამაშობდა და შეხვედრის ბოლოს ეფექტური დრიბლინგის შედეგად პენალტი მოინადირა, რომელმაც ამ შეხვედრაში გამარჯვება მოგვიპოვა. საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ნაკრებშიც საუკეთესო გახლდათ.

ვახტანგ ჭანტურიშვილი 5.5 - ჭანტურიშვილისგან გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, მისი ფლანგი შეხვედრის განმავლობაში ხშირად უბრალოდ "არ არსებოდა", ხოლო როცა ბურთს იღებდა, შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდა. ეს დიდწილად შეიძლება შეთამაშების პრობლემაც იყოს და მეორე მხვრივ ისიც, რომ მისი ფლანგის მცველი პასებით ვერ ამარაგებდა.

საბა ლობჟანიძე 5.5 - საბამ მისი ერთ-ერთი ნიჭი კვლავ გამოაჩინა - პოზიციის შერჩევა. თუმცა, შეტევის დაგვირგვინების ფაზაში მისი ქმედებები სრულყოფილი ნამდვილად არ ყოფილა. აგრეთვე მისგან უფრო მეტ გარღვევებს და ფლანგზე უფრო მეტად აგრესიულ თამაშს ველოდით, რადგან ეს მისი საფეხბურთო ნიჭის ნაწილია, მაგრამ პირველი ივნისი მისი დღე არ იყო.

ბუდუ ზივზივაძე 5.5 - როდესაც სანაკრებო განაცხადი გამოქვეყნდა, მაშინაც დავწერე, რომ ბუდუ არ იყო ის კანდიდატურა, რომელიც ამ ეტაპზე სანაკრებო განაცხადში მოხვედრას იმსახურებდა. ზივზივაძე, რომელიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ზივზივაძე რომელიც გუშინ ნაკრებში თამაშობდა - მათ შორის უსაზღვრო განსხვავებაა. თბილისის "დინამოს" შემტევს ჯერ იმ ფორმაში დაბრუნება მართებს და შემდეგ მას ნაკრების კარებს არავინ დაუკეტავს.

შეცვლები

დავით ხოჭოლავა 6.0 - (გეგეჭკორი 67') - "შახტარის" მცველს განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია, ერთ-ორჯერ მიეცა საქმე და კითხვის ნიშნის გარეშე განმუხტა სიტუაცია, თამაშის ბოლოს საყრდენ ნახევარმცველადაც ვიხილეთ.

გიორგი ბერიძე 5.5 - (ლობჟანიძე 67') - "ბორჯომამ" რამდენჯერმე სცადა შეტევის გამწვავება, თუმცა უშედეგოდ- ან მისი ხარვეზი იყო, ან მეტოქის მცველებს ვერ ჯობნიდა.

ნიკა კაჭარავა 6.5 - (ზივზივაძე 71') - კაჭარავას მოედანზე შესვლა შეხვედრას დაეტყო, რადგან თვითონ დაიწყო შეტევის შექმნაზე ფიქრი და ბურთს არ ელოდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრის ბოლოს კიტეიშვილზე გაკეთებული მისი პასი, რის შედეგადაც გუნდმა პენალტი მოიპოვა.

გიორგი ხარაიშვილი 5.5 - (ჭანტურიშვილი 71') - ფაქტია, ნაკრების ახალწვეულებისთვის კარგი სადებიუტო შეხვედრა არ გამოვიდა, მათ შორის გიორგისთვისაც და ამ ბიჭებს მეტი დრო სჭირდებათ გარკვეულ სანაკრებო კონდიციებამდე მისაღწევად.

გიორგი ნავალოვსკი - (აბურჯანია 77') - ნავალოვსკის განსაკუთრებული საქმე არაფერი ჰქონია და მისი მოედანზე ყოფნაც არ იყო შესამჩნევი.

ლაშა შერგელაშვილი - (კიტეიშვილი 92') - ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური ხასიათის გამოდგა, ერთ წუთში ძალიან ძნელია რაიმე გააკეთო.

ვლადიმირ ვაისი 7.0
- ფაქტია, ეს შეხვედრა სლოვაკმა სპეციალისტმა ვერ მოიგო, ეს უფრო ბოლო წუთებზე ინდივიდუალური შესაძლებლობების ხარჯზე მოხდა. თამაშიდანაც გამოჩნდა, რომ სასტარტო შემადგენლობა იდეალურად არ იყო შერჩეული და ცვლილებები ცოტა დაგვიანებულიც კი გამოდგა. დადებითი ის არის, რომ როცა 10-კაციანი შემადგენლობა დარჩა, ვაისმა დაცვითი ტიპის ფეხბურთლებით არ დატვირთა გუნდი და პირიქით, ცდილობდა თამაშის დასაწყისში შერჩეული ბალანსი არ დაერღვია, რამაც გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ნაკრებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე არ დაიწყო ფიქრი და ფსიქოლოგიურად შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება. 

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
შეკითხვა იყო - ვის თვლი საუკეთესოდო, გვილა ტო, რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა და შეცდომაც შესაბამისად ნაკლები ჰქონდაა
gela gloveli
13:04 06-06-2018
0
ფსიქოლოგიურად ნაკრები არ არის მზად და რა გახდა ნორმალური ფსიქოთერაპევტის ნაკრებში მოწვევა!? ახლგაზრდები კი გამოცადა ვაისმა,მაგრამ როცა სამი მარცხენა მცველი გყავს გუნდში და ამავე დროს გიჭირს საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დვალს რაღას აყენებ მარცხნივ (ნავალოვსკი, შერგელაშვილი და ხარაბაძე კი თადარიგში არიან)!? მალტას ნაირ გუნდებთან არ უნდა აიჭრას ნაკრები არავითარ შემთხვევაში! ეს არის ფსიგოლოგიური მოუმზადებლობა! ზივზივაძე,ჭანტურიშვილი, და ხარაიშვილი არ არიან ჯერ მზად ისე,რომ მთავარ ნაკრებში ითამაშონ! არაბიძე მაგათ ჯობია და არ იძახებეს!
დონარუმა
22:04 02-06-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული