10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან ფრე (1:1) ითამაშა.

სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მოგებათა სერიაც შევაჩერეთ და მშრალი სერიაც დასრულდა, ეს კი არაერთმა მიზეზმა განაპირობა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10 ბალიან შეფასებებს.

გიორგი ლორია - 4.0 - ერთი დარტყმა და ერთი გოლი, რამდენჯერაც არ უნდა უყურო ამ მომენტს, ეს ნამდვილად არ იყო აუღებელი ბურთი. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარეს უფრო რთულად ასაღები ბურთები გაუნეიტრალებია. თუმცა მარტო ესეც არ არის, მისი გადაცემები ხშირად არაზუსტი იყო და რამდენჯერმე გარისკა კიდეც. ფაქტია,
ლორიას სასწრაფოდ ესაჭიროება პრაქტიკა, სხვა შემთხვევაში რეგრესი სახეზეა.

ოთარ კაკაბაძე - 6.0 - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს ორივე გოლის შემთხვევაში წვლილი მიუძღვის, პირველ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძეს იდეალური გადაცემა გაუკეთა, მეორე შემთხვევაში მის ჯარიმას მოჰყვა გოლი. სხვა მხვრივ ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში და დაცვაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - "შახტარის" მცველს ბევრი საქმე არ ჰქონია, ცენტრალური დაცვა ძირითად შემთხვევაში უსაქმოდ გვყავდა. ერთადერთი ფაქტი რაც მას თანაგუნდელებისგან გამოარჩევს პასების სიზუსტეა, მან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 92.9% დააფიქსირა.

ჯიმი ტაბიძე - 5.5 - "უფას" მცველს დატვირთვა არ ჰქონია, არც მეტოქე აწუხებდა ხშირად და არც თვითონ აწუხებდა მათ.

გიორგი ნავალოვსკი - 5.5 - იმ ფონზე როდესაც ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არ იყო, ნავალოვსკი კაპიტნად მოგვევლინა. ფლანგიდან ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა ნაკლებად გამოსდიოდა და ხშირ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძის პასებით მომმარაგებელი იყო.

ვაკო გვილია - 4.5 - სამწუხაროდ გვილია იმ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს რაც გვახსოვს, ეს ისევ და ისევ პრაქტიკის არ ქონის ბრალია. ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში თავის ძველ კონდინციებს დაუბრუნდება.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 - იმ ფონზე როცა ორი საქმის გაკეთება სრულად მას უწევდა - შეტევების ჩაშლაც და პასებიც გაცემაც, ცოტა აირია და ორივეს თანაბრად ვერ ახერხებდა. თუმცა ის ერთა ლიგაზე კანკავასთან ერთად კარგ წყვილს ქმნიდა და კაპიტნის დაბრუნების შემდეგ, ალბათ თავის საქმეს უფრო კარგად შეასრულებს.

ოთარ კიტეიშვილი - 6.0 - პირველ ტაიმში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ხშირად ამწვავებდა შეტევებს და ამავდროულად  თანაგუნდელებს შეტევების ჩაშლაში ეხმარებოდა. თუმცა მეორე ტაიმში ის ისეთივე აღარ იყო, რასაც საბოლოოდ მისი შეცვლა მოჰყვა.

გიორგი ჩაკვეტაძე - 6.5 - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჩაკვეტაძე ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებსო და მართალია, თანაგუნდელებმაც უნდა აუბან მას მხარი, რათა თვითონაც უფრო უკეთესად წარმოჩინდეს და ისინიც. მან შეხვედრის დასაწყისშივე გოლი გაიტანა, ამავდროულად ცდილობდა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციებზე გაიყვანა. მცდელობა იმისა, რომ მეტოქის მცველებისთვის თავგზა აებნია, მეტოქის უხეში ქმედებებით სრულდებოდა, რაც ტრავმის რისკს ქმნიდა ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

ვაკო ყაზაიშვილი - 4.0 - 34 გაცემული პასი! მისი პოზიციისთვის უჩვეულოა, იყო თუ არა საერთოდ მოედანზე ესეც საკითხავია. მოედანზე არა ვაკო არამედ მისი აჩრდილი დარბოდა, იმედია თვითონაც აცნობიერებს იმას, რომ "სან ხოსესთან" კონტრაქტი აღარ უნდა გააგრძელოს და სასწრაფოდ ევროპაში დაბრუნდეს. ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ის ნომინალურად მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა, თუმცა იქ მისი ადგილი არ იყო და ცენტრში გადმოსულს აღარაფერი გამოსდიოდა.

ბაჩანა არაბული
- 4.5 - დაახლოებით ორი მომენტი მაინც ჰქონდა, როცა შეეძლო გაეტანა, თუმცა სათანადოდ ვერ იმოქმედა. "პუშკაშის" ფორვარდმა თავდამსხმელის პრობლემა ნამდვილად ვერ გადაჭრა. არც პოზიციონერებაში გამოირჩეოდა და არც საქმეში.

ცვლილებები

ვახტანგ ჭანტურიშვილი - დაახლოებით 13 წუთი იყო მოედანზე და მხოლოდ ორი ზუსტი პასი გააკეთა, მისთვის კი ეს დრო შანსი იყო რათა თავი უკეთესად წარმოეჩინა, მითუმეტეს იმ ფონზე რომ მეტოქის ფეხბურთელები ვარსკვლავებს ვერ წყვეტდნენ.

ნიკა კაჭარავა - "ანორთოსისის" ფორვარდისგან არც არაფერს განსაკუთრებულს ველოდით და არც არაფერი გაუკეთებია.

ლუკა ზარანდია - იმ ფონზე როცა ნაკრები ვერაფერს აკეთებდა, ზარანდიასნაირი ტექნიკური ფეხბურთელი გაცილებით ადრე უნდა გამოჩენილიყო მოედანზე, თუმცა ის მოედანზე 87-ე წუთზე ვიხილეთ.

ვლადიმირ ვაისი 4.0 - როდესაც ანდორასთან ფრეს თამაშობ, აქ მწვრთნელის ბრალეულობა დიდია. ფაქტია სლოვაკმა თავის კოლეგასთან სამწვრთნელო დუელი წააგო. იმ ფონზე, როცა ბოლომდე იდეალურად გვინდოდა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულება, ამდენი ცვლილება არ იყო საჭირო და გუნდის მოშლა. შეიძლება ცენტრალურ მცველებს საქმე არ ჰქონიათ, თუმცა მოედანს აკლდა ლიდერი და გურამ კაშია რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მოედანზე სათადარიგო სკამზე იყო. არც უპრაქტიკო ფეხბურთელების თამაშმა გაამართლა, არც მარჯვენა ფლანგზე ყაზაიშვილის გამწესებამ და ვერც ბაჩანა არაბულის ფორვარდობამ. საბოლოო ჯამში მეოთხე კალათაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მაკედონიაც ერთი ქულის ზღვარზე მოგვიახლოვდა.

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაისის ბრალეულობა სასტარტო შემადგენლობის არჩევაში რა თქმა უნდა არის, მაგრამ უფრო მეტი საყვედური მას შეცვლების კატასტროფულად დაგვიანებასა და ვერ გამოცნობაშია. მწვრთნელს უნდა შეეძლოს თამაშში გარდატეხის შეტანა. არათუ თუ გოლის გაშვების მერე, მანამდეც საჭირო იყო ზარანდიას შემოყვანა და ჩაკვეტაძესთან ერთად ეს ორი ტექნიკური და აქტიური ფლანგი ბევრ ხიფათს შეუქმნიდა მეტოქეს. ჩაკარგული ყაზაიშვილი ბოლომდე დატოვა რაც აუხსნელია. კაჭარავა? უკომენტაროდ! აი ესაა ვაისის პრობლემა. ზედმეტი სიჯიუტე ხშირად სიშტერის მიშანია.
ირაკლი
17 ნოემბერი 2018 11:24
0
მოკლედ ისე გამოვიდა რომ სხვა ჯგუფების პირველადგილოსნების იმედად ყოფნა აღარ გამოდის და ეს ერთი შეხედვით იქნებ უკეთესიცაა. ბელორუსს 11 ქულა აქვს და ბურთების სხვაობა +8, ბოლო ტურში სან მარინოს ხვდებიან სახლში და სავარაუდოდ კარგად ამოტენიან. ასე რომ აგროვებენ 14 ქულას და თუკი ჩვენ ვთამაშობთ ფრეს მაშინ გამოდის რომ გადაგვასწრებენ უკეთესი ბურთების სხვაობით (ჩვენ +9 გვაქვს და თუ ფრეს ვთამაშობთ ასევე დაგვრჩევა 14 ქულით), მაკედონიას 12 ქულა აქვს და ბოლო ტურში სახლში ხვდება გიბრალტარს და სავარაუდოდ ეგენიც ამოტენიან და აგროვებენ 15 ქულას. გამოდის ყაზახებთან ფრე წაგების ტოლფასია. აი ასე იყრება წყალში ასეთი ძალისხმევით მოპოვებული უპირატესობა. ყაზახები არაფრით არ არიან ჩვენზე სუსტი ნაკრები და შანსები 50/50-ზე იქნება. არადა ნახევარფინალის თბილისში მიღება ჩვენი ფინალში გასვლის შანსებს ბევრად გაზრდიდა. საქართველოს ნაკრები შინ და გარეთ ორი სხვადასხვა გუნდია. ჩვენი გუნდის მაინც მჯერა, მაგრამ თუ რაიმე ისე არ წავიდა როგორც ჩვენ გვინდა, ვაისი თამაშის შემომტრიალებელი არაა. სამწუხაროდ ესაა რეალობა.
ირაკლი
17 ნოემბერი 2018 21:31
0
აბსოლუტური სიმართლეა!სამწუხაროდ ტრავმები თავს არ გვანებებს!არადა ყაზახებთან მხოლოდ მოგება გვაწყობს,წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ნახევარფინალის გასვლაზე თამაში,რაც ჩვენს შანსებს ამცირებს!იმედია ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდება!
Alex.F.
17 ნოემბერი 2018 22:40
0
გადამრევს ეგ ვაისი მოკლედ მათი კლუბები რომლებიც სამ დღეში ერთხელ თამაშობენ ისინი არ ათამაშებენ და ამას წელიწადში 6 თამაში აქვს და ეგ ათამაშებს რა თან ლორიას საერთოდ უკლუბოს ათამაშებს რომელსაც ერთი წელია არ უთამაშია . ვაისი უნდა წავიდეს წავიდეეეეს
ტოტტი
17 ნოემბერი 2018 11:04
8
კიდევ ერთხელ ვამბობ-ვაისი ტამაშს ვერ გრძნობს,რომ დროული და საჭირო შეცვლები გააკეთოს.მე ვხვდები,რომ გოლის მერე სასწრაფოდ უნდა შეეცვალა ყაზაიშვლი,არაბული,გვილია და მის მაგივრად ზარანდია,აბურჯანია,ხარაიშვილი შეეყვანა.ეს ფედერაციაც რომელიც ყველგან ყოფს ცხვირს აქ ჩაყოს გრძელი ცხვირი...ან ქვეყანას რას ერჩიან,ან ქართულ ფეხბურთს, ან კიდევ ჩვენ...
პეტროსი
17 ნოემბერი 2018 22:56
2
მე იმ ხალხის აზრის ვარ ვინც ვაისს ვენდობით მარა ეს შეცვლების დაგვიანება რა წესი აქვს ამ კაცს არ მესმის რა.ზარანდია დარწმუნებული ვარ რომ მაგრად მოერგება ამ ფორმაციის ნაკრებს და ხომ შეილება რომ მეტი დრო დაუთმოს?რაა ბევრი გვყავს მაგისთანა პრაქტიკის მქონე შემტევი?
გულშემატკივარი
17 ნოემბერი 2018 13:39
1
ძალან ჭკვიანი ფეხბურთელია კაკაბაძე, ჩაკვეტასთან ერთად მასაც კარგ შეფასებას მივცემდი. კანკავას მოედანზე ყოფნა ამ თამაშს ჰანდიკაპით მოიგებდა!!! წარმატებები ბიჭებს. ადმინ ნუ მიბლოკავ
ოპტიმისტი
17 ნოემბერი 2018 17:15
0
თუკი ექსპერიმენტების თამაში იყო, ჩემი აზრით ბოლომდე წასულიყო ექსპერიმენტზე, კარში ჩაეყენებინა კვასხვაძე,უთამაშებელი გვილიას ნაცვლად აბურჯანია ყოფილიყო და ნუ პირველი უსახური ტაიმის მეტე გაეყვანა ყაზაიშვილი. არც არავინ დაძრახავდა ასეთ შედეგს. ეხლა კი ყაზახეთთან ექსპერიმენტწბის დრო აღარაა, წაფორხილება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, სხვა ჯგუფებში მეტი ქულა დააგროვობ პირველადგილოსნებმა და პლეიოფის ნახევარფინალის მასპინძლობა გაგვიფრინდეს ხელიდან. იმედია ბიჭები აცნობიერებენ ამას და ყაზახეთს სრული სვლით და თავდადებით ეთამაშებიან გამარჯვებისთვის.
QT
17 ნოემბერი 2018 21:00
1
პირველ ქულებს, რომ დაკარგავ ანდორასთან და პირველ გოლსაც გაგიტანს, ამის მიუხედავად დარჩენილ საკმაო დროში ვერ მოიგებ თამაშს... ფედერაცია სად იყურება? რატომ არ მიუთითებს, რომ შეცვლა გააკეთოს თავის დროზე? გამოყავს კაჭარავა...ხოლო ვისაც თამაშის გამწვავება შეუძლია ზარანდია გამოყავს 87-ე წუთზე!
s.s.
17 ნოემბერი 2018 17:02
2
ვაისისთვის ქულა არ უნდა დაგეწერათ საერთოდ, ან -4. ჯერ არაბიძესთან იგი არაა მართალი, რადგან მისთვის შანსი კარგა ხნის წინ უნდა მიეცა და ახლა იგი ნორმალურ გუნდში იქნებოდა. ბენფიკასთან საოცარი იყო, გუშინაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თავისუფლად შეიძლება მისი კაზახეთთან დაყენება, აქ არაა? კიტეიშვილი არაა ცუდი ბიჭი, რაც შეეძლო ითამაშა, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ კარგი ზამენაა, ძირითადის არა და ეს ვაისს ამდენხანს უნდა შეეტყო, ასევეა არაბული, რომელიც ადრეც ყავდა გამოძახებული. კაჭარავა საერთოდ არაა გამოსაძახებელი. ვაკო არაა ფორმაში და ეგ საერთოდ ხასიათის ფეხბურთელია, თუ უნდა თამაშობს. ჭანტურიშვილიც არაა ჯერჯერობით ძირითადის იგროკი, თუმცა სტაბილურია და უკვე მეხუთედაა გამოძახებული. ზარანდია კი თავიდანვე უნდა ეთამაშებინა, ასევე ხარაიშვილიც. დანარჩენი, შემტევებზე და თავდასხმაზეა საუბარი, ლაზარეთშია და ისეთი მძიმე ტრავმები აქვთ, თან მრავალჯერადი, რომ მინიმუმ იდიოტი უნდა იყო, რომ ეგენი გუნდის ბირთვად მოიაზრო საგაზაფხულოდ გადამწყვეტი თამაშებისთვის. Gმერთმა ხელი მოუმართოთ, მარა სათუოა მათი დიდი ფეხბურთი, რაც გულსაწყვეტია. საყრდენებს რაც შეეხება, გვილიას რეგრესი სახეზეა, რაც ახალი არაა, იგივეს ვიტყვი კვეკვეზე. კანკავა გმირია, მაგრამ დაბერდა და იქნება კი მზად საგაზაფხულოდ? მეეჭვება, რობოტი ხომ არაა ბოლობოლო. აბურჯანია მართალია ას პროცენტიანი დრო არ აქვს, მაგრამ სჯობდა მას ეთამაშა და მისი გაზაფხულზეც მეიმედება. ლორია დირკა იყო და დარჩა. ძალიან ჰგავს ლორიას კვერკველია, მხოლდ კვერკვეს ბორში და პელმენი უყვარს, ხინკალი არა. ამ ყველაფრის პარალელურად ევროპაში თამაშობენ ბიჭები:პოტუგალიაში- ებრალიძე, რომელიც მეორე წელიწადია სტაბილურია, კარგი ფლანგელია, საყრდენადაც შეიძლება და უნივერსალია თითქმის, რაც ძალიან ფასეულია. ხომ უნდა მისცემოდა შანსი? ყველაზე მეტად ის იმსახურებს, თან დღევანდელ სიტუაციაში, იგივეს ვიტყვი პარუნაშვილზე, რომლის მხებზედაცაა ესბერგის საყრდენი ზონა და წარმატებითაც ასრულებს მის მოვალეობას, გუნდი კი მოწინავე პოზიციებზეა. ლობჯანიძის დამსახურებაა, რომ მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს, სრული სათამაშო დრო ეძლევა და კარგი იქნებოდა მისი ცენტრფორვარდად გამოყენება, დღეის მდგომარეობით იგი საუკეთესოა, ამავე პოზიციაზე ფორმა აკრიბა სხირტლაძემაც, რომელიც შარშანაც კარგი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, მოწინავე პოზიციებზეა უიპეშტი, თან თამაშით ნაკლები აქვს, ხოლო პუშკაში ფსკერზეა , სადაც არაბულია. ლოგიკური კითხვაა, არაბულს იძახებ, ბერიძეს არა, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს. სადაა აქ ლოგიკა? რატომ არ თუ ვერ ხერხდება მახარაძის ჩამოყვანა? კვასხვაძე მაინც ათამაშონ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. დასკვნა არაა სასიამოვნო, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი, ეს გათამაშება ნაკრებს არაფერშიც არ წაადგა, რადგან ვაისმა კი გაწია სამუშაო და შემოიყვანა ახალი ხალხი, მაგრამ პირველ რიგში ვინც უნდა ენახა და დაეყენებია, ისინი კარს მიღმა დატოვა და კარი გაუღო მათ, ვინც ამას მათზე ნაკლებად იმსახურებდნენ. რა არის ეს? გამოდის რომ არ უვარგა ვაისს ხედვა. ამ გათამაშებაში უნდა მომხდარიყო ნაკრების ბირთვის შექმნა, ტაქტიკის შემუშავება, სტანდარტულების მომზადება, ცვლილებებით თამაშში გარდატეხვის შეტანა. ჯარიმის დამრტყმელი არაა გუნდში და არაბიძე გაწირეს. რომელი ერთი აქვს ვაისს? არცერთი, თუ გვიმალავს არ ვიცი. თუ ჩასულა სადმე თამაშის სანახავად? არა. ერთი გადაცემა რა გახდა, სადაც ამ შეკითხვებს დავსვამთ? ეს ბიჭები კიდევაც რომ შევიყვანოთ გაზაფხულზე, მოესწრება კი მათი შეთამაშება? არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ამ გუნდით მოვუგებთ თუ არა კაზახებს. კაკაბაძის პოზიციაზეც არავინ გვინახია, რომ რამე მოუვიდეს ბიჭს. აი, ამის გათვალისწინებით დაიმსახურა ვაისმა -4 და არა 4.2 წელი საკმარისია, რომ გუნდი შექმნა. ამ ჯგუფიდან მეც გავიყვანდი გუნდს და საერთოდ შეცდომა იყო დ ჯგუფი, როცა ც-ს შანსი გვქონდა. ძალიან გთხოვთ ეს მაინც გამომიქვეყნეთ და ნუ ჩამიყრით ამდენ ნაფიქრალს წყალში, ძლივს მოვაბი თავი. ნუ იმედი მაინც ბოლოს კვდება. კრიტიკა აუცილებელია, რომ იგრძნოს ვაისმა, რა თქმა უნდა კოირექთული და ამ სტანდარტს არ გავცილებივარ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. გთხოვთ ნუ გამაწბილებთ, წარმატებები.
ლევანი
17 ნოემბერი 2018 16:55
2
არც ვაისი და არც ლორია საშუალო დონისაც არ არიან, გინდა იგებდნენ და გინდა აგებდნენ ორივე ჩანს რომ უდონოები არიან, ლორია კიდევ ახლა კი არა არასდროს ყოფილა კარგი მეკარე, ერთი ესპანეთთან ითამაშა მაღალ დონეზე და იმის მერე შერჩა კაი მეკარის სახელი, თორე რაც მაგას ასაღები ბურთები გაუშვია... ყველას გვეშინია მაგას რომ ურტყავენ, დამეთანხმება გულშემატკივარი. ისე კრილიას დონეც კი არ იყო, ანჟისაც..., ვაისი კიდევ იღბალაა მწვრთნელი რომ ქვია.
a
17 ნოემბერი 2018 15:28
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული