10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება შვეიცარიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 23 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიასთან მატჩით დაიწყო.

ჩვენმა გუნდმა სტუმრები "დინამო არენაზე" მიიღო და 2017 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში პირველად დამარცხდა (0:2).

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.

გიორგი ლორია - 6 - ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, ნორმალური მატჩი ჩაატარა. რამდენიმე მომენტში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა: მატჩის დებიუტშივე რიკარდო როდრიგესს მახვილი კუთხიდან რთული დარტყმა აუღო, ბრილ ემბოლოს დარტყმისას კი ბურთი საბა კვირკველიას მოხვ
და და საქართველოს ნაკრების კარის ცხრიანისკენ წავიდა, თუმცა ლორიამ გადაწყობა მოახერხა და ბურთს მისწვდა. მეორე გოლისას კარგი ბურთი აუღო მოწინააღმდეგეს, თუმცა დამატებაზე ვერაფერს გახდა და ეს მისი ბრალი არც ყოფილა.

თუმცა, შეეძლო პირველი გოლის არგაშვება, ცუბერს აუღებელი ნამდვილად არ დაურტყამს. შეცდომა დაუშვა გოლის გაშვებიდან მალევე, როდესაც სტანდარტული მდგომარეობის დროს კარიდან გამოვიდა და ხელში დაჭერილი ბურთი გაუვარდა. თუმცა მეტოქემ ლორიას შეცდომით ვერ ისარგებლა.

ოთარ კაკაბაძე - 5.5 - დიდხნიანი უთამაშებლობის შემდეგ ოთარ კაკაბაძე დიდ ფეხბურთს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში დაუბრუნდა. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებას, რაც ხშირად გამოსდიოდა კიდეც, თუმცა ხანდახან ამით ისე ერთობოდა, რომ ბოლოს ან ბურთს კარგავდა, ან არასწორ გადაცემას აკეთებდა.

შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. მეორე გოლის დროს ორ მეტოქეს შორის იდგა, თუმცა რეალურად ვერცერთს უშლიდა ხელს.

ამის მიუხედავად, ქართველებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მოედანზე.

გურამ კაშია - 5.0 - პირველ ტაიმში მასაც, როგორც მთელ გუნდს, ნორმალური მატჩი ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც შვეიცარიის მთავარმა მწვრთნელმა ბრინ ემბოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაიყვანა, გურამ კაშიას სწრაფი და ახალგაზრდა მოთამაშის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდა და რამდენჯერმე მეტოქე მეკარესთან ერთი-ერთზეც დატოვა.

ჯიმი ტაბიძის გასვლის შემდეგ კაშიამ მარცხენა მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რაც გასაკვირი არ არის.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - მეორე გოლის დროს, კაკაბაძის მსგავსად, ორ მეტოქეს შორის იდგა, თუმცა ვერცერთს უშლიდა ხელს. ის და საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი სამი შვეიცარიელის წინააღმდეგ თამაშობდნენ.

სხვა განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, თუმცა არც არაფრით ყოფილა გამორჩეული.

ჯიმი ტაბიძე - 5.5 - ჯიმი ტაბიძემ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, ის არსებული პრობლემების ფონზე დაცვის მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. ვლადიმირ ვაისმა ადგილი არც გიორგი ნავალოვსკის ანდო, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა და არც ახალგაზრდა ლევან ხარაბაძეს, რომელიც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას არც ისე ძლიერია.

მთლიანობაში ტაბიძემ მოედანზე 60 წუთი გაატარა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მას გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის, იბრძოლა ბოლომდე და მოედანი გატეხილი თავით დატოვა, რის გამოც ირლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ჯაბა კანკავა - 5.5 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჩვეულად აქტიური იყო, ხშირად აკეთებდა ცრუ მოძრაობებს საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს, თამაშობდა მეტწილად უშეცდომოდ, თუმცა რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა.

ხშირად იწევდა წინ და გიორგი ქვილითაიასთან ერთად პრესინგის მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.

ნიკა კვეკვესკირი - 5.0 - ნიკა კვეკვესკირი ერთა ლიგის მატჩებში კარგად იწყებდა საკუთარი გუნდის შეტევებს, თუმცა შვეიცარიასთან მატჩში თავი ვერ გამოიჩინა. ცენტრში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ მისი ბრალი არ ყოფილა.

ჯანო ანანიძე - 5.0 - გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში ნაკრების 10-იანის და ლიდერის როლი ანანიძეს უნდა ეტვირთა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანო ჯერჯერობით შესაბამის ფორმაში არ არის. სუსტი მატჩი ჰქონდა, თუმცა სტანდარტული მდგომარეობიდან რამდენჯერმე გაამწვავა თამაში.

ჯანოს პოზიცია უფრო შემტევი ნახევარმცველია, ვიდრე ფლანგის მოთამაშე და მის თამაშს დაღი არასწორად შერჩეულმა პოზიციამაც დაასვა.

ვაკო ყაზაიშვილი - 4.5 - შვეიცარიასთან მატჩის ყველაზე სუსტი წერტილი. რაც ვაკო MLS-ში თამაშობს, ნაკრებში ყოველთვის ზედმეტი წონით ჩამოდის. ძალიან ნელია და რაც უნდა სწრაფ კონტრიერიშზე გადადიოდეს, მეტოქის მცველები მარტივად ეწევიან.

ქართველების ყველაზე რეალური შანსი სწორედ ყაზაიშვილს ჰქონდა, თუმცა უნიათოდ დაარტყა და მეკარესთან ლამის პირისპირ გასულმა ბურთი სომერის ხელებისკენ გაუშვა.

ვაკო გვილია - 5.5 - ვაკო გვილია მოედნის მოთამაშეებს შორის, ალბათ, საუკეთესო იყო. ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებდა და შეტევაზე იყო ორიენტირებული. შანსი, რომელიც ყაზაიშვილს შეექმნა, სწორედ გვილიას აქტიურობასა და გადაცემას მოჰყვა და ვინ იცის, ის გოლი რომ გასულიყო, თამაში რა სცენარით წარიმართებოდა.

მეორე ტაიმში, როცა უპირატესობა მთლიანად სტუმრების მხარეს გადავიდა, ვაკო გვილიამ შორიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა - ეს ქართველების ყველაზე სახიფათო მომენტი იყო მეორე ნახევარში.

გიორგი ქვილითაია - 5.0 - გიორგი ქვილითაის მომენტები არ ჰქონია, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის. თანაგუნდელებმა ის გადაცემებით ვერ უზრუნველყვეს. ყველაზე რეალური მომენტი "გენტის" თავდამსხმელს მეორე ტაიმში ჰქონდა, როდესაც ჯანო ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარისკენ თავით გადაგზავნა, თუმცა დარტყმული მცველმა მოიგერია და თან წესების დარღვევა დაფიქსირდა.

ცვლილებები
საბა კვირკველია - 5.0 - გასაკვირი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ. როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, "ლოკომოტივის" მცველმა თავად იცის, რატომ ვერ მიიღო ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

საბას კარგი მატჩი არ ჰქონია. ჯერ ემბოლოს დარტყმულ ბურთს გადაეფარა, რომელიც დიდი ალბათობით, კარს სცდებოდა, თუმცა რიკოშეტის შემდეგ ლორიას კარის ცხრიანისკენ წავიდა და ქართველთა მეკარემ ლამაზ ნახტომში მოიგერია ბურთი.

მეორე გოლის დროს კი საბა უჩვეულო პოზიციაში იდგა, წინ აიწია,  საკუთარი ასაყვანი მოთამაშე მარტო დატოვა და შვეიცარიელებმა, ლორიას კარგი სეივის მიუხედავად, რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს.

საბა ლობჟანიძე - საბა ლობჟანიძემ მოედანზე 15 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მისთვის უჩვეულო, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ითამაშა. განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია.

ნიკა კაჭარავა - არც დრო ჰქონია რაიმეს გასაკეთებლად და არც მომენტი შეუქმნია. მისი მთავარი პლუსი სიმაღლეა და წესით, თავით თამაშში უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებული უნდა გამოდიოდეს, თუმცა შვეიცარიასთან მატჩში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, როცა თავით უნდა ეთამაშა და ბურთთან შეხებაც გაუჭირდა.

ვლადიმირ ვაისი - 4.5 - მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა ჟურნალისტებს ასეთი რამ უთხრა - "შვეიცარიის წინააღმდეგ შემტევი ფეხბურთის თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, ხომ ხედავთ, რა კლუბებში თამაშობენ მათი მოთამაშეები?".

ცხადია, შვეიცარიელი მოთამაშეები ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებსა და კლუბებში თამაშობენ, თუმცა ასეთია ჩვენს ჯგუფში მყოფი სხვა ნაკრებების ფეხბურთელების მდგომარეობაც.

ვლადიმირ ვაისს განაცხადში არ შეჰყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორებიც არიან ლუკა ზარანდია ან გიორგი არაბიძე (ამ უკანასკნელმა წინა დღეს სლოვენიის 21-წლამდელთა ნაკრებს დუბლი შეუსრულა და მოედანზე საუკეთესო იყო), შვეიცარიის დარ ნაკრებთან კი სწორედ ინდივიდუალური კარგი თამაშის ფონზეა შესაძლებელი წარმატების მიღწევა.

როგორც ყოველთვის, აგვიანებს ცვლილებებს და იმ რესურსის გამოყენებასაც არ ცდილობს, რაც გააჩნია. ნიკა კაჭარავა, შესაძლოა, არ არის ცუდი თავდამსხმელი, მაგრამ გამოჩნდა, რომ მან შვეიცარიაზე იოლ მეტოქეებთან ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და მისი შემოყვანა მატჩის ბოლო წუთებზე ლოგიკას მოკლებული იყო.

გამოუცნობია, რატომ არ მიეცა შანსი ვატო არველაძეს, რომელიც იმავე ქვილითაიასა და კაჭარავასგან განსხვავებით, მოძრავი და სწრაფი ფორვარდია, არ არის მძიმე და ბევრი პლუსი აქვს.

26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დააანონსა, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობაში მინიმუმ 2-3 ცვლილებას აუცილებლად ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში კაჭარავაზე უკეთესი ფეხბურთელი არ თამაშობს. ეჭვი მაქვს რომ ვაისი ეროვნული ლიგის თამაშებს საერთოდ არ ნახულობს. ჰო, კიდევ, ჩაკვეტაძის არყოფნაში კიტეიშვილი რატომ არ გამოიძახა, ამასაც ტრავმა აქვს?
ნიკუშა
13:26 26-03-2019
0
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ნაკრები არაა.ეგ არის თავის თავზე დიდი წარმოდგენის,გაზულუქებული, ბევრი ფულით თავში ავარდნილი ლაწირაკების ბანდა.არც ღირსება აქვთ და არც თავმოყვარეობა. და ნერვებისმომშლელია ძალიან მათი თიკუნებით მოხსენიება.ოქრი,მერება,ქვილო,კაში,კვირკვე.მე ვიცი მათ როგორ უნდა და რა სიტყვები ეკუთვნით,მაგრამ საიტს და მკითხველს ვცემ პატივს. ვინმეს გახსოვთ ჩვენი ლეგენდებისათვის ყიფო,მეტრე,გუცა,შენგე,ჩივა,დარასა დაეძახოთ? აი ვინ იყვნენ ნამდვილი ფეხბურთელები და საქართველოს პატრიოტები,რომელთათვისაც ფული მეასეხარისხოვანი იყო და გულით თამაშობდნენ ქვეყნისათვის და ხალხისათვის.აი ვინ ებრძოდა რუს ოკუპანტებს მინდორზე საქმით და არა ცარიელი სიტყვების ბრახა-ბრუხით.
ზაზა
10:50 26-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული