საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირებდა - ამის შესახებ "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში იმყოფება. ამის გამო გუნდს ორმატჩიანი თავისუფალი ფანჯარა აქვს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდებოდნენ, მეორე მეტოქე კი ჩილეს ნაკრები იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება შეხვედრა, თუმცა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, მატჩი ჩილეში არ ჩატარდება.