5 ფაქტორი, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა - ვინ უნდა გაიტანოს გოლი, თუ მარტში ჩაკვეტაძე არ იქნება?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ოქტომბერში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.

ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თბილისში ირლანდიას უმასპინძლეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო სტუმრად გიბრალტარის ნაკრებთან გავიმარჯვეთ - 3:2.

პრობლემები, რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრაში იყო, მაგრამ, გამარჯვების მიუხედავად,  ხარვეზები უფრო მეტად სტუმრად ჩატარებულ მატჩში ჩანდა.

შევეცდებით, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ 5 ფაქტორზე, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა.

მომენტების რეალიზაციის პრობლემა

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან მატჩში მოედანზე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მატჩის შედეგზე ეს არ აისახა. თუ ადრე ვამბობდით, კარგად
ვითამაშეთ და წავაგეთო, ამჯერად ვამბობთ - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარში ვერ დავარტყით". პროგრესი არის, თუმცა სასურველიდან მაინც შორს ვართ.

შეტევაში მყოფი ფეხბურთელების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ კარში ვერ დავარტყით. გიორგი ქვილითაია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი - ამ ფეხბურთელებიდან  ნაწილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მეორე ნაწილი არასასურველ ფორმაშია და ბოლო პერიოდში მათ მიერ გატანილი გოლები თითზე ჩამოსათვლელი გახლავთ.

იმის მიუხედავად, რომ ამ ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ნიჭი აქვთ, მეტი შანსი იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ, რომლებიც უკეთეს ფორმაში არიან და ნაკრებში თავიანთი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვთ.

გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან გოლი გაიტანა, ლევან შენგელიამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ უკანასკნელმა დიდი განაცხადი გააკეთა მარჯვენა გარემარბის პოზიციის დასაკავებლად. ერთადერთი მინუსი, რაც შენგელიას მოედანზე ყოფნისას ჰქონდა, ეს კუთხურების ცუდი შესრულება იყო. როგორც ირლანდიასთან, ისე გიბრალტართან, კუთხურებს უხეიროდ აწვდიდა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კარში დარტყმისა და გოლის გატანის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია - გიორგი ჩაკვეტაძე. მაგრამ თუ ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში გიორგი ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, ვინ უნდა დაარტყას მეტოქის კარებში ზუსტად და გაიტანოს გოლი? ნოემბრის შეკრებისას ამ პრობლემაზე ყურადღება კიდევ ერთხელ უნდა გამახვილდეს.

ცენტრალური თავდამსხმელის საკითხი

"გენტის" გაფართოებულ შემადგენლობაში ექვსი თავდამსხმელი ხვდება, კლუბის მთავარი მწვრთნელი ხუთს სამატჩო განაცხადში სვამს და ამ ხუთეულში ქვილითაია ხან არის, ხან არა. ამ გადმოსახედიდან, ნაკლებად სავარაუდოა, გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს. საუკეთესო ვარიანტი ნაკრებისთვის ზამთარში მისი სხვა კლუბში განათხოვრება იქნება.

ელგუჯა ლობჯანიძე კარგად ჩაერთო ირლანდიასთან მატჩში, თუმცა გიბრალტართან შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ელგუჯა, პერსპექტივაში, უფრო სათადარიგო ფეხბურთელად უნდა მოვიაზროთ.

ლევან მჭედლიძემ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ ეს ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არ იქნება. საიდუმლო არაა, რომ ვაისი ეროვნულ ლიგას არ სწყალობს.

მჭედლიძემ უნდა აჩვენოს, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსია და ამას მხოლოდ ბევრი გატანილი გოლით მოახერხებს. მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა არის თუ არა ნაკრებისთვის სათანადო ფორმაში, ეს მომავალმა მატჩებმა უნდა გვაჩვენოს.

გვაქვს ბუდუ ზივზივაძის, ბაჩანა არაბულის, ნიკა კაჭარავას, დავით სხირტლაძის და ბექა მიქელთაძის ვარიანტებიც.

ჩამოთვლილი რვა ფეხბურთელიდან დღევანდელი სათამაშო ფორმით ვერცერთი ვერ გადაჭრის ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემას. მარტისთვის მათ საკუთარ თავს უნდა აჯობონ, ამ პერიოდისთვის კარგ ფორმაში მყოფ ფორვარდს ჩვენს ნაკრებში ოქროს ფასი ექნება.

პრობლემა დაცვის მარცხენა ფლანგზე

ირლანდიასთან მატჩში ჯიმი ტაბიძემ დაცვაში თითქმის იდეალურად ითამაშა. თუმცა დღევანდელ ფეხბურთში ფლანგის მცველები მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებით არ შემოიფარგლებიან. მიუხედავად იმისა, ეფექტიანად გამოსდის თუ არა, ოთარ კაკაბაძე მუდმივად შეტევებში ერთვება. ანალოგიური მოქმედებაა საჭირო მარცხენა ფლანგზეც, მარცხენა მცველმაც უნდა გაამწვავოს შეტევა და ბევრი ირბინოს.

სამწუხაროდ, გიორგი ნავალოვსკი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე. ვლადიმირ ვაისმა "ნავალას" ნაკრებში მანამ არ უხმო, სანამ კრიტიკული ვითარება არ დადგა და ხარაბაძემ ტრავმა არ მიიღო. გიორგის გიბრალტართანაც ჰქონდა შეცდომები, პირველი გოლის მომენტში პოზიცია სწორედ მან დაკარგა.

პერსპექტივაში გვყავს ლევან ხარაბაძე და ლუკა ლაკვეხელიანი. ლევანის პლუსი შეტევაში თამაში არის, თუმცა დაცვაში ნაკლებად სიამედოა. ხარაბაძე ჯერ 19 წლის არის და აქვს დრო ამ კომპონენტის დასახვეწად. თან, "ციურიხში" თამაში პროგრესის შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება ლუკას, ის ეროვნული ნაკრებისთვის ჯერ მზად არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთ ალტერნატივად განხილვა შეგვიძლია.

კონცენტრაციის ნაკლებობა

თუ ირლანდიამ და დანიამ გოლი ვერ გაგვიტანეს, გიბრალტარის ნაკრებმა ერთშაბად ორჯერ აიღო ჩვენი კარი და მეტის გატანის შანსიც ჰქონდა. ეს არათუ კონკრეტული ფეხბურთელების, არამედ მთლიანი გუნდის ბრალი იყო. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მეტოქის აბუჩად აგდების გამო მნიშვნელოვან მომენტებში კონცენტრაცია დაკარგეს და არნახული სისულელეები ჩაიდინეს.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც იმავე პრობლემაზე ისაუბრა: "გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი რამ დაგვემართა. შორს არ წავიდეთ და, ერთა ლიგაზე ანდორასთან გასვლაზე გამართული შეხვედრა გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრებს შეეძლო ერთა ლიგა ექვსი გამარჯვებით დაესრულებინა, თუმცა შეხვედრა, რომელსაც ვიგებდით, საბოლოოდ ფრედ დავასრულეთ. არადა, ანდორაში მოსაგებად ყველაფერი გვქონდა. სხვა დეტალებს რომ თავი დავანებოთ, მოედანზე ჩვენი იმედი - გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

ხშირად ვერ ვიგებთ მსგავს მატჩებს და კარგი იქნება, თუ მწვრთნელი ამ კუთხით ნაკრების ფეხბურთელებთან იმუშავებს და მოთამაშეებს შეხვედრის წინ სათანადოდ განაწყობს.

ოთარ კიტეიშვილი

კიტეიშვილის სათამაშო დონისა და ხარისხის გათვალისწინებით, დასანანია, რომ ისევ "შტურმში" თამაშობს. მას პროგრესისთვის უფრო ძლიერი ასპარეზი სჭირდება, ვიდრე ავსტრიის ჩემპიონატი და ეს კონკრეტული კლუბია.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიასთან მატჩში "კიტე" ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავდროულად, გვახსოვს, თუ რამდენად კარგად ითამაშა დანიის ნაკრების წინააღმდეგ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ოთარი ეროვნული ნაკრების ღერძად ყალიბდება და ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად კიტეიშვილთვის კარიერის უფრო ძლიერ კლუბში გაგრძელებაა საჭირო.

altვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

altსაქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
budu zivzivadze gamoizaxos vaisma, an gamoazaxebion, ara mgonia vaisi titon igebdes gadackvetilebebs, saxeze aceria ra kacicaa, da sxvisi am chemtxvevachi pederaciis gavlenis kvechaa, da pederacias unda mivmartot ro zivzivadze gamoizaxos, magar pormachia da golebsac itans.ara mgonia sxvaze naklebad tu metad ara gaitanos da gaitans kidevac, budu ertaderti nateli certilia nakrebis tavdasxmachi.
KUTAISELI
30 ოქტომბერი 2019 16:57
0
ეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები რეალურად ერთი კაცის გუნდია და ჩაკვეტაძის გარეშე გოლი კი არა, საგოლე გადაცემაც არ კეთდება, მაგრამ მოწინააღმდეგეს ნუ შევუქმნით ამგვარ შთაბეჭდილებას, - ჩვენს დემორალიზებას შეეცდებიან და ერთი ყვითელი ბარათის ფასად დაგვიმტვრევენ... მარტამდე ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი ნაკრები ერთიან და შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ასეთად წარმოჩინდეს მაინც...
მ. ტ.
22 ოქტომბერი 2019 14:42
0
ამ ნაკრებმა როგორ უნდა მოუგოს ბელარუსს გაუგებარია და მითუმეტეს თუ მოხდა საოცრება და გავედით კოსოვოზე მასთან მოგება იგივე იქნება ჩვენმა ხოკეის ნაკრებმა რუსებს მოუგონ ან რაგბისტებმა იაპონიას აღარაფერს ვამბობ უელს ინგლის ზელანდიაზე
kote
22 ოქტომბერი 2019 11:38
10
სწორედ გატანის საკითხია პრობლემა ჩვენთვის თორემ არც ისეთი "მონსტრია" კოსოვო როგორსაც ხატავთ. კარგი რა დააკვირდით კი იტანს, მაგრამ უამრავს უშვებს თავადაც. დაცვაში თუ ნაცადი ფეხბურთელები გვეყოლებიან აი ვისზედაც გადაირა ერთა ლიგამ, ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს მაგათი შეტევა. აქ უფრო ისაა პრობლემა ჩვენ როგორ გავიტანოთ. ძალიან სუსტები არიან დაცვაში და გამოყენება უნდა მაგას. მაგრამ მანამდე ბელარუსია წინ და ჯერ მაგაზე ვიფიქროთ.
ანესთეზეოლოგი
22 ოქტომბერი 2019 13:38
0
კარგი და სწორი ანალიზია, უბრალოდ ერთს დავამატებ მიუხედავად იმისა რომ დაცვაში თითქოს უკეთ ვთამაშობთ, მაინც ტაბიძის და კაკაბაძის შემცვლელი არ ჩანს. მიუხედავად თავდამსხმელების პატივისცემისა მჭედლიძის ნაირი მონაცემები არცერთს არ აქვს, ნაკრების მწვრთნელებსაც ხშირად უთქვამთ მჭედლიძის უალტერნატივობაზე და იმედია სწრაფად აღიდგენს ფორმას. ცუდი რაცაა ამერიკაში და საქართველოში მაგ პერიოდში ჩემპიონატები არ მიმდინარეობს და დიდი ალბათობით უთამაშებლობა დაეტყობათ.
semi
22 ოქტომბერი 2019 11:28
0
ძალიან მეიმედება შემგელია. თუ მოუმატებს ვარჯიშს კიდევ მეტად დაიხვეწება და გააძლიერებს შეტევის ხაზს.
ლაშა
22 ოქტომბერი 2019 10:08
0
ადმინ რატო ფიქრობ, რომ მარტში ჩაქვეტაძე შეიძლება არ იყოს? რამე იცი და გვიმალავ?
Kkk
21 ოქტომბერი 2019 20:25
1
მხოლოდ ფ ო რ მ ა შ ი მყოფი ჩაკვეტაძის შემთხვევაში გვექნება შანსი, ეს იციან მეტოქეებმა და მთელი აქცენტი მასზე გაკეთდება, აი მაშინ გაუჩნდებათ სხვებს შანსები, მაგრამ პრობლემაც მანდაა....არ გვყავს და მორჩა,ისე, მეც შეიძლება ,,გამივარდეს"...რეალურად ამ ფორმაციის ნაკრებს ევროპაზე არაფერი ესაქმება. მარტო ჩაკვეტაძე ხომ არ წავა?. კანკავა მებრძოლია მაგრამ არა შემომქმედი, ვაკო, ოქრი და ა.შ კიდევ ზოგიერთები (2ან 3)როდის მოინდომებენ თამაშს და ისიც გამოუვათ თუ არა არავინ უწყის.....ესაა მწარე რელობა....
გუსანი
21 ოქტომბერი 2019 18:22
8
გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ეს ნაკრები ორჯერ უკეთესია! უიმისოდ ორჯერ უარესი! დანარჩენი თქვენ განსაჯეთ გვესაქმება თუ არა ჩემპიონატზე
გადასარევი გიორგი
22 ოქტომბერი 2019 04:11
0
ჯერ ერთი დაგვიფაროს ღმერთმა რომ ჩაკვე არ იყოს მარტის თამაშებზე თორემ მოგჭამა ჭირი ევროპირველობამ თუ კიტეიშვილი კიდე უფრო მოძლიერდა ამ ზამთარს მაგი და ჩაკვე კოსოვოსაც და ბელარუსს მითუმეტეს გადაურბენენ დარწმუნებული ვარ.
civi
21 ოქტომბერი 2019 18:05
2
ჩემი აზრით კარგი ანალიზია, აქცენტებიც სწორად არის დასმული. დაუმატებდი, რომ ბელორუსებთან მოგების შანსი მაინც არის, თუ ნაკრებში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან ერთად, დეტალურად მოხდება მეტოქის თითოეული ფეხბურთელის და მათი სათამაშო სტრატეგია-ტაქტიკის სრულყოფილი შესაწავლა.
ნუგზარი
21 ოქტომბერი 2019 16:24
0
გოლის გამტანი, არა თუ არ გვყავს, აღარც გვჭირდება - დროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ეს არაა ის ფეხბურთი, სადაც საჯარიმოს, დასწრებაზე მოთამაშე, ერთი შეხების ან ე.წ. "გადაცემის ჩამკეტი" ფორვარდი უნდა იყოს მოედანზე. ჩვენი კინკილა ფორვარდი, პირველი ბურთის აღებაზე და ზუსტ, მოკლე პასზეა ორიენტირებული, შუახაზის მოთამაშეებით და განაპირა მცველებით ვუტევთ.
goga
21 ოქტომბერი 2019 16:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული