საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა შვედეთთან - ვინ და რატომ უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
ხვალ, 25 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ეტაპს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში დაიწყებს - ვილი სანიოლი გუნდს სტოკჰოლმის მახლობლად, სოლნას მუნიციპალიტეტში მდებარე "ფრენდ არენაზე" გაიყვანს.

წინამძღვარი ისე მოჰყვა ფრანგ დამრიგებელს, რომ შემტევი ფეხბურთის მოყვარულიაო, თუმცა მისი გაწვრთნილი "ბორდო" ბევრ გოლს ნამდვილად ვერ იტანდა. მაგრამ, არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდს ყრუ დაცვიდან ათამაშებს, ეს გამორიცხულია. სანიოლი შეტევის მოყვარული, თუმცა პრაგმატული მწვრთნელია. ნაკლებად სავარაუდოა, ობიექტურად, ჩვენზე ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ გასვლაზე თამაშისას ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგას და შემტევი ფეხბურთის
თამაში სცადოს. თან, შვედეთის გუნდი ჩამოყალიბებული კოლექტივია, ჩვენი ნაკრები კი ვილის ხელში პირველად გუშინ შეიკრიბა. ამიტომ, რასაკვირველია, მეტი ყურადღება დაცვაში უშეცდომო თამაშზე გაკეთდება, წინ, კი სავარაუდოდ, ღმერთისა და მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას იმედად უნდა ვიყოთ. ამაზე კი ქვევით.

ამ ტექსში ჩვენს ვარაუდს შემოგთავაზებთ, ცხადია, ჩვენივე არგუმენტებით, თუ რას ვფიქრობთ, ვის დააყენებს სანიოლი ძირითად შემადგენლობაში "ვიკინგების" წინააღმდეგ.

სათამაშო სქემად 4-3-3 იქნება. ამ სქემას ძალიან ბევრი ვარიაცია აქვს და თამაშის მიმდინარეობისას მრავალფეროვნად შეიძლება მისი შეცვლა.

მეკარე - ეს ის პოზიციაა, რომელშიც ვილის ხელთ არსებული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება ყველაზე მარტივია. არც გიორგი მამარდაშვილი და მით უმეტეს, არც ლაზარე კუპატაძე ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არიან, თან ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში. თუ რამე არ შეემთხვა, არა მხოლოდ შვედეთთან, საბერძნეთსა და ესპანეთთანაც კარში გიორგი ლორია იდგება.

მარჯვენა მცველი - ცხადია, აქ ასე გამოკვეთილად არ არის საქმე, მაგრამ უპირატესობა მაინც ოთარ კაკაბაძეს აქვს. ქართველ მცველს სეგუნდა დივიზიონში კარგა ხნის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა წინა ტურში სრული მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, იქამდე კი 1 ტაიმი დაჰყო მოედანზე და კარგად გამოიყურებოდა. მისი ალტერნატივა გრიგოლ ჩაბრაძეა (ვაისის მსგავსად, ნაკლებსავარაუდოა, მარჯვენა მცველად ჯაბა ჯიღაური დააყენოს), რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და თანამედროვე ფეხბურთში, როცა განაპირა მცველები ყველაზე მეტს დარბიან, სამწუხაროდ, გრიგოლს ფიზიკურად ძლიერ შვედებთან თამაში გაუჭირდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი "ტენერიფეს" რაითბექი კაკაბაძე იქნება.

მარჯვენა ცენტრალური მცველი - აქ არჩევანი უფრო მეტია. ამ პოზიციაზე, ზოგადად, გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა დგანან. ხოჭოლავას დიდი ხანია არ უთამაშია. ბოლოს როცა ითამაშა, უკრაინის პირველ ლიგაში მოთამაშე 2-მეტრიანმა ფორვარდმა გაასწრო… იმ თამაშში წითელი ბარათიც მიიღო და მარტივად რომ ვთქვათ, ფორმაში არაა, თან კორონავირუსიც დაუდასტურდა და… კაშია კი ეროვნულ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ჯაბა კანკავას "ჩუმი" კაპიტნობის ფონზე, დაცვის ორგანიზებაში მთავარი როლი სწორედ გურამ აქვს. თან საქართველოს ნაკრებში მყოფი  მცველებიდან ერთადერთია, ვისაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უთამაშია, თან არცთუ ურიგოდ. ამიტომ, სწორიც იქნება და სავარაუდოც არის, რომ მარჯვენა ცენტრალური მცველი გურამ კაშია იქნება.

მარცხენა ცენტრალური მცველი - ამ პოზიციაზე ნაკრებში სამი არჩევანია - ლაშა დვალი, გია გრიგალავა და ჯიმი ტაბიძე. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაა უნგრეთის ლიგასთან შედარებით, ლაშა დვალს შემადგენლობაში ყოფნის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხებათ გრიგალავასა და ტაბიძეს, ორივე მათგანი რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს და მათი გუნდებისაგან განსხვავებით, საკმაოდ კარგადაც. ჯიმიმ "რუბინის" ფორვარდ დესპოტოვიჩს ფეხი არ გააქანებინა, გრიგალავამ სოლომონ რონდონი გაანეიტრალა. ობიექტურად, ორივე კარგი არჩევანია, მაგრამ გრიგალავას ერთი პლუსი აქვს - ჯიმიზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერია და საერთოდაც, ალბათ, ნაკრებში ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. ასეთი ჯანის პატრონი კი ზლატანის წინააღმდეგ ძალიან დაგვჭირდება - შვედი ლეგენდა სწრაფი არ არის, ზოგადი "კლასის" გარდა, უპირატესობების მოპოვებას სხეულის სწორი გამოყენებით ახერხებს. სტატიკურ ორთაბრძოლაში კი ზლატანს გრიგალავაზე უფრო ძლიერ წინააღმდეგობას საქართველოს ნაკრებში ვერავინ გაუწევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიგალავას ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე კარგი საწყისი პასი აქვს (wyscout-ის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი სტატისტიკით). სწორედ ამიტომ, დაცვის ცენტრში კაშიას გრიგალავა უნდა შეუწყვილდეს.

მარცხენა მცველი - აქ უფრო რთულად არის საქმე. გურამ გიორბელიძე ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველია - სწრაფი, შეტევის მოყვარული ფეხბურთელი, თუმცა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "ვოლფსბერგერში" არ აქვს. ალტერნატივა ჯიმი ტაბიძეა, თუმცა ჯიმი სწრაფი ვერ არის და შეტევაში ჩართვა გაუჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფლანგზე, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, რომელიც მარტო არ უნდა დარჩეს და ენერგია ძლიერ შვედებთან მუდმივ ჭიდაობაში არ უნდა დახარჯოს. სწორედ ამიტომ, ალბათ, მარცხენა მცველის პოზიციაზე დებიუტანტ გიორბელიძეს უნდა ველოდოთ, რომელიც ავსტრიაში თამაშს ასე თუ ისე შეჩვეულია, ფიზიკურადაც კარგად უნდა იყოს მზად და არც შეტევაში წასვლაზე იტყვის უარს.

პირველი საყრდენი (6 ნომერი) - აქაც, მეკარის პოზიციის მსგავსად, კაპიტანი ჯაბა კანკავა ალტერნატივას არ გვიტოვებს. საქართველოს ნაკრებში მასზე უკეთ ბურთის წართმევა არავის შეუძლია და ნაკლებსავარაუდოა, "სამპდორიას" საყრდენმა ალბინ ეკდალმა შეაშინოს. ლორიას მსგავსად, ჯაბა სამივე თამაშს ძირითადში დაიწყებს.

მეორე საყრდენი (8 ნომერი)
- ამ პოზიციაზე უფრო მეტი არჩევანია. აქ თამაში შეუძლია ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ვაისის ნაკრებში ხიდის ფუნქციას ასრულებდა და დაცვიდან შეტევაში ბურთი სწორედ მას აჰქონდა. რამდენჯერაც კვეკვესკირი დაგვაკლდა, დაცვიდან-შეტევაში გადასვლა ძალიან დიდ პრობლემად იქცა (ნუ, არც იქამდე დაფრინავდა ჩვენი ნაკრები, მაგრამ უკვეკვესკიროდ ამ ფაზაში უარესები გავხდით). მაგრამ ნიკას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ფიზიკურადაც ძლიერი არაა და შვედებთან ჯახი გაუჭირდება. მეორე ვარიანტი ოთარ კიტეიშვილია. "კიტე" მრავალმხრივი ფეხბურთელია - შეუძლია ითამაშოს 8 და 10 ნომრებზე, მარცხენა შემტევის პოზიციაზეც კი. ვაისმა რამდენჯერაც დააყენა, იმდენჯერ ერთ-ერთი საუკეთესო იყო (კარგად გვახსოვს დანიელების წინააღმდეგ მის მიერ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი). თუმცა ოთარს 1 თვე გაუცდა და პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. მესამე ვარიანტი კი გიორგი აბურჯანიაა. გიორგის სეგუნდა დივიზიონში პრაქტიკა აქვს, სულ ცოტა ხნის წინ ულამაზესი გოლი შეაგდო, ფიზიკურად ძლიერია, რაც შვედებთან თამაშისას დაგვჭირდება. მეტოქის სტილიდან გამომდინარე, ალბათ, ამ პოზიციას გიორგი აბურჯანია დაიკავებს.

გამთამაშებელი - ამ პოზიციაზე თამაში ოთარ კიტეიშვილსა და ვაკო გვილიას შეუძლიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ გვილია ნაკრებში ოქრიაშვილის ტრავმის გამო მოხვდა, ლოგიკურია, რომ "ლეგიას" ნახევარმცველი პირველი არჩევანი არცერთ პოზიციაზე არაა. აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური იქნება, ორი საყრდენის წინ კიტეიშვილმა რომ ითამაშოს, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც კარგად შეუძლია და შეტევაშიც კარგად თამაშობს.

მარჯვენა გარემარბი - როგორც მარჯვნივ, ისე შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაში ნაკრებში გამოძახებულ 4 ფეხბურთელს შეუძლია - ხვიჩა კვარაცხელიას, საბა ლობჟანიძეს, ლევან შენგელიასა და გიორგი ბერიძეს. სამწუხაროდ, ლევან შენგელია ფორმაში ნამდვილად არ არის და ბოლო დროს ცოტას თამაშობს. არადა, მისი ცაცია დარტყმები და ჩაწოდებები ნაკრებს გამოადგებოდა. ნაკლებსავარაუდოა ლევანის ძირითად შემადგენლობაში ხილვა. კიდევ ერთი ვარიანტი გიორგი ბერიძე გახლავთ, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში კარგად თამაშობს და მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი (ნაკრების ფეხბურთელებს შორის ქვილითაიას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია). არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელია ამ ფლანგზე ვიხილოთ - "რუბინის" მცველი კარლ სტარფელდი "შვედეთის" ნაკრებშია გამოძახებული და მწვრთნელისთვის ხვიჩას შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდება არ გაუჭირდებოდა. "რუბინში" კვარა სულ მარცხნიდან თამაშობს და შეიძლება სიურპრიზიც იყოს. თან, შვედებს დაცვის მარცხენა ფლანგზე დანიის არცთუ საუკეთესო გუნდ "ვეილეს" მცველი პიერ ბენგტსონი ჰყავთ, მარჯვნივ გამოცდილი ლუსტიგი ან "ნიუკასლის" უკანახაზელი ემილ კრაფტი იქნება. ცხადია, დანიის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდის მცველის წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პრემიერლიგის მოთამაშის დაჩაგვრა (თუმცა, ხვიჩას გაჩერება ვერც "ლიდსის" ეჟჯან ალიოსკიმ მოახერხერხა). კიდევ ერთი და უფრო სავარაუდო ვარიანტი ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის თამაშია, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში კარგ სეზონს ატარებს და მშვენიერ ფორმაშია. ყველაზე დიდი შანსი, მარჯვენა გარემარბად თამაშის დაწყების, საბა ლობჟანიძეს აქვს.

მარცხენა გარემარბი - აქ იგივე არჩევანია, რაც მარჯვნივ, ოღონდ ლევან შენგელიას გამოკლებით. თუ ხვიჩა მარჯვნივ არ იქნა, მარცხნივ დადგება. თუ სანიოლმა კვარაცხელია მარჯვნივ დააყენა, მარცხნივ ისევ ყველაზე მეტი შანსი საბა ლობჟანიძეს აქვს. მაგრამ ხვიჩას მარცხენა ფლანგზე დაყენება საუკეთესო არჩევანი იქნება.

ცენტრფორვარდი
- ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში 3 ფეხბურთელი გვყავს - გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. სანიოლს მაღალი ფორვარდით თამაში უყვარს, "ბორდოში" ყველა თამაშში 1 მაღალი მაინც ჰყავდა შეტევის წინა ფლანგზე. გემოვნების ამ ხაზით, ძირითადში ქვილითაია უნდა იდგეს, თან გიორგის ფორვარდებს შორის საკლუბო დონეზე (უმაღლეს ლიგებში) წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და წინა ტურშიც კარგი ბურთი შეაგდო. თუმცა ქვილითაიას ფიზიკურად ძალიან ძლიერ გრანკვისტსა და ლინდელოფთან ჭიდილი რამდენად შედეგიანი იქნება?! ბუდუ ზივზივაძეც საკმაოდ მაღალია, თან ქვილითაიაზე უფრო სწრაფი, გოლებიც გააქვს, საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მაგრამ ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად სავარაუდო გიორგი მიქაუტაძის ხილვაა. გიორგი მაღალი და ფიზიკურად ძლიერი არაა, თუმცა ბუდუსა და ქვილითაიაზე გაცილებით სწრაფია, რაც მაღალ და შედარებით ზანტ მცველებთან დიდი პლუსია. მიქაუტაძე ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მშვნიერი დრიბლინგი აქვს, სწრაფია, ტექნიკური - ამ ტიპის ფორვარდს შვედების მაღალ და ძლიერ დაცვასთან უფრო მეტი ხიფათის მოტანა შეუძლია. თუმცა მიქაუტაძეს ჯერ ნაკრებში არც უთამაშია, გუნდელებსაც არ იცნობს, არც ამ დონის შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს (ზივზივაძის მსგავსად). მისი დაყენება რისკი იქნება, თუმცა ისეთი რისკი, რომელიც შეიძლება ღირდეს. გვაქვს ასეთი მოცემულობა - ქვილითაია, მაღალი და უფრო ძლიერი ფორვარდია, მიქაუტაძე უფრო სწრაფი, ზივზივაძე თითქოს ჰიბრიდული სტილის თავდამსხმელია. ჩვენი აზრით, გარისკვა ღირს და შემადგენლობაში მიქაუტაძის დაყენებას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ჩვენი ვარიანტი ასე გამოიყურება:

ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ლობჟანიძე, მიქაუტაძე.

შეტევითი ხასიათის რა ტიპის გუნდს მივიღებთ ამ შემადგენლობით: კონტრშეტევაზე მოთამაშე შემადგენლობას, რომლის სამ ფორვარდს (კვარაცხელია, ლობჟანიძე, მიქაუტაძე) სწრაფ კონტშეტევაზე გაქცევა შეეძლება, ნახევარდაცვისა (აბურჯანია) და დაცვის (გრიგალავა-კაშია) ცენტრიდან გრძელი პასის გაკეთება იქნება შესაძლებელი, სწრაფ განაპირა მცველებს ფლანგზე თამაშის გამწვავება შეეძლებათ.

დაცვაში როგორ დავდგებით: დაცვისას წინ მიქაუტაძე დარჩება, ფლანგები უკან დაიხევენ, დაცვისას პრესინგის მეორე კაც(ებ)ი აბურჯანია და კიტეიშვილი იქნებიან (პირველი, ცხადია, მიქაუტაძე), კანკავა მცველებს წინ დადგება და მიქაუტაძის უკან სამზონიანი დაცვა გვექნება: კიტეიშვილი-აბურჯანია, მათ უკან ცენტრში კანკავა და ფლანგებზე კვარა-საბა, მათ უკან კი - 4 მცველი.

რამდენად იმუშავებს ეს სქემა, რამდენად გაართმევენ ფეხბურთელები დავალებებს თავს, ეს სხვა საქმეა, თუმცა მოცემულ რეალობაში საუკეთესო ვარიანტი ჩანს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
წინასწარ ვუზიარებ საქართველოს ნაკრებს მწუხარებას.
თავადი
22:21 25-03-2021
3
მიქაუტაძე რა მოხეტიალე ფორვარდად..ახალი ჩამოსულია ჩვენთან,ბიჭები ახლა გაიცნო და შვედეთში თუ იხეტიალა სადმე არ დაიკარგოს..ისე ფრანგული იცის და აეროპორტს გაიკითხავს ალბათ
Levani
19:45 25-03-2021
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული