რუმინეთი „ჯვაროსნებისთვის“ მუდამ რთული მოწინააღმდეგე იყო, ვინაიდან კარგად კეტავენ ზონებს და მეტოქეს სამოქმედო არეალს მაქსიმალურად უზღუდავენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 წელი გავიდა. ვლახებს აღარ ჰყავთ ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ მათი სათამაშო სისტემა არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრები დღევანდელ მატჩში მოედანზე შეტევის ხაზში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე გავიდა და საინტერესო იყო, რა სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევდა მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი. აღსანიშნავია, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ფრანგს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და სათამაშო გეგმის შესამუშავებლად ამჯერად მეტი დრო ჰქონდა.
შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. დებიუტში ოქრიაშვილმა სცადა თავისი საფირმო მაკრატელათი გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიდინარეობდა და ლამაზი სანახავი ვერ იყო. პირველი შანსი რუმინელებს 28-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც ჰაჯიმ ბურთი კარს ააცილა. მერე კუპატაძემ ორჯერ გადაგვარჩინა - ჰაჯისა და ნედელცეარუს არ დაანება გატანა. 41-ე წუთზე კი ტანასე ჩაბრაძეს ეუხეშა და გააძევეს.
საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა, მიქაუტაძე პრაქტიკულად „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეორე ტაიმი უფრო აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს, რასაც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა, მაგრამ მიქაუტაძემ დაახანა და მცველმა ხიფათი განმუხტა. თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. თანდათან საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, რაც, მოედანზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. სანიოლმა 57-ე წუთზე მოედანზე შენგელიას და კვეკვესკირის ნაცვლად ლობჟანიძე და კიტეიშვილი შეუშვა და ამ უკანასკნელის პასით მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა. მან ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.
შემდეგ კიტეიშვილმა მომენტი გააცუდა, სწრაფი კონტრიერიშისას კვირკველიამ საჯარიმოში ივანი წააქცია, გააძევეს, პენალტი კი მარინმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მალე მომენტი აბურჯანიამ გამოიყენა, რომელმაც ლობჟანიძის პასი მიიღო და ბურთს ვლადის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ესეც აბურჯანიას ნაკრებში პირველი გოლია.
შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. ივანმა მახვილი კუთხიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, სტანჩუმ და ივანმა კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს და საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ისტორიაში პირველად სძლია.
მიუხედავად არაერთი წუნისა, ჩვენმა გუნდმა სანიოლის ხელმძღვანელობით (არაოპტიმალური შემადგენლობით) პირველი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, "ჯვაროსანთა" თავკაცმა დაინახა ფეხბურთელთა მზადყოფნა და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ენსხედეში ნიდერლანდებთან გამართავს, რომელიც დღეს შოტლანდიას დაუზავდა - 2:2.
პლოიეშტი. „ილიე იონა“
რუმინეთი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (72), 1:2 ივანი (78)
გაძევება: ტანასე (41), კვირკველია (65)
გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65)
რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელცეარუ, კირიკეში, განეა, ოლარუ (ჩიჩალდაუ 58), მარინი (სტანჩუ 77), მაქსიმი (ბუდესკუ 58), ჰაჯი (კესერუ 77), ალიბეკი, ტანასე
საქართველო: კუპატაძე, აზაროვი, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე, დაუშვილი, აბურჯანია (გვილია 81), კვეკვესკირი (კიტეიშვილი 57), ოქრიაშვილი (კაშია 66), შენგელია (ლობჟანიძე 57), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81)
თამაში რომ არ მოგვეწონა ეს ნისნავს კლასს. ჩვენებმა აჯობეს მეტოქეს კლასით. წარმოიდგინე ამ გუნდს რომ დაემატება კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილმაც ფაქტიურად 30 წუთი ითამაშა :)