ძველი პრობლემები, ახალი ხედვები, მომავლის კონტურები - ნიდერლანდებთან მატჩის გამოხმაურება

AutoSharing Option
ივნისის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში წარმატებით ფრთაშესხმულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტესტები მძიმედ დაასრულა - ნიდერლანდების მთავარმა ნაკრებმა დაგვანახა, რომ ამ დონის მეტოქეებთან თანაბრად და სტაბილურად სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არ ვართ.

ჩავარდნილი ექსპერიმენტი

როცა მატჩებამდე ვილი სანიოლს სამი ცენტრალური მცველით შესაძლო თამაშზე ჰკითხეს, მან ეს, ფაქტობრივად, გამორიცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ოფიციალურ დაპირისპირებამდე ბოლო იყო, ამ ტაქტიკის მოსინჯვით ცუდი არაფერი მომხდარა. აქამდეც დავრწმუნებულვართ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს იდეალური განლაგება არაა და ამაში ფრანგი სპეციალისტიც დაგვეთანხმებოდა.

ხუთი მცველის მიუხედავად, დაცვის ცენტრალურ ზონაში მაინც
იყო პრობლემები, ხოლო ფლანგებზე მოთამაშეები სათანადოდ ვერ ახერხებდნენ ამ ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი პლუსის გამოყენებას - შეტევებში აქტიურად ჩართვას.

ჩვენი რეაქცია პრესინგზე

"ჯვაროსნებს" სერიოზული მეტოქე ჰყავდა, რომლებმაც თითქმის მთელი თამაში შეძლეს, მკაცრი პრესინგის ქვეშ ვყოლოდით, არ მოეცათ ამოსუნთქვის საშუალება და ამავდროულად, საპასუხო შეტევა შემოეთავაზებინათ.

სანიოლის შეგირდებმა სცადეს ზღუდეების გარღვევა და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. გუნდი დაცვაში არ მდგარა, რამდენიმე კომბინაციაც გაათამაშეს, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ჩვენი ენერგია იკლებდა, მეტოქეს კი სათადარიგოთა სკამზეც სერიოზული რესურსი გააჩნდა.

ისევ კიტეიშვილის ფაქტორზე

საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლდა. ამან კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა. პირველი ტაიმის შუაში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა, ბურთი გააკონტროლა და სახიფათო მომენტიც შექმნა - ამ დროს "შტურმის" ნახევარმცველი შეუდარებელი იყო, თუნდაც ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც  "ბარსელონელი" ფრენკ დე იონგია.

მეორე ტაიმში კიტეიშვილს მოედანზე ვეღარ ვამჩნევდით, მისი ნეიტრალიზება მოახერხეს. რატომღაც, მოედანზე აღარც საბა ლობჟანიძე იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბურთი რამდენჯერმე დაკარგა და კარგი საგოლე შანსი გაანიავა, შეტევის გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ ვარიანტს ქმნიდა.

როცა მომენტი იშვიათად იქმნება...

ნიდერლანდების დონის ნაკრებთან ბევრ საგოლე შანსს ნამდვილად ვერ შექმნი. ამიტომ წარმატების მთავარი ფაქტორი მომენტების მაქიმალურ რეალიზებაშია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. არადა, შანსები იყო და საბოლოო ციფრები ტაბლოზე მთლად სამართლიანად არ ენთო.

მოსაწონი იყო, რომ სტანდარტულ მდგომარეობებს დამუშავება ეტყობოდა და ამ მხრივ მეტოქისთვის მეტი ხიფათის შექმნას ვცდილობთ, რაც ადრე არ ყოფილა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ითამაშა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის ყოველთვის მიმართულია თამაშის გასამწვავებლად, კარში დასარტყმელად. ასეთი ფორვარდების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს.

ძველი პრობლემები

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი არ იყო მზად ბოლომდე დახარჯულიყო. ეს ჩვენც შევამჩნიეთ...
კონცენტრაციის ნაკლებობა - ესეც ჩვენი ნაკრების არახალი პრობლემაა, რომელიც თავს პერიოდულად გვახსენებს. ასე იყო ენსხედეშიც.

უკანასკნელი შანსი?!

არიან მოთამაშეები, რომელთაც სანიოლმა უკვე რამდენიმე შანსი მისცა, მაგრამ მათ ეს ნაკლებად გამოიყენეს. ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, არავინ იცის, შემოდგომაზე ვინ როგორ ფორმაში იქნებაო, მაგრამ სანიოლი გარკვეულ დასკვნებს უკვე გამოიტანდა...

ჯერ ერთი, სექტემბრამდე ბევრი საკლუბო შეხვედრა არც იქნება და მეორეა, ესა თუ ის ფეხბურთელი რამდენად ასრულებს მწვრთნელის დავალებებს და ერგება ნაკრებს, მით უმეტეს, მაღალი დონის გუნდებთან სათამაშოდ - ეს ფაქტორი ფრანგის სამწვრთნელო შტაბს გათვალისწინებული ექნება.

საკადრო რესურსი

სანიოლს, მიქაუტაძის გარდა, სხვა ფორვარდებზე დაკვირვება ისევ მოუწევს. იმედია, შემოდგომაზე კარგ ფორმაში იქნებიან კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, კარგად მოერგება ეროვნულ ნაკრებს გიორგი წიტაიშვილი. ნახევარდაცვას და შეტევას ერთმანეთთან უფრო მეტი კრეატიული ფეხბურთელები უნდა აკავშირებდნენ...

ისევ ჩანს, რომ უკანა ხაზიდან შეტევების წამოწყება და კარგი, ზუსტი პასების გაკეთება გვიჭირს. სანიოლს ფეხბურთელების შერჩევა ამ ნიშნითაც მოუწევს. იმედია, ჯიმი ტაბიძე მალე მომჯობინდება.

არ დასრულებულა, იწყება!

მწარე მარცხის მიუხედავად, რომელიც გიორგი ლორიას დიდებული თამაშის გარეშე კიდევ უფრო დამთრგუნველი იქნებოდა, იმედები არ უნდა დავკარგოთ და გეგმებს არ გადავუხვიოთ. ვილი სანიოლი ამ მატჩებში ერთგვარ ექსპერიმენტულ რეჟიმში იყო და ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა გუშინდელ შედეგზეც მოახდინა.

ფრანგი სპეციალისტი ზრდის საკადრო რესურსს, ცდილობს, ნაკრებმა თანამედროვედ, სწორად და მრავალფეროვნად ითამაშოს.
ასე რომ, სექტემბერში სანიოლის ხელწერის ბოლომდე მქონე, თამამ და უკვე შედეგის მომტან ნაკრებს ველით...


მკითხველის კომენტარები / 11 /
სწორ გზას ადგას სანიოლი, უქმნის მოტივაციას, ენდობა და აძლევს შანსს ახალ თაობას, ახალ სახეებს. ზოგიერთი გაამართლებს ამ ნდობას, ზოგიც საბოლოოდ დარწმუნდება რომ ამ ეტაპზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ნაკრებში თამაშის.
ეროვნულ ჩემპიონატში საკმარისად არიან ნჭიერი ბიჭები და სანიოლიც იმედია გააგრძელებს მათ აღმოჩენას, განსხვავებით წინა მწვრთნელებისაგნ.
0
წაგება ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც გრანდთან, გულდასაწყვეტია და საწყენია. მნიშვნელოვანია როგორ თამაშობ და გაძლიერების რა შანსი გაქვს. ეს ნამდვილად არის თანაც როგორი: კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კანკავა, იმედია წიტაიშვილიც. სულ სხვა თამაში იქნება. ოპტიმალური შემადგენლობითაც წავაგებთ ბევრთან, მაგრამ საშუალო ევროპულ გუნდებს და მათთან მიახლოებულებს მჯერა, ბევრს მოვუგებთ. შრომისმოყვარეობა და ინტერესი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელებს, და არ უნდა კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ფულით, კვიპროსში და ყაზახეთში გაქცევა რომ უხარიათ
merabi-1960
17:14 07-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული