არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
სამწუხაროდ ყველაზე მთავარ პრობლემაზე იშვიათად თუ წერს ვინმე. ჩვენს ფეხბურთელებს აკლიათ საშემსრულებლო ოსტატობა (2-3 გამონაკლისის გარდა) და ვერ ასრულებენ (ან საერთოდ შეიძლება ვერც იგებენ) მწვრთნელის მითითებებს. მერამდენე ათწლეულია ჩვენს ნაკრებს ვუყურებ და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ბიჭებს აქტიურად ემოძრავათ რომ გახსნილიყვნენ და პასები მიეღოთ, ან ბურთის მიმღებს სწრაფადვე მიეცა პასი უკვე გახსნილი და პრესინგისგან გათავისუფლებული მოთამაშისთვის წინ. თუ ატყობთ, როცა ბურთს იღებენ, უმეტეს შემთხვევაში ყოვნდებიან, ხშირად ჯერ უკან იხედებიან და მერე წინ. შეტევის გადამწყვეტ ფაზაში ხომ "საოცრებებს" აკეთებენ (თითქმის ყოველთვის ყველაზე არასახარბიელო ვარიანტებს ირჩევენ - აკეთებენ პასს ან მოძრაობას როცა უნდა დაარტყან და პირიქით). იმ დღეს ჩვიდმეტწლამდელებს ვუყურე, 2012 წელს თბილისში უკრაინას რომ მოუგეს და ევროზე გავიდნენ - ამ ტკბილადმოსაგონარ თამაშშიც კი რამდენი საგოლე მომენტი იქნა განიავებული და რამდენი უაზრო მოძრაობა გაკეთებული... მე მგონი სწორად ამაშია პრობლემა. ეს ყველაზე რთულად გადასაწყვეტი საკითხია და მრავალი წლის სწორ მუშაობას მოითხოვს, მათ შორის ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებას (რომ გაუძლონ მძლავრ სტრესებს მაშინ როცა აგებენ და მაშინაც, როცა იგებენ უმნიშვნელოვანეს თამაშებს). ზოგადი საუბრები და მწვრთნელის ტაქტიკის გარჩევა კარგია, მაგრამ პრობლემის ძირითად არსს ვერ წვდება.
Maxo
09 სექტემბერი 2021 12:29
1
სრულად გეთანხმებით მარტივია მწვრთნელზე გადაბარება აბა ფეხბურთელებს ხომ არ ვაწყენინებთ ზოგი ერთი ჟურნალისტის ახლობელია ზოგი მეორის და ასე მიდის საქმე.ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე მწვრთნელი ეუბნებათ არ იმოძრაოთ და სივრცეები არ გამოიყენოთო. ეგენი ბურთს რომ მიიღებენ ჯერ ვერ აჩერებენ მერე იმას ფიქრობენ რა გააკეთონ და ამდენს ვინ აცლის.ბურთთან მოპყრობას ნაკრებში არ ასწავლიან.შევადაროთ როგორ დაარტყეს ჯარიმა ბულგარელებმა და როგორ ჩვენ. ამდარტყმებიდანაც ჩანს ჩვენი ნაკრების უსუსურობა.
სსს
09 სექტემბერი 2021 12:55
2
საღოლ მახო ჯიგარი ხარ! თამამი გადაწყვეტილების დროს შეცდომის დაშვების ეშინიათ. ესე ფეხბურთს ვერ ისწავლიან.
:)
09 სექტემბერი 2021 12:44
0
ქართველი გულშემატკივარი კიდევ ზედმეტად ერთგულია ამდენი წლების შემდეგ მიუხედავად ათასი ზღაპრისა და ტყუილისა. კიდევ მიმჯდარია ტელევიზორთან და სტადიონს საკმარი რაოდენობა ავსებს იმ ხალხის მხარდასაჭერად, ვინც ფეხბურთის თამაში არ იცის. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის კიდევ ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რომელსაც უკვე მერამდენე აშკარად არაკვალიფიციური მწვრთნელის და ფეხბურთელების სიტყვების სჯერა, რომ ოქტომბერ- ნოემბერში ჯადოსნური ცვლილებები მოხდება.რაც არ უნდა ანალიზი გავაკეთოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, ვიმსჯელოთ მწვრთნელის სავარაუდო მოქმედებებზე, ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენ არ ვიცით და რეალურად არც უკეთესობისკენ იდგმება რაიმე ნაბიჯი აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია. როდესაც ფეხბურთელმა კარში დარტყმა (ფეხით თუ თავით), სირბილი და პრესინგი არ იცის, აბსოლუტურად ყველა თამაშზე ვიღაცა გვიშავდება, ანუ ფიზიკური მომზადება კატასტროფული გვაქვს და ეს ძალიან კარგად მოეხსენება მწვრთნელსაც და სხვებსაც, მიუხედავად ამისა, მაინც ერთ წრეზე ვტრიალებთ - გვჯერა და გვეიმედება, გამოდის , რომ საკუთარ თავს ვიტყუებთ. ჩემი აზრით, სჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ, ფუჭი იმედი ტყუილად ნუ გვექნება და ნერვებს გავუფრთხილდეთ.ისედაც ამდენ იმედგაცრუებას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტი სახეზეა - ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს
????
09 სექტემბერი 2021 12:22
1
მიუხედავად იმისა , რომ ძალიან კარგად ვაანალიზებ , საქართველოში ფეხბურთის დონეს და ნაკრების წევრების შესაძლებლობებსაც , მე ჩემი შეხედულება ჩამომიყალიბდა , იმ სიტუაციაზე რაც ნაკრებში ხდება მაკედონიასთან მარცხის მერე . ის რომ ვიღაც-ვიღაცეებს , არ აწყობდათ საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე , და ისე დაემთხვა , რომ მაინცადამაინც შემტევი ფეხბურთელები გამოაკლდა ნაკრებს (აშკარად დამთხვევაა) , ცარიელი მოედანი , როცა უეფა 30% დასწრების უფლებას გაძლევს , ახალი მწვრთნელი , რომელმაც თითქოს ენთუზიაზმი და რწმენა დაუბრუნა ნაკრებს , თუმცა როგორც ჩანს სერიოზული ზეწოლა მოხდა მასზე , მაკრების სტაფს ეტყობა ეგ და იმ ფეხბურთელების რაოდენობას , ვინც გასაყიდია ! ის რასაც ჩვენ მოედანზე ვუყურებთ , პირდაპირი ანარეკლია იმის , რაც ნაკრების კულუარებში ხდება . აბსოლიტურად იგივე ხდება კალათბურთშიც . და ყველაზე მეტად , ამ ყველაფერში , ვითომ ჟურნალისტების ბრალეულობაცაა , რომელთაც ხმა ვერ ამოუღიათ იმ სიბინძურის წინააღმდეგ , რასაც ხედავენ . ჩვეულებრივი გოთემია ეს ქვეყანა , ოღონდ მარველისგან განსხვავებით , ბეტმენი არა ყავს . არც გორდონი სამწუხაროდ . არაფერი ამას არასოდეს არ ეშველება .
ATP 16
09 სექტემბერი 2021 12:19
6
მარველ-ბეტმენზე რომ გამოეკიდე სხვა ვერაფერი დაინახე მის კომენტარში? ფეხბურთზე სწორად წერს ადამიანი და ეგ შენი ქაჯური გამოხტომა არავის სჭირდება. სხვათაშორის მშვენიერი ალეგორია მოიყვანა მაგით, დევი და ხუთკუნჭულა კი შენ მოიფიქრე როგორ "შეტენო" თუ ძალიან განაღვლებს ხალხური ზღაპრები.
ირაკლი
09 სექტემბერი 2021 14:37
2
ამირანი და ხუთკუნჭულა არ გაგიგონია, არც ნაცარქექი და დევი?! მარველ-ბეტმენი დაგეცა შენ!
ჩეკისტი
09 სექტემბერი 2021 13:50
11
ამ ფედერაციამ 6 წლის მანძლზე ყველაფერი ჩააფლავა არანაირი შედეგი არ მოუტანია არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე ამათ მუშაობას და ეს "საძმო" უნდა წავიდეს! სასწრაფოდ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და მოცილდნენ ესენი ფედერაციას მე თუ მკითხავთა მაკედონიასთან სამარცხვინო წაგების და მერე სომხებთან წაგების შემდეგ უნდა წასულიყვნენ ყველა ,მაგრამ ამათ მართლა თუ არ გაყრიიი ისე წამსვლელი არავინაა.
გელა
09 სექტემბერი 2021 12:17
3
ბოლო დღეებში დიდი ანგარიშები იმიტომ მომრავლდა,რომ მაყურებელი დაუშვეს სტადიონებზე.ისინი აიძულებენ ფეხბურთელებს,კიდევუფრო მეტად შეუტიონ.ჩვენც ეს გვაკლდა, კოსოვოსთან.
სოსო
09 სექტემბერი 2021 12:13
2
დავითაშვილი თამამად შევაქოთ ხოლმე, რა დაგვიშავა, მართლა არავიზე ნაკლები ბიჭი არაა და პრესა აქვს საშინელი.
sul2
09 სექტემბერი 2021 12:08
7
დავითაშვილმა თავი ბოლოსღა გამოიჩინა, თორემ მანამდე ნამდვილად არ ბრწყინავდა. მისი საკლუბო კარიერაც რუბინის შემდეგ წინ არ წასულა და მესმის, რატომაც ჰქონდა ცუდი პრესა. მომავალი წინა აქვს და იმედია, მოუმატებს
: )))))))
09 სექტემბერი 2021 12:26
1
ნამდვილად!ზურიკელამ კარგად იტამაშა ესპანეთად და ბულგარეთან! ჩვენებიდან მგონი ყველაზე უკეთესი იყო! ვუსურვოთ მას წარმატებები!
დუტუ მეგრელი
09 სექტემბერი 2021 12:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული