პირველ ნომრად თამაშსა და ფავორიტობას შეჩვეულნი ჯერ მაინც არ ვართ და ჩვენი ფეხბურთელების კიდევ უფრო "დამძიმებას" არ ვაპირებთ, თუმცა ეს მატჩი უფრო მეტია, ვიდრე შეხვედრა, სადაც უბრალოდ, სატურნირო თვალსაზრისით, ფრე მისაღები შედეგია. ამავდროულად, ემოციების მართვა და გარკვეული პრაგმატიზმი მაინც გვჭირდება, ისე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ვერ ჩაატარებ. ვილი სანიოლის როლი დიდი სწორედ აქაა - გადატვირთული ტრიბუნებისა თუ წარსული შურისძიების სურვილი მხოლოდ პოზიტიურად და სასარგებლოდ გარდასახოს.
საქართველოს ნაკრებს ახლა ჰყავს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც უკვე ევროპის მასშტაბით იცნობენ და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ჩრდ. მაკედონია არის მეტოქე, რომელსაც დაცვაში კარგი თამაში და კონტრშეტევებზე შანსის მოძებნა შეუძლია, ეს კი ისაა, რაც თავის მხრივ, სანიოლის ნაკრების საფირმო ნიშანი გახდა. წინა საშინაო მატჩში, უკანა ხაზში მყარად მოთამაშე ბულგარეთთან უპირატესობის გოლად ქცევა გაგვიჭირდა, ახლა ეს გამოცდილება ძალიან უნდა გამოგვადგეს.
ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, მატჩზე დასწრებას რომ ვერ ახერხებს, თუმცა მეორე მხრივ, რა ბედნიერებაა, როცა ეროვნული ნაკრების თამაშის მიმართ ისევ ამხელა ინტერესი დაბრუნდა. "ჯვაროსნებს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (რეკორდი 10 მატჩი გვაქვს) და მისი გაგრძელება ნამდვილად შეგვიძლია. რაც მთავარია, გუნდი ბოლომდე კონცენტრირებული, ერთიანი და კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია. რა თქმა უნდა, სუსტი წერტილებიც გვაქვს, თუმცა მისი კომპენსირება შესაბამისი მონდომებით უნდა შევძლოთ. წინა სანაკრებო მატჩებში ყველაფერი თავის ადგილას იყო და მისი გაგრძელების იმედი ახლაც გვაქვს. თავდაჯერება კარგია, თუმცა მასაც გარკვეული ზღვარი სჭირდება და ამან მოტივირებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. გულშემატკივრები ჩვენი კარგი თამაშისა და გამარჯვების მოლოდინში არიან.
რას ველით ბოლომდე სავსე "დინამო არენაზე"? დიდი ალბათობით, კარგ ფორმაში მყოფ "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პირველ თბილისურ მატჩს (ნაკრებში აქამდე მხოლოდ გასვლით შეხვედრებში ითამაშა). სხვა მხრივ, შემადგენლობაში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით. სანიოლის ერთ-ერთი მთავარი დილემა იქნებ ის იყოს, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ გიორგი ჩაკვეტაძეს სასტარტოში თამაშის საშუალება თუ მისცეს. საქართველოს ნაკრებში არსებული კონკურენცია და არსებული ტაქტიკური სქემა ამის საშუალებას რთულად იძლევა. ამ ყველაფრის გადაწყვეტის უფლება ფრანგ მთავარ მწვრთნელს მივანდოთ და ყველანი საღამოსთვის მოვემზადოთ - შეხვედრა 20:00 საათზეა.
სანიოლი: შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ - 18 თვის წინ აქ სხვა მდგომარეობა იყო
კაშია: მაკედონიასთან ფინალში მარცხის გახსენება არ მსურს - ახლა სხვა განწყობაა