"ჯვაროსნების" ფრანგ დამრიგებელს ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, კარის დაცვა უკვე 37 წლის გიორგი ლორიას ანდოს თუ "ვალენსიელ" გიორგი
ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ ცენტრალური მცველების გარჯა უმნიშვნელოვანესი იქნება. კარგია, რომ საბა კვირკველიას აზერბაიჯანში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ის ორთაბრძოლებში ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური მცველია; ისევ დიდი იქნება გურამ კაშიას ხელმძღვანელობის უნარი; ამ ეტაპზე ოფიციალური მატჩები არ აქვს დავით ხოჭოლავას, თუმცა გაზაფხულამდე ფორმაში უნდა შევიდეს. რაც შეეხება ალტერნატივებს, იტალიურ "კრემონეზეში" ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე ტურია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მძლავრი მეტოქის წინააღმდეგ მისი შეუპოვარი ხასიათი სანიოლს აუცილებლად გამოადგება. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი ჯიმი ტაბიძე გახდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში კვლავ ველით. კვიპროსის ჩემპიონატში ბოლოს ლაშა დვალი მინდორზე 90 წუთს ატარებს...
საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია ჩამოყალიბდა, თუმცა აქ სხვადასხვა ტიპის სირთულეებია - გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" ჯერ ახალი კაცია და სრული აკლიმატიზაციისთვის დრო სჭირდება. ოთარ კაკაბაძეს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და მხოლოდ ახლა დაბრუნდა. სანიოლი აქ საბა ლობჟანიძესაც მოიაზრებს. იმიჯშეცვლილმა ნახევარმცველმა 3 იანვარს გაიტანა, თუმცა მასსა და მის გუნდს ცუდი პერიოდი აქვთ, ჩვენებურს ხომ გასულ სეზონში 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი მოქმედება ჰქონდა.
რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, მართალია, გიორგი წიტაიშვილმა მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრა ჩააგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში მის ფლანგზე დიდი დატვირთვა იყო. იმედია, პოლონურ "ლეხში" (სადაც ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდის) ის უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. სეზონი ჯერ ირაკლი აზაროვსაც არ განუახლებია და მისგანაც საუკეთესო თვისებების გამოვლენას ველით. გურამ გიორბელიძეც ეცდება, სასტარტოში თამაში დაიმსახუროს...
სულ ვწერთ იმაზე, რომ მინდვრის ცენტრში ახალი მოთამაშეები გვჭირდება, თუმცა გამოსცდის თუ არა ფრანგი მთავარი მწვრთნელი ნორვეგიამდე დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ვინმეს, რთული სათქმელია. კარგი ისაა, რომ პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეში" გიორგი აბურჯანია მინდორზე, ფაქტობრივად, მუდმივად 90 წუთს ატარებს. ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი - ვნახოთ, ეს სია კიდევ ვისით გაიზრდება. ჩვენ წინანაღმდეგ კი მშვენიერ ფორმაში მყოფი, "არსენალელი" მარტინ ოდეგორი იქნება. საინტერესოა იქნება, მწვრთველი ოთარ კიტეიშვილის როლს სად დაინახავს.
ხვიჩა კვარაცხელიას როლსა და მნიშვნელობაზე ბევრს არ დავწერთ. ბედნიერებაა, როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემს. ფორმაშია ზურიკო დავითაშვილიც, მაგრამ მან კიდევ უფრო მეტ შედეგიანობას შეგვაჩვია. იმედია, ბუდუ ზივზივაძე ტრავმას თავს დროულად დააღწევს და გერმანულ "კარლსრუეშიც" შედეგიანად ათამაშდება. მას ახლა რთული პერიოდი ჰქონდა როგორც ჯანმრთელობის, ასევე უნგრული კლუბის მიმართ დამოკიდებულების გამო. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძეს უახლოეს ოფიციალურ დაპირისპირებაში სასტარტოში ყოფნის მეტი შანსი ექნება. მისმა სისხარტემ და მოქნილობამ ნორვეგიელ მცველებს პრობლემები უნდა შეუქმნას. "ჟორჟმა" საფრანგეთის რანგით მე-2 ლიგაში უკვე მეათე გოლი გაიტანა.
შემადგენლობის გამოცხადებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა. მანამდე სანიოლი თითოეულ მოთამაშეს კვლავ აქტიურად დააკვირდება. უნდა აღვნიშნოთ ლევან შენგელიას ბოლოდროინდელი მშვენიერი გამოსვლაც.
სანაკრებო მატჩებისას სულ ვწუწუნებთ, რომ სხვადასხვა მიზეზით ოპტიმალური შემადგენლობის გამოყენება გვიჭირს. ტრავმის თავიდან აცილება უპირველესი სადარდებელია. ახლაც ყველა ამაზე ვფიქრობთ. მთავარია, მოთამაშეები ჯანმრთელები გვყავდნენ, შემდეგ კი მათი ადგილი გამოიძებნება, მით უმეტეს, 5 ცვლილების პირობებში. ბოლო დროს 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძის დამაჯერებელი გამოსვლა და კარგი სათამაშო ფორმა გვახარებს. ვიცით, მას რამხელა რესურსი აქვს და რა შეუძლია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთდროულად ნაკრებში თითქოს არ ყოფილან. მოედანზე მათი ერთად ხილვა ძალიან საინტერესო და შესაძლოა, მეტოქეებისათვის დამანგრეველიც კი იყოს. ახლა მთავარია, ამ ფეხბურთელებმა თამაში ასევე გააგრძელონ, თუმცა საქართველოს ნაკრების თავკაცის მიერ არჩეულ სათამაშო სქემაში (3-5-2 ან 3-4-2-1), რომელიც წარმატებით მუშაობს, ჩაკვეტაძის ადგილის მოძიება რთულია. მის საყრდენ ზონაში მოსინჯვას სანიოლი ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს, "ჩაკვეს" ფორვარდის თვისებებიც არ აქვს, მარცხენა შემტევის პოზიციაზე კი "კვარა" გამოდის. ვინც "სლოვანის" შეხვედრებს თვალს აქტიურად ადევნებს, შეამჩნევდა, რომ გიორგი მინდვრის ცენტრში ბურთს მშენივრად იჭერს და მახვილგონივრულ პასებს აკეთებს, ხოლო სისწრაფე და მოწინააღმდეგეთა გვერდის ავლის უნარი არსად დაუკარგავს. კვარაცხელია-ჩაკვეტაძის ერთად გამოყენების გეგმა იქნებ სანიოლისთვის ერთ-ერთ მთავარი დილემადაც კი იქცეს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს 28 მარტს, სავარაუდოდ, ბათუმში ვუმასპინძლებთ, მანამდე კი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება.
კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება
ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...