"კვარამ" კვლავ გაგვაკვირვა, მაგრამ აღარაფერი გვიკვირს - სულ ცოტაა სკუდეტომდე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერა და საუბარი ისაა, რაც არასდროს მოგვბეზრდება. "ნაპოლის" თითოეული მატჩის ნებისმიერი დეტალი ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. თითქოს რა უნდა შეამჩნიო ახალი ქართველი გარემარბის თამაშში, რომელიც 22 წლის გახდა და საჩუქარზე თავადვე იზრუნა, თუმცა რაღაცას სულ ვხედავთ - "კვარადონა" თან გვაკვირვებს, თანაც კი მისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, საქმე მსოფლიო დონის მოთამაშესთან გვაქვს!..

"კრემონეზესთან" დაპირისპირებაში ვნახეთ, რომ ნეაპოლელების თამაში გეგმის მიხედვით არ წავიდა, გუნდს სათანადო ტემპი არ ჰქონდა, მოწინააღმდეგის დაცვითი ზღუდეების გარღვევა და ბურთის სახიფათო ზონაში მიტანა უჭირდათ.
ამას შორიდან გატანის რამდენიმე უშედეგო მცდელობა მოჰყვა. მიმდინარე სეზონში მსგავსი შემთხვევა სულ რამდენიმე იყო და ასეთ დროს ერთი გოლი ბევრ რამეს ცვლის. პირველად არ მომხდარა, რომ ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეტოქე შემდეგ იძულებულია, მეტად შეუტიოს, სივრცეები გახსნას და ეს დამატებით შანსებს გაძლევს.

Sportall.Ge

კვარაცხელიამ ყველანაირი გემოვნების მოქმედებას შეგვაჩვია, კრემონელთა კარში გატანილ გოლს კი ერთი რამ გამოარჩევდა. ნეაპოლელებს სატურნირო ცხრილში კომფორტული უპირატესობა აქვთ, ამ შეხვედრაშიც უგოლო ფრე იყო და ჯერ პირველი ტაიმი მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, "კვარას" არც კი უფიქრია, რომ ბურთი კუთხურზე იოლად გადავიდოდა და მის ჩასაწოდებლად წასულიყო, ანაც თანაგუნდელებისთვის დაეთმო. ჩვენებური სიტუაციაში ძალიან სწრაფად გაერკვა, პირით ხაზთან მიირბინა, სანამ მცველები გადაწყობას მოასწრებდნენ, კარს ეფექტურად მიუახლოვდა და ბურთი უზუსტესი დარტყმით იქ გააძვრინა, სადაც ხელი ვერც მინდვრის მოთამაშეებმა შეუშალეს და ვერც მეკარემ. თითქოს პატარა დეტალია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. პრაგმატულობით გაჯერებულ თანამედროვე ფეხბურთს, სადაც დრიბლიორების დეფიციტია, სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა...

"ინტერთან" დაპირისპირება ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო, სადაც ხვიჩას, ფაქტობრივად, არაფერი გამოუვიდა. აქ მთელ გუნდს ვერ იცნობდი, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა თამაში ჩააგდეს. სხვა შეხვედრებში, გარდა იმისა, რომ კვარაცხელია მოწინააღმდეგეების ზედმეტი ყურადღებით თანაგუნდელებს თავისუფალ ზონებს უხსნის, ქართველი გარემარბი რაღაც დასამახსოვრებელს, არაორდინარულსა და შედეგიანს მუდამ ახორციელებს. მას სეზონის საუკეთესოობისათვის მართლაც ყველაფერი გააჩნია. 

Sportall.Ge

კრიტიკული პასაჟები სულ რომ არ დავივიწყოთ, "კრემონეზესთან"  ხვიჩას  რამდენიმე დაკარგვა ჰქონდა და დაცვით ფუნქციებში ისეთივე აგრესიული არ ყოფილა, როგორაც შეგვაჩვია. "კვარადონასგან" ყველა ასპექტში იდეალურობას ვითხოვთ და მას ეს შეუძლია კიდეც. ბევრი ექსტრაკლასის შემტევია, რომელიც გუნდურ ოპერაციებსა და უკანახაზელების დახმარებაში ისე წარმატებული არაა, როგორც "კვარა".

ვიქტორ ოსიმენი შეუდარებელია, თუმცა "ნაპოლი" სტანისლავ ლობოტკას გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მისი მოედნიდან გაყვანის შემდეგ სპალეტის საქციელი ბევრ რამეს ამბობდა - მან სლოვაკი ხელში აიყვანა. რჩება განცდა, რომ შუახაზელს ერთი ამოსუნთქვით ფინიშამდე გასვლა ასეთივე წარმატებით შეუძლია.

მთავარ მწვრთნელზეც უნდა ვთქვათ. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ლუჩანომ თამაში კარგად წარმართა. მას ძველი გამოცდილება ეხმარება და ტიტულამდე აუცილებლად მივა - სულ ცოტაა სკუდეტომდე!..

altDaily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა

altიუბილარი კვარაცხელიას მეცხრე გოლი - "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
გული არ მითმენს რომ არ ვთქვა: ხვიჩა შვილო წინასწარ გილოცავ იტალიის ჩემპიონობას!!!ნაპოლის მთელ შემადგენლობას ასევე ვულოცავ,მთელ ნეაპოლს ვულოცავ ასე ნანატრ სკუდეტოს!მე ჯერ კიდევ ზაფხულში დავიჯერე რომ ჩემპიონები გახდებოდით,ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!
ზაზა
12:00 16-02-2023
0
ოსიმენიც არანაკლებია ხვიჩაზე. თან ეტყობა რომ ბევრად თავისუფალია და ხალხის აზრსაც დიდ ყურადღებას არ აქცევს.
ხვიჩა კი ცოტა შებოჭილია და ამის დანახვა არც ისე რთულია
GOAT
22:34 15-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული