"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
ვცდილობ, ბევრი კომენტარი წავიკითხო და იქნებ, რაიმე გამოსავალისკენ ვუბიძგო ჩვენს მწვრთნელთა სტაფს. თუმცა, შეიძლება ფიქრობენ, წერეთ და იკითხეთო... ბევრ რამეში ვეთახმები სტატიის ავტორს, რომ წაგებას და სირცხვილს გადავურჩით და ბატონ შოთას, რომელიც გულისტკივილით წერს, რომ კოლექტიურ პრესინგში მოთამაშეების მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენები, უმეტესად მცველები დგანან და უყურებენ. მე მათ ვუწოდებ : კუ-ს. (არა დაცინვით). ფიზიკური მომზადება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, ხანდაზმული ფეხბურთელები, რომლებიც მინდორზე დაზოზინებეენ, არ მინდა გვარები დავასახელო, ხომ ნამდვილად შესაცვლელები არიან? არ მინდა დავწამო, რომ არ უნდათ თამაში, მაგრამ ბიჭო, აღარ შეუძლიათ და ძალააა? მაიდამაინც მინდვრიდან უნდა გახვიდე პენსიაზეეეე? მოვუწყოთ საპატიო გაცილება და წადი რააა... წარმატებები ბიჭებს...
გიორგი 50
30 მარტი 2023 12:21
0
დღეს, ყველა შესაძლებლობააქვს ნაკრებს, რომ წარმატებას მიაღწიოს, და რომ ეს მოჯადოებული წრე გაარღვიოს. არ მომწონს ავტოორის პატოსი. არ შეგვიძლია. ეს პოლიტიკის ბნელ ნიუანსებს გვაგონებს. რატომ გვაგუებენ რომ არაფერი არ შეგვიძლია? ეს არის დანაშაული. ყველაფერი გამოგვივა და ამდენხანსაც გამოგვივიდოდა, რომ მეტი პროფესიონალიზმი იყოს ფეხბურთის ფედერაციაში. ძმაკაცობა ვიცი მე საქმის გარეთ. ხოლო ის რაც საქმეს დააზიანებს, დანაშაულია. სადაა ხოჭოლავა? გაიკეთა ოპერაცია? რატომ არ იყო ლოჩოშვილი? ლობჟანიძე?გაგნიძე? საზონოვი? წიტაიშვილი? ჩაკვეტაზე? რატომაა ძირითადში დავითაშვილი და აზაროვი? ტაბიძე და კვერკველია? ან კიდევ, მონგოლეთთან, რომელიც გენ. რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, უეჭველად მოსაგები მატჩის წინ, რატომ იცავდა კარს ლორია? თან კაპიტანი, როცა სკამზე გიზის ფორმაში მყოფი გუგეშაშვილი? მამარდას რომ ტრამვა მიეღო თამაშში, ლორია უნდა დაგეყენებია? კაცი რომელიც ბურთს ვეღარ იმაგრებს ხელში? ვერ ხვდებით,. ფედერაციაში, რომ არავინ გიშლით ბიჭებთან ძმაკაცობას? მხედველობასია /ლორია, კაშო, კვეკვე, კვერკველია/ კანკავამ ინამუსა და თვითონ თქვა უარი., მაგრამ ძმაკაცობა შეიძლება მინდვრის მიღმაც. მერამდენე შემთხვევაა, როცა ამ ბიჭებმა კატასტროფამდე მიიყვანეს ნაკრები? თუ ასე უვიცები ხართ და მეტს ვერ ხვდებით,. მიეცით სხვებს შანსი. ნაყიდი გაქვთ თანამდებობები? იფრინა გოჩელეიშვილმა და ლობჟანიძემ. წიტა, რომელიც უნივერსალია, არ გააძლიერებდა საყრდენ ზონას? მითუმეტეს გაგნიძესთან ერთად, ხომ გამოჩნდა როგორი წელგამართული და თავდაჯერებით უკავია ბიჭს ბურთი. თავს დადებდა ორივე, ამ თამაშში. ჩაკვე, ცენტრში ხო დაალაგებდა თამაშს? ბურთს ხომ დაიჭერდა და პასს ხომ გააკეთებდა? ამას ყველა ხვდება თქვენს გარდა. რა გამოდის? არ გინდათ თქვენ წარმატება. თქვენთვის წარმატება, კაიკუშის დაზღვევაა, რომელსაც სანდო და გამოცდილი მოტამაშეები და მეკარე სჭირდება. სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ კაცი, ან საქმე არ იცით საერთოდ. თან იმას ჩაგვძახით, რომ მხოლოდ აქა იქ შეგვიძლია მოგება? სხვა რა? ვისაც თამაში შეუძლია მინდორს არ აჩვენებთ და ვისაც არ შეუძლია, ის მოედანზეა. გადმოსაყრელი ხართ სკამებიდან პანჩურებით. აღარ გრცხვენიათ?. კმარა. სპორტალს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ მაინც, იქნებ გაუნათდეთ გონება. მეტი არაა ჩემი მტერი, მარა მაინც. თამაში მოსაგები იყო, არაფერი გუნდი ეგ არაა.
ლევან მაღლაკელიძე
30 მარტი 2023 11:59
0
ზუსტად ეგ დავწერე ფბ-ზე, გადაჭარბებული მოლოდინი შევიქმენით და კადრების მწვავე დეფიციტი ნაკრებში, სანამ 6-7 ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება ბირთვად ტოპლიგებიდან იქამდე ვიქნებით წვალებაში და მცდარ ილუზიაში
გიო
30 მარტი 2023 11:43
3
ავტორი სწორია, როდესაც ფეხბურთელების დაბალ კლასზე მიუთითებს, თუმცა ვერც მწვრთნელმა შეძლო სწორი სათამაშო მონახაზის შერჩევა. ბურთის ართმევა - ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი. ამის გარეშე საშუალო დონის გუნდსაც ვერ მოუგებ. არ მჯერა, რომ ფრე გავახერხეთ. მე მგონი, 1-3 იქნებოდა ამ მატჩის ლოგიკური შედეგი.
gogig
30 მარტი 2023 11:14
1
სწორედ ეხლა უნდა დაიწყოს ლოჩოშვილის, გაგნიძის,საზონოვის,გოჩალეიშვილის და კიდე რამოდენიმე ფეხბურთელის ძირითადი შეჩვევა. მერე ერთა ლიგის ნახევარფინალის და ღმერთმა ქნას ფინალისთვის რომ გამოცდილები იყვნენ.რამხელა პრაქტიკას მიიღებენ ეხლა.
კახა ქ.
30 მარტი 2023 11:14
0
პასს ვერ აკეთებენ ნორმალურად ზოგიერთი და ჩაწოდებას ვერ ახერხებენ, რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ..
O.K.
30 მარტი 2023 10:49
1
დაცვასა და ნახევარდაცვაში პრობლემები რომ გვაქვს, ცხადია. დაცვას მოძრაობა უჭირს, ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა; ახალი სისხლია საჭირო
ოტო
30 მარტი 2023 10:14
0
თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ შემადგენლობის დაყენებაში არ დაგეთანხმებით. მწრთელზე კარგად თქვენ არ იცით, გამორიცხულია. წავიდა ის დრო როცა მჭვრთნელს მარტო მაიკების დარიგება ევალებოდა. ეხლა მწვრთნელი წყვეტს ძალიან ბევრ რამეს, რასაც შემსრულებელი ჭირდება. მაგალითად თქვენ იცით რა სჭირს მანქანას, მერსედესს. თქვენ მაგარი ინჟინერი ხართ, მაგრამ საბოლოოდ ის ხელოსანმა უნდა გააკეთოს. მოკლედ, გეთანხმებით იმაში, რომ შემსრულებლები არ გვყავს. მაგრამ პრამიდის საძირკველში უნდა ვეძებოთ მიზეზი და არა კენწეროში.
ჰაჰა
30 მარტი 2023 09:59
2
მთავარი პრობლემა არის ფიზიკური მომზადება, უპირველესი ყურადღება მწვრთნელმა ამას უნდა მიაქციოს, რეალურად რომ ვთქვათ სანიოლს დიდი არჩევანი არც აქვს იმიტომ რომ რეალურად ორი სამი ფეხბურთელუა მხოლოდ მზად 90 წუთისთვის, ამიტომაც ჩნდება ცარიელი სივრცეები, უბრალიდ თავიანთი სისუსტის გამო ვერ ავსებენ. უბრალოდ შეხედეთ ჩბენ ფეხბურთელებს, კუნთის ნასახი არ აქვთ ტანზე, როგორ უნდა აჯობოს კვეკვესკირმა ან აბურჯანიამ მაგალითად გორეცკას ან ბელინგემს, ან ტრუამენის, უბრალოდ გააქრობენ მოედანზე. თქვე დალოცვილებო ერთი ფეხბურთის თამაში გევალებათ, აიყვანეთ პერსონალური მწვრთნელი და ივარჯიშეთ ფიზიკურად, ხომ ხედავთ სადაც გაქვთ სისუსტეები, მაგის ფული ხომ მაინც გაქვთ რომ პერსონალური მწვრთნელი დაიქირავოთ, სირცხვილია ბოლო ბოლო ნორვეგიასთან თუ ასე დაიჩაგრეთ, წარმომიდგენია, ინგლისთან და საფრანგეთთან რა მოხდება საერთოდ
მამუკა
30 მარტი 2023 07:20
0
თავს ნუ მოვიტყუებთ ხალხნო, დიახ ეს თამაში არის სანიოლის ბრალი, ზუსტად ისბაყენებსბ11 კაცს! სწორად აღნიშნა ავტორმა, როდესაც გყავს ლოჩოშვილი-საზანოვი-გაგნიძე, თავიანთ კლუბებშიუდმივი სათამაშო დროით, უბრალოდ ვალდებული ხარ ათამაშო ეს ახალგაზრდები, მეტი მონდომებით ითამაშებენ, სად აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე კვერკველია, რონწლიც 2 პასს ვერალეთებს და სად სერია ა-ს გუნდის წევრი ლოჩო.. უნდა შეირჩეს სწორი შემადგენლობა, ზუსტად ამაში ვქირაობთ მწვრთნელს, მადლობა ძველებს, მაგრამ გზა დავუთმოთ ახალ თაობას, მენტალურად და ფიზიკურად მათზე წინ არიან ეს პატარა ბიჭები! თამაშამდე დავწერე და ახლაც დავწერ იმ 11 კაცს რომელიც ფეხბურთს ეთამაშებოდა ნორვეგიის საშუალო დონის გუნდს 4-2-3-1 ------ მამარდა- გოჩოლეიშვილი, საზანოვი-კაშია-აზაროვი-გაგნიძე-კვეკვესკირი-კვარა-ჩაკვე-წიტაიშვილი-მიქაუტაძე.
ჯიჯი
30 მარტი 2023 04:29
3
ალბათ არ უყურებდით ბატონო სერია ა-ში ლოჩოშვილის თამაშებს ტრავმამდე და მის შემდეგ თორემ ასე კატეგორიული არ იქნებოდით მის დაყენებაზე ნაკრების ძირითადში. მას აზერბაიჯანიდან კი არა უზბეკეთიდან ჩამოყვანილი მცველებიც კი აჯობებდნენ. დღეის მდგომარეობით ასეა, მომავალში კი ფორმაში შესვლას დიდ წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.
გიზოგ
30 მარტი 2023 12:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული