ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"იმის გათვალისწინებით, როგორი ჯგუფიდან გავიდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო. უფრო ძლიერი მეტოქეების ძლევის შემდეგ ისრაელთან წაგება გულდასაწყვეტი გახლდათ. ტურნირზე ახალგაზრდებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ და ეს ბევრმა გამოიყენა. საზონოვი იტალიურ გუნდში გადავიდა, კალანდაძეს ნაკრებში ვუხმეთ.

ესპანეთთან მეოთხე ტურის მატჩი გვიწევს და ვერ ვიტყვი, რომ ფინალის ტოლფასია. საქართველოში მოლოდინი დიდია, თუმცა ერთ დღეში ძლიერ ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ, დავალებები უნდა შეასრულონ და თამაშით სიამოვნება
მიიღონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ გამახარა, რადგან ეს ფეხბურთელთა გარკვეულ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ევროპული კლუბების ქართველებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

პენალტების შესრულებისას შეცდომას ყველა უშვებს. კვარაცხელიას ვენდობი, მიქაუტაძეს და კიტეიშვილსაც. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მოედანზე და ვინ იქნება მზად.

გიორგი არაბიძე უკანასკნელ ხანს უკეთ თამაშობს, თავის გუნდს ეხმარება, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსაძახებლად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ამისათვის სტაბილურად ხანგრძლივად თამაშია აუცილებელი. თუ ასევე გააგრძელებს, გამოვიძახებ".

ასევე დაგაინტერესებთ