ლეგიონი გუშინ: ქვილითაიას გოლი და წითელი, ჯანოს საგოლე პასები [VIDEO]

AutoSharing Option
20 სექტემბერს ქართველ ლეგიონერთა დიდმა ნაწილმა სათასო ბატალიებში ითამაშა.

რუსეთის თასის 1/16-ფინალში ჯაბა ლიპარტიასა და გიორგი ლორიას "ანჟი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ლუჩ ენერგიასთან" და ასპარეზობას გამოეთიშა. ლიპარტიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, ლორიას არ უთამაშია.

"ტამბოვმა" შინ 1:0 მოუგო ტულის "არსენალს". სტუმართა რიგებში არ უთამაშია გია გრიგალავას. ასევე ქვედალიგელმა "შინიკმა" საკუთარ მოედანზე შანსი არ დაუტოვა (3:0) გიორგი ჭანტურიას (ტრავმირებულია) გარეშე მოთამაშე "ურალს".

არ უთამაშია ელგუჯა ლობჯანიძესაც, მისმა "ორენბურგმა" კი შინ 0:2 წააგო "რუბინთან".

თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ტომთან". ჩვენებურმა
სრული მეორე ტაიმი ითამაშა და კინაღამ ულამაზესი გოლი შეაგდო - "მაკრატელა"გაუცუდდა. მატჩის მიწურულს ოქრიაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ყუბანს" ეწვია. მოსკოველებმა 2:0 მოიგეს. ტრავმამოშუშებული ანანიძე მასიმო კარერამ უმალ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, რაც საქართველოს ნაკრების შემტევმა ორი საგოლე პასით (ორივე - კვინსი პრომესს) დააფასა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჰოლანდიის თასს სენსაციურად გამოეთიშა გურამ კაშიას "ვიტესი". არნემელებმა 11-მეტრიანების სერიაში დათმეს უსახელო ქვედალიგელ "სვიფტთან". კაშია სათადარიგო იყო.

* * *
გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ავსტრიის თასის 1/16- ფინალში სტუმრად 4:0 მოუგო"ელეკტრას". მე-19 წუთზე ჩვენებურმა გოლი გაიტანა, 73-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პოლონეთის თასის 1/8-ფინალში "კორონა" ნიკა კაჭარავას გარეშე დაუპირისპირდა "ვისლას" და კაცნაკლულმა, დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 1/4- ფინალში გააღწია.

* * *
უკრაინის თასის 1/16-ფინალში "ვორსკლამ" სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის გარეშე 2:0 მოუგო "ავანგარდს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

* * *
ბელგიის თასზე "გენტმა" სტუმრად 3:2 მოუგო ქვედალიგელ "გეელს". გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია.

* * *
დანიის თასის 1/16-ფინალში "რანდერსმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ოტერუპს". მოგებულთა რიგებში საბა ლობჟანიძემ ბოლო 15 წუთი ითამაშა.

* * *
მაკედონიის ჩემპიონატში "ვარდარმა" 2:1 სძლია "რენოვას". გამარჯვებულთა შორის ჯაბა ჯიღაურმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

* * *
ყაზახეთის ჩემპიონატში "ატირაუმ" 0:1 წააგო "აკჟაიკთან". უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი ძირითადში იყვნენ.

ყაზახეთშივე, ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" გასვლაზე "აქტობეს" შეხვდა და 0:1 დამარცხდა. კვეკვესკირი სათადარიგო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ მე მგონია, რომ ჯანოს თანაგუნდელები არ აძლევენ ხშირად დროულ პასებს,სულ ხელები აქვს გაშლილი და ითხოვს ბურთს პასს,მაგრამ ყურადღებას ფაქტიურად არ აქცევენ.
kika
17:14 21-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული