2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უგუნდოდაა.
ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ქართული კლუბების ყურადღება იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვთ და ნამდვილად შეძლებენ მათი გუნდების გაძლიერებას.
- გიორგი ჭანტურია - 26 წლის ქართველი შემტევი ერთი წელია უგუნდოდ იმყოფება. კარიერის დასაწყისში მისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მოველოდით. მიუხედავად ამისა, გიორგი საკმაოდ ნიჭიერია და დიდი ძალაა ნებისმიერი გუნდისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ მის დამატებას რომელიმე ქართული კლუბი შეძლებს, რადგან ეს როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის მომგებიანი წინადადება იქნება.
ბოლოს გიორგი რუსულ "ურალში" გამოდიოდა, სადაც ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა და რუსეთი განაწყენებულმა დატოვა. ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდი და "ვიტესი". ჰოლანდიიდან წამოსვლის შემდეგ მან ბევრი კლუბი გამოიცვალა, თუმცა თავი ვერსად დაიმკვიდრა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.
- ავთო ებრალიძე - ებრალიძის რუმინული კარიერა ისე ვერ წავიდა, როგორც მას სურდა. 28 წლის შემტევისთვის "ვოლუნტარში" გატარებული დრო ფუჭი დროის კარგვა გამოვიდა. თუ რომელიმე ქართული კლუბი მის დათანხმებას მოახერხებს, საკმაოდ დიდ ძალას შეიძენს.
ავთო "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ხეტაფეს" ახალგაზრდული გუნდი და დანარჩენი პერიოდი პორტუგალიაში გაატარა. თამაშობდა როგორც პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში, ამავდროულად, მეორე ლიგაშიც მოუწია თამაში. საქართველოს ნაკრებში მან 3 მატჩი ჩაატარა.
- ალექსანდრე კობახიძე - 32 წლის გამოცდილი ვეტერანი უგუნდოდ იმყოფება და სასურველია, თუ ისიც საქართველოში ითამაშებს, თუმცა მისი გადაბირებით, სავარაუდოდ, უკრაინული კლუბებიც იქნებიან დაინტერესებულნი. ბოლოს ის "დნიპროში" იმყოფებოდა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გუნდი დატოვა. კობახიძეს კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული, თუმცა უთამაშია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ჩემპიონატში.
ქართველ ნახევარმცველს ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი. ის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და ნებისმიერი ქართული კლუბისთვის საუკეთესო შენაძენი იქნებოდა.