რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში როგორც ყოველთვის აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, მან პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, მაგრამ მეკარე მაკსიმენკომ არ გაატანინა. მე-40 წუთზე სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო 44-ეზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და აირტონმა მოცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შემტევი პენალტზე შეგნებულად წავიდა და გამოცდილი ფეხბურთელივით ყველაფერი მოხერხებულად გააკეთა. თერთმეტმეტრიანით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ ხვიჩამ მოედნის ცენტრში ჟიგო და კრალი მოატყუა, საჯარიმოში იგნატიევს უპასა, მას კი გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. მერე ის ისევ გაექცა მეურვეებს და დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ყაზანელთა კარში ისევ პენალტი დაინიშნა და ლარსონმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
არბიტრ კუკუიანს შეეძლო ხვიჩას საჯარიმოში წაქცევისათვის 90-ე წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჩვენებურს სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.
ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და "სპარტაკის" მცველ ჯიქიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.
"რუბინმა" ჩემპიონატი 35 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა - კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა, ხოლო დავითაშვილმა - 2.
მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტი აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.