კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი" 2:0 დაამარცხა.
ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა.
ანგარიში მე-9 წუთზე ხორვატმა მცველმა ბრანკო ვრგოჩმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი ქვილითაიამ დალაშქრა.
larnakasports-ი აღნიშნავს, რომ ლორიამ კარგად ითამაშა, თავისი გუნდი გადაარჩინა და დიდი მეკარეა.
"ანორთოსისმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 3 ქულით ჩამორჩება (მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 28 ოქტომბერს სტუმრად "ეთნიკოსს" დაუპირისპირდება.