ხვიჩამ "სპარტაკთან" მატჩი ჩააგდო? - მან გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა

AutoSharing Option
ბევრი მიიჩნევს, რომ „სპარტაკთან“ მოგებული რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „რუბინის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათანადოდ ვერ ჩაატარა, რასაც შეიძლება ნაწილობრივ დაეთანხმო. მხოლოდ ნაწილობრივ. კვარაცხელიას 23 წლის მცველი ნიკოლაი რასკაზოვი პერსონალურად მეურვეობდა, მას მოზესი და ნაილ უმიაროვი აზღვევდნენ. ამდენად მარცხენა ფლანგზე მისი განეიტრალებით 3 ფეხბურთელი იყო დაკავებული, რამაც ილია სამოშნიკოვს ხელ-ფეხი გაუხსნა, რომელსაც ნამატჩევს ყაზანელი სპინაცოლა უწოდეს. ის საუცხოოდ გაისარჯა, გატანილი გოლის გარდა კიდევ რამდენიმეჯერ დაემუქრა მაქსიმენკოს კარს და გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. ამას კი მოედანზე ხვიჩას ყოფნის გარეშე ვერ მოახერხებდა,
რამეთუ საჭირო სივრცეები არ გაეხსნებოდა.

რა თქმა უნდა, რასკაზოვი ჩვენებურის წინააღმდეგ ჩინებულად მოქმედებდა და რთული ტესტი ჩააბარა: მშვიდად და აუღელვებლად ხვდებოდა, ორთაბრძოლებსა და სისწრაფეში არ ჩამორჩა და რაც მთავარია, პოზიციას სწორად არჩევდა. ის სრულად იყო დაკავებული მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულებით და სამოშნიკოვივით შეტევებში ჩართვისთვის ვერ იცლიდა. ამისათვის არც დრო ჰქონდა და არც ენერგია. მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მიიღო ორ იერიშში მონაწილეობა (როდესაც ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს), რომლებიც უშედეგოდ დასრულდა. ხვიჩას შვიდი დრიბლინგიდან მხოლოდ ორი გამოუვიდა და ორივე უმიაროვთან.

ყაზანელთა გუნდის წამყვანი რგოლი მარცხენა ფრთაა, სადაც კვარაცხელია და სამოშნიკოვი მოქმედებენ და მათ დრო და დრო ეფექტურად ეხმარება ოლეგ შატოვი. ხაზგასასმელია, რომ „რუბინმა“ კარისაკენ რვაჯერ დაარტყა ბურთი და ხუთი მათგანი მარცხენაფლანგელების ანგარიშზეა. ასე რომ, ხვიჩამ თავისი საქმე მაინც გააკეთა და თანაგუნდელებთან ერთად  რუსეთში ახალი „სპარტაკის“ უძლეველობის მითი დაანგრია. შეგახსენებთ, „სახალხო გუნდს“ ახლახან ჩაუდგა სათავეში პორტუგალიელი რუი ვიტორია და წინასასეზონო სამზადისისას ყველა საკონტროლო შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ამ დაპირისპირების მნიშვნელობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ნამატჩევს „რუბინის“ თავკაცი ლეონიდ სლუცკი შეუძლოდ შეიქნა და სახლში ნაადრევად წავიდა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა არ დამალა, რომ შესვენებაზე გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა, უკეთ ეთამაშათ, თორემ მწვრთნელს დაკარგავდნენ.

და კიდევ: ყველა აღნიშნავს, რომ მომავალი ტრანსფერის წინ ხვიჩა მშვიდადაა და ეს მასზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყო ფსიქოლოგიურად, შეუძლებელია ყველაფერმა ამან არ იმოქმედოს, მით უმეტეს 20 წლის ბიჭზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ წერთ ამდენს ამ ბიჭზე, დაანებეთ თავი. უკვე ცუდად მოქმედებს.
Status quo
26 ივლისი 2021 16:21
2
წაიღეთ ტვინი!!!!!
მთ
26 ივლისი 2021 13:35
2
ხვიჩა ტოპ ლიგის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. რუბინს გამთამაშებელი ცოტა ნორმალური რომ ყავდეს ხვიჩიას ხელ ფეხი გახსნილი ექნებოდა მისი ჩვეული დრიბლინგით. შუა ხაზის ნახევარდამცველები ყავს ცუდი.
ისიდორე
26 ივლისი 2021 00:46
0
დღეს რუბინში ისევ გამორიცხეს ხვიჩამ გადასვლა,რაიმე კონკრეტული წინადადების არარსებობის გამო, რაც ნაწილი რო ხვიჩამაც დაადასტურა, ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ტრაფარეტი უჭირავს წარწერით”შეეშვით ტყუილების გავრცელებას, არსად არ მივდივარ”.
ჯუჯი
25 ივლისი 2021 21:50
5
მატჩის შემდეგ, საკმაოდ ნეგატიური შეფასებები წამოვიდა ხვიჩას გაწეული სამსახურის შეფასებისას... მეც ვუყურე და როგორც რიგით გულშემატკივარს, ბუნებრივია მეტი მინდა... მაგრამ, თუ სუბიექტური არ ვარ ჩვენი იმედის მიმართ, ცუდი ნამდვილად არ ყოფილა... თუმცა, მეტი და მეტი... ხვიჩა- ჩვენო პატარა ძამიკო! შესაგდები, უნდა შეაგდო. კეთილისმსურველი
ირაკლი
25 ივლისი 2021 21:37
0
?
Slava
25 ივლისი 2021 21:25
0
ვფიკრობ რომ ხვიჩას მთელი დატვირთვით არ უთამაშია, იმიტომ რომ ის მართლა ემზადება გადასასვლელად მილანში, და ამიტომ ვფიკრობ რომ თავს გაუფრთხილდა, და მე მგონი ესეთ შემთხვევაში მისაგები უნდა იყოს არამარტო ჩვენთვის არამედ რუბინული კლუბისთვისაც, იმიტომ რომ რუბინი ამით დზალიან დიდ ფულს შოულობს..... და გუშინდელ თამაშზე არამგონია რომ თვითონ კლუბში უკმაყოფილო იყონ ხვიჩას თამაშით. უკმაყოფილო იკნებოდა მარტო რუბინის გულშემატკივარი, იმათ ხომ ხვიჩას გაშვება არუნდათ.......
Slava
25 ივლისი 2021 20:55
3
აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს. საქართველოში ყველას ჰგონია, რომ ფეხბურთი ესმის. ამ დროს 90% გაგებაში არაა. გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასაჭირო და არაკომპეტენტური კომენტარებისგან. მომიტევეთ.
სანდრო
25 ივლისი 2021 20:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული