- ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და "რუბინში" ისევ გამორჩეულია, თუმცა მისი ტრანსფერის მიმართ იმხელა ინტერესია, სპორტული მხარე, გარკვეულწილად, იჩრდილება. ამის შესახებ თქვენ რას გვეტყვით?
- 12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90-პროცენტიანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის ძალიან მაღალი დონის კლუბში ითამაშებს. დაინტერესება უამრავია -
- ბოლო პერიოდში ბევრი იწერება "მილანის" ინტერესსა და ტრანსფერში კახა კალაძის როლზე; საუბარია "ტოტენჰემზე", უფრო ადრე კი "ლიდსი" თავად ფეხბურთელმა დაადასტურა...
- არ მესმის, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომლებსაც არც ფეხბურთელთან აქვთ ურთიერთობა, არც კლუბთან და არც აგენტთან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "მილანისგან" არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ამ საკითხზე ჩვენ არც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაგვკავშირებია.
მილანური კლუბისგან იყო ინტერესი, მაგრამ ეს იყო "ინტერი", რომლის ხელმძღვანელობასაც აპრილში შევხვდით. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ შემთხვევაში ინფორმაციას დავადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. "ლიდსზეც" რაიმე ახალს და ხვიჩას ნათქვამზე მეტს ვერ ვიტყვი.
- უფრო მეტი რომ გვითხრათ კვარაცხელიას მსურველ კლუბებზე და არის თუ არა რომელიმე ვარიანტი გამოკვეთილი?
- ხვიჩა ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა გუნდს სურს, მაგალითად, "ევერტონს", "ბრაიტონსა" და "ვულვზს", მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე რეალური წინადადება. იტალიიდან, "ინტერის" გარდა, კვარაცხელია "იუვენტუსსაც" სურს; არის "ატალანტას", "ნაპოლისა" და "ლაციოს" დაინტერესება. ინიციატივას გერმანიის ბუნდესლგისის, მინიმუმ, 5 კლუბი იჩენს.
ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკება მხოლოდ 2 კლუბთან მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ინგლისის, მეორე კი იტალიისაა. მათ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი იციან. როცა ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება პირველად sportall.ge-ს მეშვეობით შეიტყობს.
- საბა კვირკველიას მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ. ბოლო პერიოდში მას არაბეთს უკავშირებდნენ...
- არაბული კლუბისგან ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა საბას ევროპაში თამაში სურს. დაინტერესება, რა თქმა უნდა, რუსული კლუბებიდანაც არის. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
- თქვენ ირაკლი აზაროვის აგენტიც ხართ. კვიპროსული "პაფოსის" ვარიანტზე დაიწერა...
- აზაროვი არ წავა ისეთი საშუალო დონის ჩემპიონატში, როგორიც კვიპროსი და ალბანეთია. ჩემი სურვილია და ამაში კლუბის ხელმძღვანელობაც მეთანხმება, რომ მან ბათუმის "დინამოში" ასპარეზობა გააგრძელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგება პირველი რიგის ამოცანა იქნება.
აქვე, ბათუმის "დინამოს" წარმატებები მინდა ვუსურვო - დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, გუნდი თურქეთში გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ კლუბს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჰყავს. ბელარუსში მათ წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ბათუმელთა რიგებში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა.
- ეროვნული ლიგიდან რუსეთში გადაბარგებულ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეზე უნდა გკითხოთ, გულშემატკივარი მოსკოვის "დინამოსგან" მისი განათხოვრებით უკმაყოფილოა...
- მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი. არანაირად არ უნდა დაშვებულიყო ის, რომ გაგნიძე მოსკოვური კლუბიდან გაენათხოვრებინათ! მე ქართველ ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებ!
"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი