თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში "ჰათაისპორი" სტამბოლში "გალათასარაისთან" 1:2 დამარცხდა, სტუმართა გუნდიდან კი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
ლობჟანიძე თავის ახალ გუნდში, პირველ ტურში "ქასიმფაშასთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და "ჰათაისპორს" ქულა მოუპოვა. ამჯერად მწვრთნელმა ომერ ერდოღანმა სასტარტოში დააყენა და მან მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა. შეგახსენებთ, ქართველმა ლეგიონერმა "გალათასარაის" კარი გასულ სეზონშიც დალაშქრა, როდესაც "ანკარაგიუჯიუს" ღირსებას იცავდა.
საბა აქტიური იყო, გარდა გოლისა, რამდენიმე მომენტი შექმნა - ერთხელ გატანა მეკარე მუსლერამ არ დაანება, მისი განივი გადაცემები დიუფმა და სენტ-ლუისმა ვერ გამოიყენეს, ხოლო მასპინძლებმა თავიანთი შანსები ხელიდან არ გაუშვეს. 30-ე წუთზე ფეგულიმ ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ლუინდულამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
28 აგვისტოს "ჰათაისპორი" "ალანიასპორს" უმასპინძლებს, რის შემდეგაც კარგ ფორმაში მყოფი ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრება.