ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

AutoSharing Option
მიქაუტაძის "სერენში" დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა - მისი გუნდი ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "სტანდარდთან".

"სერენს" ლიეჟური გუნდი დამარცხებული არასოდეს ჰყავდა (9 წაგება და 2 ფრე) და პირველი გამარჯვების მოპოვებას იმედოვნებდა, მაგრამ ისევ მარცხი განიცადა.

მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა მიქაუტაძე სასტარტოში არ დააყენა, ვინაიდან გუნდში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში "სერენი" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 21-ე წუთზე "სტანდარდი" პენალტით სემი ამალაჰმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე გიორგი, 56-ე წუთზე მეკარე
არნო ბოდარტთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ გოლკიპერმა გოლის გატანა არ დაანება.

ბელგიური პრესა ხაზს უსვამს ქართველის აქტიურ თამაშს, რომელმაც 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ მუსა სისოკოს მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა. დარჩენილ დროშიც მასპინძლები დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ბოდარტი.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გიორგიმ თქვა, რომ დაბრუნებით გახარებულია, თამაში სჭირდება, ამიტომ დაბრუნდა, გოლის გასატანად ცოტა დააკლდა, თუმცა იცის, რომ გოლების გატანას მალე დაიწყებს.

"სერენი" 9 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 სექტემბერს მე-8 ტურში გასვლაზე "ანტვერპენს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 15 სექტემბერს თასზე, ასევე გასვლაზე "ლოკერენ-ტემსეს" დაუპირისპირდება. ასე რომ, მიქაუტაძეს ყველაფერი წინ აქვს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ხშირად მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ