ყველამ შეუტია, არავინ დაინდო - არ გატყდე, ხვიჩა!

AutoSharing Option
ისეთი ფასი დაადო "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას (20 მილიონი ევრო), რომ მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ირწმუნებოდა, რომ ქართველის თაობაზე არავის მიუმართავს, ხოლო სპორტული დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის თქმით, 3.5 ძალიან დიდი კლუბისგან ოფიციალური წინადადება ჰქონდათ. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თავის კლიენტზე "იუვენტუსთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩთან მოსალაპარაკებლად ტურინშიც ჩაფრინდა, მაგრამ შემდეგ ის სამუშაოდან დაითხოვეს და ხვიჩას 5-10 მილიონ ევროდ შეძენაზე უარს არავინ იტყოდა. ცხადია, ბატონი საიმანოვი აშკარად არ იძახის სიმართლეს.

მოკლედ, კვარაცხელიას "რუბინში"
დარჩენა მოუწია, თავისთავად 20 წლის ბიჭზე ამან უარყოფითად იმოქმედა, თან ტრავმაც დაერთო და ძველებურად ვერ თამაშობს. "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ილია სამოშნიკოვის ტრავმის შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა გარემარბმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა, აქტიურიც იყო და 83-ე წუთზე მსაჯს მისი წაქცევისთვის კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ, ალბათ, ჩათვალა, რომ ყაზანელთა შემტევისთვის ორი პენალტის მიცემა მეტისმეტი იქნებოდა.

და ატყდა ერთი ამბავი: სლუცკიმ თქვა, რომ პენალტი ანდერს დრეიერს უნდა დაერტყა და ხვიჩამ არ დაანება, ხოლო მეკარე იური დიუპინის მტკიცებით, კვარაცხელიამ გაცუდებული თერთმეტმეტრიანის მერე თამაში მიატოვა.

ჩვენებური რუსულმა პრესამ გააკრიტიკა.

"კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რომელმაც პენალტი პარტნიორს წაართვა და რეალიზაცია ვერ მოახერხა, სიტუაცია უფრო რთულიც კია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ. სლუცკიმ ის სათადარიგოთა სკამზე დასვა და ჩვენი ინფორმაციით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს ურთიერთობა გაუცივდათ. "რუბინის" ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ქართველი ვინგერი ევროპაში განუხორციელებელი ტრანსფერის გამო მორალურად განადგურებულია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე კი კიდევ ბევრი მატჩია", - წერს Championat-ი.

"ცალკე პრობლემა ხვიჩაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე პრემიერლიგის პირველ 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. შარშანდელი კაშკაშა სეზონის მეორე ნახევრიდან გამომდინარე, მისგან სულ სხვა მოლოდინი იყო. თუმცა, წინა სეზონში პირველ 8 შეხვედრაში საერთოდ არ გაუტანია და მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა. ცოტა მოგვიანებით მოუმატა. სტატისტიკაც არ აჩვენებს, რომ მოეშვა: შემცირდა საკვანძო პასების და კროსების რაოდენობა, მაგრამ უფრო ხშირად ურტყამს კარში და ცრუმოძრაობის მხრივაც მოუმატა (პროცენტი შენარჩუნდა), - აღნიშნავს Sports-ი.

"რუბინი" საშინელია: სლუცკის გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია, ხოლო ხვიჩამ პენალტიც კი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ სიამოვნებით განიხილავენ მედიასამსახურის ახალ ვიდეოებს - მწვრთნელი ხუმრობს და მღერის, ფეხბურთელები ცეკვავენ. კონტენტი მართლაც მაღალი კლასისაა, მხიარული. ეგაა, სლუცკის გუნდს აშკარად დაეტყო პრობლემები. მათზე და წარმატებებზეც საუბარია საჭირო.

ხვიჩასა და დესპოტოვიჩის ანგარიშზე 2 გოლია. ეფექტური გასული სეზონის შემდეგ ქართველ ჰავბეკს ევროპის ტოპ-კლუბებს ურიგებდნენ, მაგრამ ახლა სადღაც გაქრა გასული სეზონის პროდუქტიულობა და შედეგიანობა.

გასაგებია, რომ კვარაცხელიას, რომელიც ჯერ ცუდ სეზონს ატარებს, რეაბილიტაცია და მნიშვნელოვანი გოლის გატანა სურდა. ფეხბურთელის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ ახლა მწვრთნელთან მკაცრი საუბარი ელის. პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა და გუნდი დააღალატა", - ეს ამონარიდი "სპორტ-ექსპრესიდანაა".

კვარაცხელიას კარგი თამაში ისედაც ბევრს აღიზიანებდა და ახლა რუსული გამოცემების კომენტარებში მთლად გესლს ანთხევენ. ხვიჩა მალე საქართველოში დაბრუნდება, სამშობლოსა და ნაკრებში სრულიად სხვა გარემოში მოხვდება, სადაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობს და ჩვენ, ყველამ, მას სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. რთული პერიოდი ცხოვრებასა და ფეხბურთშიც ყველას აქვს და აუცილებელია გვერდში დავუდგეთ.

ხვიჩა კიდევ იტყვის თავის სიტყვას ფეხბურთში, დიდ ფეხბურთში. აუცილებლად იტყვის. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 54 /
მივმართავ რუს კრიტიკოსებს.თქვე დედა ატირებულებო ნახეთ პსჟ ვარსკვლავებს წყვიტავს?ისე წააგო ეხლა კარში არ დაურტყავს.არადა მბაპე,ნეიმარი,მესი.მბაპეც იგივე დღეში არაა?არ მიყიდეს რეალს და საერთოდ ნოლი გახდა.აქამდე რასაც მიაღწიეთ ხვიჩას წყალობით და უცებ მოინდომეთ გამდიდრება.გაგეყიდათ 10 მილიონად.ეხლა ხო ეგ ფასიც სახვეწარი გაქვთ?ღირსები ხართ.ხვიჩა ნაკრებში დაამტკიცებს რა შეუძლია.
ვილი
21:47 04-10-2021
2
ძალიან მეცოდება ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა აგენტი დიდ როლს თამაშობს ტიპიური აფერისტი ფულის მონაა ეს ჯუღელი ან ამხელა კონტრაქტი რას დაადებინა ან თუ დაადებინა ფასი განესაზღვრა ან დაბრკოლების არ შექმნა ჩაედო კონტრაქტში რაც რუბინში უნდოდათ ისე ქნეს ბიჭი ფაქტიურად მონად გახადეს უნდა გავიდეს აიხვიოს მთელი რუსეთი და მოიგოს ჩემპიონატი? წადით ამ რუსეთიდან ბიჭებო წადით!!!! ხვიჩა არ გატყდე შენ და ჩაკვე საქართველოს ნათელი მომავალი და იმედი ხართ. გვიყვარხარ ქართველებს და მუდამ გვერდით დაგიდგებით!!!!!
გორკა
22:09 03-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული