"ანორთოსისისა" არ იყოს, ჩემპიონი "ომონიაც" წარუმატებლად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში და ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სასტარტოში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა დააყენა, ნიკა ნინუა კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ანგარიში 37-ე წუთზე მილოშ დელეტიჩის პასით კაჭარავამ გახსნა, რომელმაც "ანორთოსისში" გოლი 665 დღის შემდეგ პირველად გაიტანა - მაშინ აეკ-ი დაამწუხრა.
მეორე ტაიმიც საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, 52-ე წუთზე ფამაგუსტელთა მცველმა სპიროს რისვანისმა თავურით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე დააფიქსირა. ქეცბაიამ კაჭარავა 64-ე წუთზე შეცვალა. დარჩენილ დროში ქეცბაიას შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა კონტრშეტევაზე ნიქოზიელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ლორიამ გოლის გატანა არ დაანება.
ქართველების გუნდმა ჩემპიონატზე ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 9 ქულით მე-6 ადგილზეა და 7 ნოემბერს "პაფოსს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 4 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე ტალინში "ფლორას" დაუპირისპირდება.
"ანორთოსისმა" ძალები მოიკრიბა, ფენიქსივით აღსდგა და წლის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო", - წერს მატჩის მიმოხილვაში კვიპროსული goal.philenews-ი.