გენიოსი, წარმოუდგენელი და უდიდესი ტალანტი, რომელიც არაფრით მოვიდა და ყველაფერი წაიღო - გიორგი ქინქლაძეზე ინგლისური გამოცემა წერს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და მათ ქართველ ვარსკვლავზე, გიორგი ქინქლაძეზე, thesefootballtimes-ზე ომარ სალეემი საინტერესო სტატიას წერს. გთავაზობთ სრულად:

"დიდი ხნით ადრე, სანამ სერხიო აგუერო, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი "ეტიჰადის" მოედანს სახლს დაუძახებდნენ, "მეინ როადის" სტადიონი იყო. პრემიერლიგის ტიტულისგან შორს, აღმოსავლური სიმდიდრის გარეშე ერთი ჩვეულებრივი, ძველებური სტილის დახრილი სტენდით. მოკრძალებულ სტადიონზე ადამიანისთვის გვერდის ავლა ჭირდა, თუმცა ბევრისთვის რეალური სილამაზე ამაში აღიქმებოდა, ვიდრე დღევანდელი, გათანამედროვებული მოედნები ულამაზესი ხედებით, თავისი კვების ობიექტებითა და სასტუმროს ტიპის ნომრებით. "მეინ როადი" ერთ-ერთი იმათგანია.

ზოგადად, ბრიტანულ ფეხბურთში
"მანჩესტერ სიტისთვის" თვალის დევნება გულშემატკივრებისთვის დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული, რადგან წინასწარ არ იცოდი, რას უნდა დალოდებოდი. მაგალითად, დღეს "ქალაქელების" თამაშს თვალს რომ ადევნებ, სანამ ფეხბურთელები მინდორზე გავლენ, წინასწარ იცი, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. ყოველთვის "ლივერპულის" გულშემატკივარი ვიყავი, "იუნაიტედი" მეზიზღებოდა. ალბათ, "სიტის" მიმართ გარკვეული სიმპათია ამანაც გამოიწვია, მათაც ხომ ჭირივით ეზიზღებათ "წითელი ეშმაკები".

ასევე ერთი პატარა დეტალი იყო, საინტერესოა, ალბათ, რა არის ისეთი, რომ სხვა გუნდის თამაშების მოლოდინი გამიჩინა... ბრიტანული ფეხბურთის ძველი თაობის წარმომადგენლებს ქართველი გიორგი ქინქლაძე გემახსოვრებათ. მისი მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. დიდი ხნით ადრე, სანამ აგუეროს და დე ბრუინს გააღმერთებდნენ, ამას ქინქლაძემ მიაღწია. მოვიდა, ითამაშა (საყვარელი გუნდის წინააღმდეგაც) და თავი შეგვაყვარა.

"ქინქი" მთელი თავისი დიდებით მოედანს ერთხმად აღრიალებდა, თავდაკარგულ ფეხბურთის მოყვარულებს ბოლო ხმაზე აყვირებდა და გულში უდიდეს სიყვარულს უტოვებდა. ლამაზი ცრუ მოძრაობები და უფრო ლამაზი გოლები. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა, ადრეულ წლებში უხალისო სპორტსმენი იყო. საბჭოთა საქართველოში აკადემიკოსი მშობლების შვილი ბალეტითა და ტანვარჯიშით იყო დაკავებული, ფეხბურთისადმი კი ეს ფაქტი, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კარგი რამაა. სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი მის ადრეულ წლებში. მოცეკვავის ბალანსითა და შესაძლებლობებით გაჯერებულმა ქინქლაძემ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა. ყველაფერში სპორტის თავგადაკლული გულშემატკივარი მამა ეხმარებოდა, ავარჯიშებდა, რათა ჩამდგარიყო იმ ფიზიკურ კონდიციებში, რომლითაც მომავალში თავს დიდ ფეხბურთში დაიმკვიდრებდა. თითქოს ეს სპორტი დიდი ბიჭებისთვისაა? არა, შეხედეთ ქინქლაძეს, მესის და სხვა ტანდაბალ და მოქნილ ფეხბურთელებს...

გიორგის მამა რობინზონი შვილს თავის კონტროლს ასწავლიდა, აიძულებდა, ბურთთან რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა; სახლშიც კი ავარჯიშებდა მძიმე ფიზიკური დატვირთვით, რათა ფეხები რაც შეიძლება მეტად გამაგრებოდა. მან კარგად იცოდა, რომ შვილს სურდა, ნახევარმცველი ყოფილიყო, რომელიც თამაშში ბურთს ყველაზე ხშირად შეეხებოდა. ამიტომ ცდილობდა, გიორგი ამ პოზიციის შესაბამისად გამოეწვრთნა, მოგვიანებით კი, 1979 წელს, თბილისის "დინამოშიც" მოასინჯინა ბედი (სინჯებზე). ბავშვმა ყველას ყურადღება მიიპყრო, უზადოდ თამაშობდა.

ამ დროს კი მომავალ ქართველ ლეგენდას ფეხბურთისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღვივდებოდა და უფროსებშიც დროდადრო თავს იმკვიდრებდა. პირველ ოფიციალურ გუნდად "მრეტები" მოგვევლინა (ახლად შექმნილი გუნდი იყო). სწორედ იქ გაუსინჯა პირველად გემო მასზე ასაკით და ფიზიკურად დიდ, პროფესიონალ ფეხბურთელებთან ოფიციალურ თამაშს...

2 წლის თავზე გუნდმა მეორე ლიგის ტიტული მოიგო, თინეიჯერი კი ბრწყინავდა, მოედანზე დიდ სათამაშო სივრცეს იღებდა და ყველაფერს თვითნებურად, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, ეს ხომ ქინქლაძის შესაფერისი სტილი იყო. რა თქმა უნდა, მსგავსი სათამაშო უნარ-ჩვევები უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა და იმდროინდელი "დინამოს" მფლობელმა მისი საკუთარ გუნდში ხილვა ისურვა, თანაც შემადგენლობაში შოთა არველაძეც იყო, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდებულ და წარმატებულ გუნდში ბრწყინავდა, "ქინქი" 1991 წელს "დინამოში" დაბრუნდა და მოწინააღმდეგეთა რბევას ამჯერად შოთასთან ერთად შეუდგა. მოგეხსენებათ, იმავე წელს საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, ქინქლაძე და არველაძე კი ეროვნულ ნაკრებში აღმოჩნდნენ. ისინი ქართველთა გამორჩეული ნაკრების პირველი ვარსკვლავები იყვნენ.

რა თქმა უნდა, გიორგის საზღვრებს გარეთაც აკვირდებოდნენ, თანაც "დინამოში" კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - 34 გამართულ შეხვედრაში ჯამში 28 გოლ+ასისტი ჰქონდა. ეს შედეგი საქართველოს უმაღლესი ლიგისთვის მართლაც რომ შესანიშნავია. ყველა ხედავდა, რომ ტანმორჩილ პატარა ბიჭუნას წინ უდიდესი დიდება ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ, 1993 წელს საქართველოში მომხდარმა სამოქალაქო ომმა მისი კარიერა გარკვეულწილად დაამუხრუჭა.

1993/94 წლების სეზონში გიორგიმ 14 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მაშინ უკვე დედაქალაქურმა გუნდმა საუკეთესო ფეხბურთელების ომის კლანჭებისგან თავდასაღწევად ევროპაში გაშვება დაიწყო, იქ კი ამ სპორტსმენებზე ბევრი რამ არ იცოდნენ, მაგალითად, პატარა გამთამაშებელზე, რომელსაც ერთ კონკრეტულ სიტუაციაში მოხდენილობითა და სისხარტით, ტექნიკითა და უბადლო საშემსრულებლო კლასით მეტოქე გუნდის ყველა წევრის მოტყუება შეეძლო. "ქინქიმ" სათამაშოდ დასავლეთ ევროპას მიაშურა, კერძოდ, მე-2 ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენს". ქართველი კარიერის გადასარჩენად იბრძოდა. რთულია, საქართველოდან წასული გერმანული ფეხბურთის ფილოსოფიაში მარტივად ჩაჯდე, იქ ხომ გაცილებით დიდი ფიზიკური დატვირთვაა. ყველაფრიდან გამომდინარე, "ქინქი" მოედანზე 90 წუთს იშვიათად ატარებდა, 1994 წელს კი უკან, "დინამოში" დაბრუნდა.

1993 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" 200 000 ფუნტად შესთავაზეს. წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა, მისი ფიზიკური კონდიციებიდან და დისციპლინიდან გამომდინარე, ეს ტრანსფერი არ შედგა. შემდეგ ტალანტი სინჯებზე "რეალშიც" მივიდა, თუმცა დაიწუნეს. ამ დროს ქართველი "ბოკა ხუნიორსის" სკაუტმა შენიშნა (ეძებდა მადრიდელების მიერ დაწუნებულ ტალანტებს).

და იჯარით ქინქლაძე სათამაშოდ არგენტინაში გადავიდა, ჩავიდა და საკუთარი ნიჭის დემონსტრირება სრულიად უცხო კონტინენტზე დაიწყო. შეხვდა კერპ დიეგო მარადონას, თუმცა რეგულარული ადგილის შენარჩუნება ვერც იქ შეძლო. "ალბისელესტელები" მაშინ უცხოელ ფეხბურთელებზე მეტად უპირატესობას თანამემამულეებს ანიჭებდნენ. ამიტომაც გიორგი სამშობლოში დაბრუნდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩიხში შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში თავის გამოჩენას ყოველ შეხვედრაში ახერხებდა, სტაბილურად გუნდში ვერ თამაშობდა (სხვადასხვა გუნდში უწევდა წასვლა), საქართველოში იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და გიოს გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა მერაბ ჟორდანიამ სულ სხვაგან გაუშვა და აქედან დაიწყო "ქართველმა მესიმ" რეალური სახის წარმოჩენა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშე გიორგის რამდენიმე კადრი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტს, ფრანსის ლის, ქინქლაძე გაეფორმებინა. 1995 წელს "ქალაქელებმა" ქართველი 2 მილიონ ფუნტად შეიძინა, დანარჩენი უკვე ისტორიაა. ალბათ, ამ წინადადებას განსხვავებული შინაარსითაც იყენებენ, თუმცა აქ მართლაც რომ ასეა.

Sportall.Ge

ამ ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გულშემატკივრები დანამატით უკმაყოფილონი იყვნენ, განა შეძლებს ვიღაც პატარა ბიჭი პრემიერლიგაში თამაშს? საერთოდ ვინ არის? შეკითხვები მთელი ინგლისიდან მოდიოდა, თუმცა მოგვიანებით გაჩუმდნენ და ამ დიდებული ფეხბურთელის თამაშით ტკბობა დაიწყეს.

უცნობი ქართველი ფეხბურთელის ერა 1995 წლის აგვისტოში დაიწყო. საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა ელოდათ წინ და ცოტა არ იყოს, სკეპტიკურადაც უყურებდნენ, თუმცა გენიოსმა პირველსავე მატჩში ყველაფრის მტკიცება დაიწყო, დაიწყო და თავიც მალევე დაიმკვიდრა.

დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, "ქალაქელების" გუნდი მაშინ საშუალო დონისა იყო, ქინქლაძე კი დიდ ფეხბურთელად ყალიბდებოდა და ჩრდილოელებსაც წარმატებისკენ მიუძღოდა. ქართველი მოედანზე გამოდიოდა და მარცხენა ფეხით ჩვეული ცრუ მოძრაობებით ბრიტანელებს ისეთ სპექტაკლს სთავაზობდა, როგორიც არასდროს ენახათ. ყოველმხრივ ხმაურიანი ინგლისელები უყურებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მათ თვალწინ უდიდესი ვარსკვლავი იბადებოდა. წარმოიდგინეთ, გიორგის სათამაშო სტილი დიეგო მარადონასას სულ მალე შეადარეს. რამხელა პატივია ფეხბურთელისთვის კერპთან შედარება, ალბათ, ხვდებით.

დამეთანხმებით, ინგლისში ადაპტაცია რთულია, თუმცა ქინქლაძე წინააღმდეგობას მედგრად ხვდებოდა, ცდილობდა, ფიზიკურად საუკეთესო კონდიციებში შესულიყო და "სიტის" უმაღლეს ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად დახმარებოდა. ერთ დროს უცნაურ ტრანსფერად მიჩნეულ ქინქლაძეს უკვე თამამად "მიდლბროს" გამთამაშებელს, ჟუნინიოს ადარებდნენ. საერთო ჯამში, ალბათ, ბრაზილიელი უკეთესი ფეხბურთელი იყო, თუმცა ბურთთან დამოკიდებულებით ქართველს ვერც შეედრებოდა. თვითონ "სელესაოელმაც" აღნიშნა, რომ ქინქლაძე გენიოსი იყო, აქამდე მისი მსგავსი დრიბლინგი ინგლისში არავის ჰქონია და ქინქლაძის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი ხელშეუხებელი იყო. ფორმის პიკში მისთვის ბურთის მოპარვა წარმოუდგენელიც კი იყო, იმდენად ჰქონდა ბურთი ფეხზე მიბჯენილი, დაახლოებით ისე, როგორც ამას არიენ რობენი და ლიონელ მესი აკეთებდნენ (ეს უკანასკნელი დღესაც გვანებივრებს). სწორედ ამიტომ, კავკასიელი ბიჭის შეჩერება რთული იყო. ალბათ, ყველას გვახსოვს "საუთჰემპტონთან" მაგიური გოლი, მარჯვენა ფრთიდან ბურთი წაიღო, 5 მეტოქე მოატყუა, დეივ ბისანტი თავხედურად მოედანზე დასვა და კიდევ უფრო მეტად თავხედურად თავზე ბურთი გადაუგდო (რა თქმა უნდა, თავხედურში საფეხბურთო ტერმინი იგულისხმება); გულშემატკივარი ემოციებს ვერ თოკავდა, წარმოიდგინეთ, ცოცხლად შედევრი ნახეს. ეჭვგარეშე იყო, რომ ქინქლაძე "სიტის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა. სიგიჟემდე შეყვარებული ინგლისელები ემოციებს ვეღარ თოკავდნენ, თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ამას ტკბილ ზღაპრებში გვიყვებიან. სამწუხაროდ, მანჩესტერელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, თუმცა არაფრიდან მოსული ქართველი ვარსკვლავი მიიღეს. ამბობდნენ, მისი სამსახურით ირიბად "ბარსელონა", "ლივერპული" და "ინტერი" ინტერესდებოდნენ იმის იმედით, რომ სახლს კიდევ ერთხელ შეიცვლიდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.

ქინქლაძემ "სიტიში" დარჩენა გადაწყვიტა, რათა გუნდს ელიტაში ასასვლელად დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უკვე მიღებული ჰქონდა. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ჯერ კიდევ ბოლომდე უნდოდა, რომ გულშემატკივრებს შეყვარებოდა. კარგად ესმოდა, რომ საქმე დამთავრებული ჯერ კიდევ არ იყო და დრო იყო, 100%-იან შედეგზე წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელებმა" 1996/97 წლებში 5 მწვრთნელი გამოიცვალა, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მაინც არავის დაუთმო... და აქ დამთავრდა გიორგის დიდი ფეხბურთი, "თბილისელი ჯადოქარი" ტრავმებმა გააწამა, ფორმიდან ამოვარდა და მოედნის გარეთაც პრობლემები დაეწყო. როილი "ქინქის" დიდ დროს აღარ უთმობდა. მიუხედავად "ქალაქელების" გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლისა, როილი არაფერს თმობდა:

"გულშემატკივრებს გეხებათ, მთელი ამ დროის განმავლობაში ის გუნდის ნათელი მარგალიტი იყო, თუმცა არ შეიძლება მისი გაღმერთება, მისი მოსვლის შემდეგ გუნდი ხშირად წარმატებას ვერ აღწევდა. მიუხედავად თქვენი ამხელა სიყვარულისა, ის ჩემი სუსტი რგოლი იყო და არა ძლიერი".

როილის "ხმლის ერთი მოქნევით" ქართველის კარიერის დანგრევა შეეძლო, მიუხედავად ხშირი გამონათებებისა, მოიმატა წონაში და ფიზიკურ დატვირთვაშიც რეგრესი დაეწყო, დაცვას ფაქტობრივად ვეღარ ეხმარებოდა...

ქინქლაძემ "სიტი" ლეგენდის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში გულშემატკივრები თავი გაგიჟებით შეაყვარა. მოგეხსენებათ, დღემდე რომ ჰკითხო სტაჟიან ფანებს, "ქალაქელების" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს დაასახელებენ.

თითქოსდა გარდაუვალი იყო ევროპის უძლიერეს ლიგაში თამაში, მით უმეტეს, "ბარსელონას" ქართველი აღარ აინტერესებდა, თუმცა გიორგის სამსახურით "აიაქსი" დაინტერესებული იყო, ამ ყველაფერში კი ლომის წილი შოთა არველაძემ გასწია. სწორედ მან დაარწმუნა ნიდერლანდური გუნდის ხელმძღვანელობა, რომ მისი თანამემამულე ეყიდათ.
5 მილიონად შეძენილი "ქინქი" იარი ლიტმანენის შემცვლელად მოიაზრებოდა, რომლის მიმართაც ინტერესს "ბლაუგრანა" იჩენდა, თუმცა ეს უკანასკნელი ამსტერდამელების შემადგენლობაში დარჩა. ამიტომაც ქართველს არასასურველ მარცხენა ფრთაზე მოუწია თამაში, ეს კი მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, ვეღარ ახერხებდა ელვისებური სისწრაფით მეტოქეების ჩამოტოვებას, ლიტმანენი კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ათიანად რჩებოდა. ამიტომაც გიორგის ძველი ფორმის დასაბრუნებლად "აიაქსიდან" წასვლა მოუწია. თუმცა, სანამ წავიდოდა, უნდა ითქვას, რომ როგორც კი საყვარელ პოზიციაზე ბურთს იღებდა, შედეგს აუცილებლად იღებდა...

Sportall.Ge

ინგლისელი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ქართველი ტალანტი ნიდერლანდელებმა ძალიან გააკრიტიკეს. მათ სჯეროდათ, რომ გუნდში დიეგო მარადონას კალიბრის ფეხბურთელი მოჰყავდათ, თუმცა 15 გამართულ შეხვედრაში "ქინქიმ" გოლიც ვერ გაიტანა. ამიტომ "აიაქსის" ხელმძღვანელობას სპორტსმენის იჯარის წესით ინგლისში დაბრუნება მოუწია. "სიტის" გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ბოსებს ლეგენდის სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ, თუმცა "დერბიმ" იყოჩაღა და ქართველი წაიყვანა.

"ჩვენ გვინდა, რომ გუნდი გიორგის გარშემო ავაშენოთ" - თქვა მენეჯერმა ჯიმ სმიტმა. "დერბიმ" ფეხბურთელი 3 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ქინქლაძემ ინგლისის ჰაერი იგრძნო და მოუმატა, მალევე შეეწყო მალკომ კრისტის (როგორც "სიტიში" ნიალ ქუინს), თუმცა გამუდმებული ტრავმები ვერაფრის გარანტიას ვერ იძლეოდა, მწვრთნელმა კი ტაქტიკა 4-4-2-ით შეცვალა. აქ გიორგი სათადარიგო სკამისთვის იყო განწირული.

დროთა განმავლობაში "დერბის" ფინანსური კრიზისი დაეწყო და ფეხბურთელის გაშვებაც მოუწია. ამბობდნენ, რომ ცუდი ადამიანი იყო. ქინქლაძე მენეჯერს ეძებდა, რომელიც მის ტალანტს დაეყრდნობოდა და შანსსაც მისცემდა... 18-თვიანი ლოდინის შემდეგ კვიპროსული "ანორთოსისის" ვარიანტი გამოჩნდა. წავიდა, ბევრს ვარჯიშობდა, რათა ნაკრებშიც ადგილი შეენარჩუნებინა. ბოლო გასროლა უკვე ყაზანის "რუბინი" იყო. მისმა ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო, გამუდმებული ტრავმები და განიავებული ტალანტი...

ქართველმა საფეხბურთო კარიერა 2006 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა.

ქინქლაძის "პოსტქალაქური" კარიერა დამაინტრიგებელი თანამედროვე ზღაპარია. რატომ სთხოვდნენ ფეხბურთელს, ეთამაშა იქ, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობდა? კი შეეძლო იქიდანაც წარმატების მიღწევა, მაგრამ რატომ? მწვრთნელები ამ შეცდომას უშვებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, გიორგის თამაში 10-იანზე ზღაპრული იქნებოდა, ზუსტად ისე, როგორიც ქართველის "სიტიში" გამოსვლა. არის კონტრარგუმენტიც, რომ დღევანდელ ერაში "ქინქი" ისე ვერ გაიბრწყინებდა, ინგლისში უცნობ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებულმა ტრანსფერმა დიდი სახელი მოიხვეჭა, არავინ ელოდა ქართველის ასეთ თამაშს... ნებაყოფლობით ომს გამორიდებულმა ქართველმა თბილისის "დინამოდან" მთელი მსოფლიო მოიარა... სწორედ ასე გააოცა ქინქლაძემ ბრიტანელი გულშემატკივრები, არავინ არაფერს ელოდა, თუმცა რეალურად არ იცოდნენ, რომ მათ თვალწინ პატარა მხატვარი იქნებოდა, რომელიც ემოციების ზღვას გააჩენდა და "ქალაქელების" გულშემატკივარს შიგ გადააგდებდა. წარმოიდგინეთ, უცნობი ქართველი ბრწყინავდა ისეთ ეპოქაში, როდესაც "მიდლსბროში" ჟუნინიო, "იუნაიტედში" ერიკ კატონა, "არსენალში" დენის ბერგკამპი, ჯანფრანკო ზოლა და ფაუსტინიო ასპრილა გამოვიდოდნენ...

Sportall.Ge

რა შეიძლება იყოს ქინქლაძის ყველაზე დიდი მიღწევა? ალბათ, ის, რომ ინგლისურ ფეხბურთში ახალი სტილი შემოიტანა, სადაც არა წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედებდნენ, არამედ იყენებდნენ იმპროვიზაციას; ისე თამაშობდა, როგორც საუკეთესო მხატვარი "სახატავ ტილოზე ფუნჯით" ხატავს, ამ ყველაფერმა კი ალი ბენარბიას, დავიდ სილვას და სხვა 10-იანებს გაუხსნა გზა. ქინქლაძე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ორი აკადემიკოსის შვილი, რომელმაც ფეხბურთს თავი მიუძღვნა და მასზე სიგიჟემდე შეყვარებულ ინგლისელებს დღემდე შეხვდებით. ცეკვავდა მოედანზე, აბითურებდა მოწინააღმდეგეებს და გულშემატკივრებს ღიმილს ჰგვრიდა, განურჩევლად დიდი იყო თუ პატარა. მისი წარმატება წარმოუდგენელი იყო. ხალხს სჯეროდა, რომ შორეული აღმოსავლეთიდან კეთილმა ადამიანმა გიორგი "მეინ რიდზე" სპექტაკლების ჩასატარებლად და ხალხის გასახარებლად გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოტენციალის დიდი ნაწილი ვერ გამოავლინა, "სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება და ასეც მოიხსენიებენ, იშვიათი გენიოსი, რომელიც არაფრით მოვიდა და თან ყველაფერი წაიღო, მათ შორის, ინგლისელი გულშემატკივრების გულიც. ალბათ, მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვუფიქრდებით, რომ ფეხბურთელმა გუნდში ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოები ვერ მოიგო, ვერ გახდა ისეთი დომინანტი, თუნდაც როგორიც იყო მოგვიანებით სერხიო აგუერო, თუმცა დღემდე როგორ უყვართ... როგორც უკვე ვთქვი, ქინქლაძე "სიტის" ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული".



მკითხველის კომენტარები / 51 /
მე ეგეთი ნიჭიერი და ნიჭის გამნიავებელი მიშა მესხი(შვილი) მახსოვს კიდევ. ისიც უდიდესი ტალანტი იყო.
zaza
20:41 14-12-2024
0
მე რომ დავიბადე ჩემზე ნიჭიერი კაცი არ იყო მარა მერეა მთავარი, მერე! და ქე დავრჩი ბარდულზე ჩამომჯდარი.
კ ო მ ბ ლ ე
13:43 14-07-2023
1

სიახლეები პოპულარული