ესპანური მედია "ვალენსიაში" სეზონის მთავარ სენსაციად გიორგი მამარდაშვილს მიიჩნევს. Eldesmarque აღნიშნავს, რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელი ქართველია, "ლევანტესთან" დერბის შედეგზე (1:1) კი გავლენა არაობიექტურმა მსაჯობამ იქონია.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გასული შეხვედრა სამომავლოდ კარგი გაკვეთილის მიმცემი უნდა იყოს. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს აქვს მკვეთრად გამოკვეთილი სათამაშო სისტემა და ჰყავს ახალგაზრდა მეკარე, რომელიც დადებით შედეგს განაპირობებს.
"ახლა, როდესაც სეზონი დასასრულს უახლოვდება, გამოიკვეთა, რომ მამარდაშვილმა ვეტერანებს - იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს, კონკურენცია მოუგო. ქართველთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი კლაუსულა 25
მილიონი ევროა (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 მილიონია - რედ.), რაც ფეხბურთელის ასაკისა და პერსპექტივის გათვალისწინებით, შესანარჩუნებლად საკმარისი შეიძლება არ აღმოჩნდეს, ვინაიდან არაა გამორიცხული, სატრანსფერო ბაზარზე სეისმურ აქტივობას ექნეს ადგილი. უდავოა, 21 წლის გიორგი მომავალ ათწლეულში გუნდის ძირითადი გოლკიპერი იქნება.
ბორდალასი შეიძლება მრავალი რამის გამო გააკრიტიკონ, რომ არ ჰყავს შემოქმედი და თამაშის წარმმართავი ნახევარმცველი. ამის გამო 5-3-2 ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ეს არსებული ვითარებითაა განპირობებული. ცხადია - არც უროშ რასიჩი, არც უგო გიამონი და არც მორიბა არ სჭირდება. აუცილებელია გაძლიერება და ბორდალასი კლუბის ხელმძღვანელობას ამას გამუდმებით სთხოვს".