ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში გიორგი განვლილ სეზონზე ვრცლად საუბრობს.
"გასულ სეზონში უდიდესი გამოცდილება მივიღე და მზად ვარ მიღებული ცოდნა შემდეგ სეზონში მაქსიმალურად გამოვიყენო. მაქვს მიზანი, რომ ჩავატარო კიდევ უფრო მეტი მატჩი და კლუბს ევროსაგზურის მოპოვებაში დავეხმარო. დატოვო საქართველო და გადახვიდე ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, არ არის მარტივი, რადგან საჭიროა დიდი შრომისა და ძალისხმევის გაწევა,
მეკარემ გასული სეზონის რთულ პერიოდზეც ისაუბრა
"4 თვის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან რთულია. ვიცოდი, რომ სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალება მხოლოდ თავდაუზოგავი ვარჯიშით შემეძლო. ლა ლიგაში თამაში ურთულესია, დასაწყისში ნამდვილად გამიჭირდა, მაგრამ, როდესაც რეგულარულად თამაში დავიწყე, თავდაჯერება მომემატა, შემდეგ კი ყველაფერი გამარტივდა. რთული სეზონი იყო, უამრავი იმედგაცრუებითა და სიხარულით. ხშირად ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, სად ვიქნებოდი ახლა. "ვალენსია" დიდი ისტორიის მქონე ტრადიციული გუნდია. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ. არის რამდენიმე კომპონენტი, რომლებშიც მოსამატებელი მაქვს და ამაზე ვმუშაობ.
ველოდები გატუზოსთან მუშაობის დაწყებას. ვიცი, რომ ძალიან ემოციურია. სანახაობრივი ფეხბურთის თამაში სურს, ბურთის დაცვიდან შეტევაში მოკლე პასების მეშვეობით ატანა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ახალმა მწვრთნელმა დამირეკა", - ამბობს გიორგი.
შეგახსენებთ, ახალ სეზონში "ღამურები" პირველ მატჩს შინ "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.
გვჯერა და გვერდში გიდგავართ!