Managing Madrid-ი "რეალის" მეკარის პოზიციაზე წერილს აქვეყნებს და გიორგი მამარდაშვილის ვარიანტს განიხილავს.
საქმე ისაა, რომ ტიბო კურტუა კიდევ დიდხანს იქნება "რეალის" ძირითადი მეკარე, მის 23 წლის დუბლიორ ანდრეი ლუნინს კი თამაში სჭირდება. სწორედ უთამაშებლობის გამო მას საერთოდ არ იძახებენ უკრაინის ნაკრებში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გუნდის ფეხბურთელია და თანაც, გიორგი ბუშანი, რბილად რომ ვთქვათ, ეროვნულ გუნდში მთლად დამაჯერებელი არ არის. "ბლანკოსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მეორე გოლკიპერის საკითხთან დაკავშირებით პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
კურტუამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გუნდის 54
მატჩიდან 50-ში ითამაშა და ლუნინმა მიანიშნა, რომ ან მეტად უნდა ენდონ, ან სხვა კლუბში გაუშვან. შესაძლოა, მას თასის შეხვედრებში მისცენ შანსი, რაც პრობლემის გადაჭრა არ არის. ამიტომ გამოცემა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს და კანდიდატებს შორის ქართველს ასახელებს.
პრობლემის გადაჭრა: გიორგი მამარდაშვილი
"მისი სადებიუტო სეზონი "ვალენსიაში" შთამბეჭდავი იყო და ამ ზაფხულს კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი კარში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მართალია, ხანდახან შეცდომებისადმი მიდრეკილი იყო, თუმცა 18 ჩატარებული მატჩიდან 8-ში გოლი არ გაუშვა. ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს, რომ "რეალი" ამ ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს, მით უმეტეს, ლუნინი, ალბათ, მადრიდში დიდი ხნით დარჩება".