გადახალისებული "ნაპოლი" 15 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება. მომავალ მატჩს წერილი gazzetta.it-მა მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ახალ სეზონში ნეაპოლურ გუნდში ბევრი რამ ახალწვეულებზე - ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჟაეზე იქნება დამოკიდებული.
"ნაპოლი" და ფაქტორი K: ადრე ეს კულიბალი იყო, ახლა კიმისა და კვარაცხელიას ჯერია
"ხვალ "ნაპოლი" გასვლაზე "ვერონას" შეხვდება. კორეელი ეცდება თავი დაცვის ახალ ბურჯად წარმოაჩინოს, ეს იმ დროს, როდესაც ქართველის შედარება გაცილებით ძნელია, მაგრამ საბედნიეროდ, მას უყვარს გამოწვევები. К ფაქტორს "ნაპოლიში" ისევ აქვს თავისი მნიშვნელობა,
რადგან ორშაბათს ვერონაში სეზონის პრემიერისას ნეაპოლელთა რიგებში არ იქნება კულიბალი, სამაგიეროდ კორეელი კიმ მინ ჟაეს და ქართველი ფანტაზიორის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება. მხოლოდ ისინი იქნებიან სპალეტის კრებულში ახალი სახეები - დანარჩენები გამოცდილი ფეხბურთელები არიან, რომელთაც "ნაპოლის" თამაშის "გეომეტრია" ზეპირად იციან.
კვარადონა - ეს ზედმეტსახელი ზოგიერთმა ნეაპოლელმა ფანმა შეარქვა კვარაცხელიას საქართველოდან ჩამოსვლისას და ამან შეიძლება 21 წლის ბიჭი შეაშინოს, მაგრამ მას უყვარს გამოწვევები. რა თქმა უნდა, აგვისტოს მატჩები სტიმულს სძენს ქართველის ოცნებებს, რომლებიც ყოველთვის არ აისახება რეალობაში, თუმცა ამ შემტევ ნახევარმცველს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარები გააჩნია, რათა ჩემპიონი თვით იტალიაში გახდეს.
ხვიჩას სწრაფმა დრიბლინგმა გამოცდა ჩვენს სუპერტაქტიკურ ჩემპიონატში უნდა გაიაროს, მაგრამ სპალეტის გაკვეთილები, როგორც ჩანს, ყურადღებით აითვისა კვარამ. მას ყოფილი კაპიტანის ლორენცო ინსინიეს შეცვლის რთული მისია დაეკისრა. ქართველმა იცის, როგორ შესძინოს შეტევას სისწრაფე და მოქმედების სიღრმე. ეს სწორედ ისაა, რასაც სპალეტი თავისი განახლებული 4-3-3 ტაქტიკისთვის ითხოვს. ასე რომ, კიმისა და კვარაცხელიას K2-სგან ჩვენ დავინახვთ, იქნება თუ არა "ნაპოლი" ამ ფაქტორის ძალისხმევით მუდამ კონკურენტუნარიანი".