"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

AutoSharing Option
ყველასთვის კარგად ცნობილმა არჩილ არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

- რა თქმა უნდა, ყველა იმედიანად ვიყავით, როცა ის "ნაპოლიში" გადავიდა, მაგრამ გულწრფელად გვითხარით, ასეთ დასაწყისს თუ ელოდით?
- მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ხვიჩა კარგად ითამაშებდა, მაგრამ ჯერ სხვა რამე მინდა ვთქვა - მისი ასაკიდან და საფეხბურთო თვისებებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი იყო იტალიაში და, კერძოდ, "ნაპოლიში" გადასვლა. რაც შეეხება იმას, ველოდი თუ არა ასეთ დასაწყისს... გოლების რაოდენობას თუ გულისხმობთ, ეს ცოტა რთული წარმოსადგენი იყო.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პრესა და
გულშემატკივარი ზომიერები იყვნენ მოლოდინებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვიჩას არ შევუქმნათ ზედმეტი წნეხი. პირველი სეზონია და არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სერია A-ს ბომბარდირი გახდება, "ოქროს ბურთს" მოიგებს და ასე შემდეგ. 8-10 გოლი სეზონში და ამასთან ერთად, 7-8 "ასისტი" დიდებული შედეგი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სადებიუტო სეზონზე გვაქვს საუბარი და ეს ხდება ევროპის ტოპჩემპიონატში. ასეთი სიძლიერის ტურნირში ხვიჩას ადრე არ უთამაშია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არ არის ცენტრფორვარდი, არ არის ერლინ ჰალანი. ქართულ ფეხბურთში რომ გადმოვიდეთ, ჩვენს ლეგენდებში, არ არის რამაზ შენგელია. ვოვა გუცაევი გოლებს კი აგდებდა, მაგრამ იმდენ გოლს ხომ არ ვითხოვდით მისგან, რამდენსაც შენგელიასგან?

ძალიან კარგია, რომ ხვიჩას აქვს გოლის შესანიშნავი ალღო, მაგრამ მისი ამპლუაც უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ, თუ ის შედეგი დაიდება, რაც ვთქვი, იქნება ძალიან მაგარი და თუ მეტი გამოვა, ხომ თავისთავად - ამაზე კარგი რა იქნება?!

- როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, სულ გვეშინია, ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნას თავის თავზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, "თავში არ აუვარდეს". სასიამოვნოა, რომ ხვიჩას შემთხვევაში ამის ნიშნებიც კი არ გვაქვს...
- იცით, ვის უვარდება თავში? იმას, ვინც იმდენად მაგარი არ არის და ერთი რაღაც რომ გამოუვა. ხვიჩას შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ის მართლა ძალიან მაგარია!

- წეღან თქვით, ძალიან მინდოდა, კვარაცხელია სწორედ იტალიაში წასულიყო სათამაშოდო. რატომ ფიქრობდით ასე?
- იტალიაში "ნაპოლი" ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, შემტევი გუნდია და ბევრი უკნიდან ეთამაშება. ხვიჩას საშუალება ექნება ხშირად, რომ, როგორ ვიტყვით ხოლმე, ფეხში მიიღოს ბურთი.

- ფაქტია, მან უკვე მოიპოვა დიდი აღიარება...
- როცა კარგად თამაშობ, აღიარებაც მოდის. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ხვიჩას შეიძლება თამაში ჩაუვარდეს. ყველა მატჩს ერთ დონეზე მესიც კი ვერ ატარებდა და ატარებს.

- იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" პერსპექტივებს როგორ აფასებთ?
- კი, ამ დროისთვის ერთ-ერთი ლიდერია სერია A-ში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ჩემი აზრით, კარგი შედეგი იქნება. ისე კი, რა თქმა უნდა, ხვიჩას და "ნაპოლის" ჩემპიონობას ვუსურვებ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
10 გოლს პირველივე წრეში დადებს
1
არველაძე კი არ თარსავს, სწორად აფასებს და წნეხისგან ათავისუფლებს... ნაპოლის სათამაშო დღეს ეგრევ გამოფენენ კითხვას რამდენ გოლს გაიტანს ხვიჩა? ჯერ მაგას ვინც აკეთებს ეგ არის უკვე დილეტანტი, არ იცის ფეხბურთი და მეორეც მაგით ფეხბურთელს წნეხში აქცევთ რადგან ვიღაც მართლა დაიჯერებს რომ ყველა თამში გოლი უნდა გაიტანოს... ამას დაუმატეთ ის რომ ხვიჩა ისეთ ქალაქში წავიდა რომ იქ მაცხოვრებლები ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან მოლოდინებში, მანდ წასვლა ისედაც წნეხი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ხვიჩას ნერვიული სისტემა ძაან მაგარი აქვს თორემ მაგდენს ვერ გაუძლებდა, უკვე იქნებოდა ჩამოშლილი.
dato
15:45 08-09-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული