გაგნიძეს პრემიერ ლიგის გუნდი აკვირდება

AutoSharing Option
საფეხბურთო მენეჯერი ლაშა ოდილაძე, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, ვრცელ ინტერვიუში ლაპარაკობს ქართველ ფეხბურთელებზე, მათ პერსპექტივებზე, იმ გავლენაზე, რომელიც მათზე გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის ტოპლიგებში გადასვლამ იქონია...

ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძეზე საუბრით დავიწყეთ. უნგრული მედიის ცნობით, მას "კიოლნი" იწვევდა, რომელთანაც კონფერენსლიგის გასვლით პლეი-ოფში ქართველმა თავდამსხმელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა...

ბუდუ ზივზივაძეზე...

- "კიოლნი"? ეს არ ვიცი, მაგრამ ბუდუს გერმანიაში მეორე ბუნდესლიგის 3 გუნდი ნამდვილად იწვევდა. "ზანკტ პაულის" ხელმძღვანელობამ "ფეჰერვარს" კონკრეტული წინადადებითაც მიმართა. ასევე, ორი შვედური კლუბი აქტიურობდა, ერთი მათგანი
ძალიან ცნობილი და წარმატებულია. ასევე აქტიურობდა თურქული კლუბიც...

მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. "ზანკტ პაული" მოლაპარაკებას თვე-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდა და სოლიდურ თანხასაც იხდიდა. მაგრამ "ფეჰერვარს" ბუდუ სჭირდებოდა, თან სატრანსფერო "ფანჯარაც" იხურებოდა და მისივე დონის თავდამსხმელს უცებ ვერ მონახავდნენ.

ბუდუს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში, 30 ივნისს უმთავრდება. ჯერ მის გაგრძელებას არ ვჩქარობთ. სავარაუდოდ, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი დეკემბერში დადგება. მთავარია, ბევრი გაიტანოს და გარწმუნებთ, მსურველები გამოჩნდებიან.

ლუკა გაგნიძეზე...

- ერთ-ერთ ნიჭიერ მოთამაშეს აქვს შანსი, რომ ძლიერ ლიგაში გადავიდეს, თუკი თამაშს და პროგრესს გააგრძელებს. ეს ფეხბურთელი მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეა.

როცა ის მოსკოველებმა შეიძინეს, მოსამზადებლად და პრაქტიკისთვის "ურალში" გაუშვეს და ლუკამ ეს დრო კარგად გამოიყენა, ფიზიკურად მოღონიერდა, რუსულ ლიგაში გაზრდილ მოთხოვნებს შეეჩვია, გაუშინაურდა და მოსკოვის "დინამოში" დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.

ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რუსეთში ვინც ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყველას ინტერესით აკვირდებიან. ახლახან ჩემი მეგობარი მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კლუბის სკაუტი გახდა და მითხრა, რომ გაგნიძე დასაკვირვებელ მოთამაშეთა სიაში შეიყვანეს.

ეს ლუკას მენეჯერს, ირაკლი ლილუაშვილს ვაცნობე, მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. გაგნიძე ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებიც დააკვირებიან.

ქართველები ტოპლიგებში

- საქართველოს სახელია, რომ ჩვენი სამი მოთამაშე - მამარდაშვილი, კვარაცხელია და ლოჩოშვილი - ტოპლიგაში თამაშობს. ჯუღელზე აუცილებლად სათქმელია - მან ხვიჩა იტალიაში დროულად წაიყვანა. მანამდე კი დისციპლინას "ლოკომოტივსა" და "რუბინში" შეეჩვია, ფიზიკურად მოღონიერდა და მერე დაიწყეს ტოპლიგების გუნდებმა მისი გვარის ჩანიშვნა.

უნგრეთში ვცხოვრობ და მიხარია, აქაური კომენტატორები ხვიჩაზე რომ ამბობენ - ძალიან მაგარი თავდამსხმელიაო. მამარდაშვილმა შანსი გამოიყენა და დუბლების მეკარე "ვალენსიას" პირველი ნომერი გახდა.

ასევე მოხდა ლოჩოშვილის შემთხვევაში. "დინამოდან" წავიდა ავსტრიაში, ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და აგერ, იტალიის სერია A-ში გადავიდა, სადაც ისე დაიწყო თამაში, თითქოს, უკვე დიდი ხანია იტალიურ ფეხბურთშია.

ეს ბიჭები ტოპლიგებში ქართული ფეხბურთის სახეს წარმოადგენენ და დარწმუნებული ვარ, ბევრ კლუბსა და მენეჯერს გამოახედებენ ჩვენსკენ. საერთოდ, რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი წავა ევროპაში, მით უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ და ამით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ნაკრები.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგნიძეს ვგულშემატკივრობ. ვინც რა უნდა თქვას, მიზანდასახული და ჭკვიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ახდენს რომელსაც შრომა არ ეზარება წინ სვლისთვის. ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის. არ მინდა დროს გავუსწრო მაგრამ ისეთივე გავლენის უნარს ვხედავ ფეხბურტზე როგორც ხვიჩას აქვს ეხლა.
გიორგი
00:24 12-09-2022
0
წარმატებები ლუკას!!!
tngh
15:43 10-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული