ნეაპოლი აცილებდა კუმირს, რომელსაც გულშემატკივარი არაერთხელ გაუხარებია და თან "ნაპოლის" ფანები ფიქრობდნენ, ვის უნდა ჩაენაცვლებინა და ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ლეგენდარულმა იტალიელმა დატოვა.
შემდეგ კი გამოჩნდა ბიჭი - ბიჭი თითქოს არსაიდან, კეთილი სახით, ბრწყინვალე ტექნიკით, მოედანზე შოუს დადგმის
ნეაპოლში იმ დროიდანვე დაიწყო ფიქრი... რა გვარი იყო ის? - "კუარაშელია"? - არა, ეს პრობლემა გუნდის პრეზიდენტმა მარტივად გადაწყვიტა და მოდი, მას უბრალოდ 'ზიზი" დავუძახოთო...
ხვიჩას იტალიაში ჩასვლის შემდეგ მისი გვარის სწორად მოხსენიებაზე არაერთი სასაცილო მიმი შეიქმნა. დანიელ ბელინიც კი ამბობდა, დილით საწოლიდან ვდგებოდი და სარკესთან ვმეცადინეობდი, როგორ უნდა წარმომეთქვა ამ ფეხბურთელის სახელი და გვარიო...
დღეს ნეაპოლში ხვიჩას სახელისა და გვარის წარმოთქმა აღარავის უჭირს... მორცხვი, კეთილი ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი, თავის ქვეყანას სახელი გაუთქვა და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც დიდი საქმე გაუკეთა.
და ვისი მაისურებია დღეს მოთხოვნადი ყველაზე მეტად ნეაპოლში? - რა თქმა უნდა, დიეგო მარადონასი, მაგრამ ვინ მოდის შემდეგ? - დიახ, არ ცდებით! - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა! "კვარას" მაისური ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის მაისურზე 5 ევროთი იაფი ღირს.
იტალიის სერია A-ს პირველი ტური... "ნაპოლი" ჩადის ვერონაში და ყველა რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინშია...
37-ე წუთი... ირვინგ ლოსანო აწვდის საჯარიმოში და... თავური დარტყმა - ნეაპოლურ-ქართული სიყვარულის ისტორია დაიწყო...
ხვიჩამ გახსნა, ხვიჩამ გააგრძელა და მის მიმართ სიყვარული დღითი დღე იზრდება. მასზე საუბრობენ საფეხბურთო ლეგენდები, უბრალოდ სპორტსმენები, ექიმები და ის ადამიანებიც კი, ვისაც საფეხბურთო მატჩისთვის ერთხელაც კი არ უყურებიათ ცხოვრებაში.
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ იტალიური პრესა ვარაუდობდა, რომ წამყვანი ფეხბურთელების წასვლის გამო ნეაპოლელებს ევროტურნირების საგზურისთვისაც გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ...
სპალეტის გუნდი წელს უბრალოდ მონსტრია... მსგავსი რამ ფეხბურთში ალბათ იშვიათად გექნებათ ნანახი... მოედანზე თითოეულ შეხვედრაში გამოდის 11 ისეთი მოთამაშე, რომლებიც მზად არიან, მინდორზე დაიხოცნენ, ოღონდაც მათმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.
ფრინავენ კიმ მინ ჯე, ზამბო ანგისა, ლობოტსკა, რასპადორი და სხვები... უკვე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ "ნაპოლიმ" წელს სკუდეტო უნდა მოიგოს. ის სკუდეტო, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას შემდეგ ამ ქალაქს სანატრელი აქვს.
"კვარას" გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ასპარეზობს და სამივე ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქეები გააცამტვერა... თანაც, ისეთი დონის გუნდები, როგორებიც "ლივერპული", "რეინჯერსი" და "აიაქსია"...
ფაქტია, რომ წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე მაგარ ფეხბურთს "ნაპოლი" თამაშობს და ამის ფონზე დავსვათ კითხვა - რატომ არ უნდა მოიგონ წელს ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგა?
რა თქმა უნდა, ჯერ საუბარი ამაზე ძალიან ადრეა... გუნდი ჯგუფიდან თითქმის გასულია... თუ სპალეტის კლუბს ცოტა გაუმართლებს კიდეც და მსგავსად შესანიშნავ ფორმას შეინარჩუნებს, მსოფლიო გრანდებთან ჭიდილი და მათი დამარცხება თავისუფლად შეუძლია.
"კვარა" კი თავის ოცნებას მიჰყვება... იმ ოცნებას, რომელიც მან ჩაიფიქრა, ბევრი იშრომა, ივარჯიშა და ყველამ ვიცით, რომ ის დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს...
ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი მისივე სიტყვები გავიხსენოთ - "გულით რაც გინდა, იმას ყოველთვის გააკეთებ..."