საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე "სოშოსთან" მოგებულ მატჩში (2:1) გამოიჩინა თავი.
გასულ ტურში სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" დამარცხების შემდეგ (0:1), "ბორდომ" მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო და ამდენად, დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები 30-ე წუთზე მაჯამ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი დავითაშვილმა დრიბლინგის შემდეგ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლია. შესვენების შემდეგ "სოშო" უპირატესობას დაეუფლა და კანუტემ ანგარიში შეამცირა. 68-ე წუთზე მწვრთნელმა ზურიკო დელორე-შობეთი შეცვალა, რომელიც მოედანზე შესვლიდან 6 წუთში მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, თუმცა ბორდოელებმა მეტოქის შტურმს გაუძლეს და გაიმარჯვეს.
ჟირონდული გუნდი 31 ქულით მეორე პოზიციაზეა და 10 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "კაენს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 7 იანვარს თასზე "რენს" უმასპინძლებს, რომელიც ლიგა 1-ში მე-4 ადგილზეა.
ბორდო. "მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - სოშო 2:1
გოლები: 1:0 მაჯა (30), 2:0 დავითაშვილი (32), 2:1 კანუტე (59)
გაძევება: დელორე-შობე (74)
წარმატებები.