ამ შეხვედრაში გრიპის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, სტუმართა განაცხადში კი ლუკა ლოჩოშვილი არ იყო. ნეაპოლში ქარიშხალი მძვინვარებდა და კინაღამ მატჩის გადადება მოუწიათ, რომელსაც ქალ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ, „იუვენტუსთან“ შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა თითქმის შეცვალა, სასტარტოში მხოლოდ მეკარე მერეტი დააყენა, ხოლო სხვებს დასვენების საშუალება მისცა.
მოკლედ, სპალეტიმ მოედანზე უჩვეულო თერთმეტეული გაიყვანა, რომელიც უჩვეულო ფორმაში იყო, უპირატესობას ფლობდა, თუმცა კონტრიერიშისას პიკელმა კრემონელები დააწინაურა. 33-ე წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ჟეზუსმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში სიმეონემ თავურით დალაშქრა კარნეზეკის კარი. მან მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში სპალეტიმ შეცვლაზე პოლიტანო, ანგისა, ლობოტკა, მინ ჯე და ზელინსკი შეუშვა. ნეაპოლელები ბევრს უტევდნენ, უმეტესად უხიფათოდ და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - 87-ე წუთზე აფენა-გიანიმ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
ექსტრა-ტაიმში მსაჯმა "კრემონეზეს" მცველ სერნიკოლას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სპალეტიმ მაშინვე ნდომბელე ოსიმენით შეცვალა. ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქესთან შტურმზე გადავიდნენ. ოსიმენს გატანა მეკარემ არ დაანება, სიმეონემ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მომენტები სიმეონემ, ანგისამ და ოსიმენმა ვერ გამოიყენეს. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მეტი გოლი არ გავიდა, 2:2, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა იმარჯვეს და მეოთხედფინალში "რომას" შეხვდებიან.
შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 21 იანვარს ჩემპიონატზე ჩაატარებს - გასვლაზე „სალერნიტანასთან“.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კრემონეზე 2:2 (პენ 4:5)
გოლები: 0:1 პიკელი (18), 1:1 ჟეზუსი (33), 2:1 სიმეონე (36), 2:2 აფენა-გიანი (87)
გაძევება: სერნიკოლა (97)