კვარაცხელია "რეალში" თუ "ბარსელონაში"? - თემა, რომელიც ჯუღელმა გაააქტიურა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ჭორებს რომ ვერ გავექცევით, ამას შეგუებული ვართ. ახლა როგორც ფეხბურთელის, ასევე ჩვენი მთავარი ინტერესი "ნაპოლისა" და "კვარას" დღევანდელ მდგომარეობას უკავშირდება, თუმცა, როცა საქმე ამ დონის მოთამაშესთან გვაქვს, მის შესახებ ბევრ საუბარს ველით. სატრანსფერო საკითხებზე ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა (Geo Team-თან ინტერვიუში) ისაუბრა და ამ თემას ერთგვარი აქტუალურობა შესძინა. როგორც მან განაცხადა, კვარაცხელიას ნებისმიერ გრანდში შეუძლია თამაში, მათ შორის, "რეალსა" და "ბარსელონაში". ჯუღელმა განმარტა, რომ "ნაპოლის" ქართველი გარემარბი მადრიდული კლუბის გულშემატკივარია, მის აგენტსა და მოთამაშის მამას, ბადრი
კვარაცხელიას კი "ბარსელონა" უფრო მოსწონთ. ამ თემაზე მსჯელობა მართლაც საინტერესოა და იქნებ მალე აქტუალურიც კი გახდეს.

Sportall.Ge

გარიგებები

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მართლაც მეგატრანსფერი აკავშირებთ. ფეხბურთის ღმერთად წოდებული მარადონა 1984 წლის 1-ელ ივლისს მაშინდელ სარეკორდო თანხად, 12 მილიონ ევროდ კატალონიიდან იტალიაში გადაბარგდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლურ კლუბს ყველაფერი მისცა და პირიქით - "ათიანი" აქ საუკეთესო იყო.

რაც შეეხება "სამეფო კლუბსა" და ნეაპოლელებს შორის გარიგებებს, ისე ხდებოდა, რომ იტალიაში ისინი ხვდებოდნენ, ვინც მადრიდელებს უკვე ნაკლებად აინტერესებდათ და გუნდში მათ ადგილს ვეღარ ხედავდნენ - გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი, რაულ ალბიოლი...

Sportall.Ge

დღევანდელი მდგომარეობა

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ისეთი კლუბები არიან, რომლებიც გაძლიერებაზე უარს არასდროს ამბობენ, კონკურენცია კი მუდამ მაღალია. არაერთი ფეხბურთელისთვის ცდუნებაა, მათ შეთავაზებას გაუძლოს.

დღევანდელი "ბარსა" მაინც ყველაზე სუსტია, რაც ბოლო ათწლეულებში გვინახავს. აქ უფრო მომავალზე ორიენტირებული ფეხბურთელები, გავი და პედრი არიან და პოტენციურად, რესურსი დიდია. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, სადაც "კვარა" თამაშობს, ძირითადად, უსმან დემბელე გამოდის (ამჟამად ტრავმირებულია), ანსუ ფატის კი როგორც ფრთაზე, ასევე ფორვარდის პოზიციაზე ვხედავთ. ხავის ფორმაციის გუნდში სხვადასხვა ამპლუის შეთავსება ხდება. მაგალითად, ფერან ტორესი, რომელსაც უფრო ფლანგელად ვიცნობთ, განლაგებაში ყველაზე წინაა. კვარაცხელია ფლანგიდან ცენტრისკენ აქტიურად და წარმატებით იწევს, თუმცა აქვს თუ არა ცენტრფორვარდის თვისებები, ეს საკამათო საკითხია. ხვიჩა ყველაზე სასიამოვნო საცქერი და სახიფათო მაშინაა, როცა ის ბურთთან ერთად მაქსიმალურად დიდ დროს ატარებს.

რაც შეეხება "რეალს", სადაც დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი უკანასკნელ სეზონს ატარებს. მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონი აქ ვინისიუსია. მადრიდში ბრაზილიელის სასტარტო პერიოდი შთამბეჭდავი სულაც არ იყო, თუმცა მისი დიდი რესურსის სრულად ათვისება შეძლეს. "კვარადონასა" და "ვინის" მოედანზე ერთდროულად ყოფნა სავსებით შესაძლებელია.

Sportall.Ge

არსებობს ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ ამ გუნდებს შორის პრინციპული საკითხი. კვარაცხელია ღიად "მადრიდისტაა", ეს კი საკმაოდ დიდი მიზეზია იმისთვის, "ბარსელონას" გულშემატკივრები ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდნენ, ისინი ხომ მათი პოტენციური მოთამაშის ყველა დეტალს აკვირდებიან და სოციალურ ქსელებში ძველ პოსტებშიც კი "იქექებიან".

და პრემიერლიგა?

რადგან ხვიჩას სატრანსფერო ამბებს მიმოვიხილავთ, ხსენებულ ინტერვიუში საუბარი პრემიერლიგის გუნდებზეც იყო. ვიცით, რომ "რუბინში" ყოფნისას ქართველს "ტოტენჰემი" აქტიურად აკვირდებოდა. ამ ეტაპზე გარემარბის საჭიროება იქნებ პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ყველაზე მეტად ჰქონდეს. პეპმა ბოლო პერიოდში სტილი შეცვალა და მისი მთავარი იარაღი მხოლოდ ცენტრის დაპყრობა და ამ ზონიდან შეტევა აღარაა. ესპანელის გუნდში ფლანგელები არიან, მაგალითად, ჯეკ გრილიში, თუმცა "კვარათი" გაძლიერებაზე "ქალაქელებმა", რომელთაც გიორგი ქინქლაძე დღემდე განსაკუთრებით ახსოვთ, უარი არ უნდა თქვან.

ბოლოს იმას დავუბრუნდეთ, რაც თავში ვთქვით. ჯერ ზაფხულამდე ხვიჩას თამაშით და "ნაპოლის" ჩემპიონობით დავტკბეთ. ქართველს სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელობის დიდი შანსიც ექნება, ტრანსფერის ამბებს კი შემდეგ დავუბრუნდეთ. ძალიან სასიამოვნოა, ჩვენებურს ასეთ ალიაქოთში რომ ვნახავთ, კვარაცხელიამ ყველა ასპექტში სულ სხვა დონეზე აგვიყვანა.

altახალი სახლი ნეაპოლის ცენტრში - ცნობილია, სად იცხოვრებს ხვიჩა კვარაცხელია [PHOTOS]

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - როცა "კვარა" არ კმარა, სპალეტის კი ბალანსი "გაექცა"?!

მკითხველის კომენტარები / 24 /
წელს 50 წლის ვხდები, 6 წლის ასაკიდან ბაბუის მონაყოლით შემიყვარდა ბრაზილიის ნაკრები და მადრიდის რეალი, მაშინ საქართველოში ევროპულ სპორტზე მხოლოდ "ლელო" წერდა, ხოლო საბჭოთა კავშირში "советский спорт"-ი და "футбол-хоккей" იყო, რომლებიც გამოწერით და რა თქმა უნდა გამოწერილი მქონდა. ტელევიზორში ევროპული გრანდების თანაშს კი სიმწრით დაჭერილი თურქული არხებით უყურებდნენ, მე გამიმართლა და კეთილი ადამიანების დახმარებით უცხოური ჟურნალ-გაზეთებიც ჩამომდიოდა (მართალია ძველი და თან ძალიან დიდი რისკის ფასად, მაგრამ მაინც)და ერთიი დიდი კარადა სულ სპორტული ჟურნალ-გაზეთებით მქონდა სავსე.
რისთვის დამჭირდა ამხელა შესავალი, როგორც მიხვდით მადრიდის "რეალი"-ს მართლაც რომ თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ აგერ უკვე 44 წელია, ხოდა თუ ხვიჩა "ბარსელონა"-ში გადავიდა, სანამ ის იქ ითამაშებს, მანამ ჩემთვის "რეალი" მკვდარია.
ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ხვიჩას, უფლის წყალობა არ მოკლებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე და მისი ყველა სანუკვარი სურვილი ასრულებულიყოს საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
15:51 07-03-2023
7
და პრემიერლიგა? (ამ სიტყვიდან უკვეე ნათელია, თქვენვე თქვით ღვთისო)
ეგ ყველაზე ბოლო, უკიდურესი ვარიანტია!
ლაშა
12:06 07-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული