როგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 11 მარტს, ხვიჩა კვარაცხელიამ, სერია "ა"-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, წლის გოლად აღიარებული შედევრი გაიტანა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა...

"კვარას" მიერ გატანილი შთამბეჭდავი გოლით აღფრთოვანებული ვართ. თვალებიდან არც "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სახე ამოგვდის, რომელიც ზაფხულში, ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ საქმე ამ დონის მოთამაშესთან ჰქონდა.

"კვარადონამ" საქართველოში ფეხბურთი ყველას შეაყვარა და ტელეეკრანებს ისეთი ადამიანები მიაჯაჭვა, სულ ცოტა ხნის წინ ამას რომ ვერ წარმოიდგენდნენ. თავიდან თუ გულშემატკივრების
გარკვეული ნაწილი ჩვენებურის წარმატებით უბრალოდ ტკბებოდა, ნელ-ნელა თითოეულ საფეხბურთო დეტალში გაცნობიერებას ყველა ცდილობს, მხოლოდ ვიდეოებს კი არ უყურებენ, ანალიტიკასაც დაკვირვებით ეცნობიან.

Sportall.Ge

რატომ უნდა გაეტანა ხვიჩას?

"ატალანტასთან" მატჩის პრევიუში ძალიან დამაჯერებლად ვწერდით, რომ კვარაცხელიას გოლის გატანის დრო იყო. ამას ხვიჩას მიერ აწეული თამასა განაპირობებდა. ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ "კვარას" საკუთარი დიდებული გულშემატკივრების ემოციური აფეთქება მონატრებული ჰქონდა. გარდა ამისა, ბერგამოელებს ნაკლებად შეუძლიათ დაცვაში ისეთი ზღუდეების აგება, როგორც ეს "ინტერმა" თუ "ლაციომ" შეძლეს. ქართველი გარემარბის ირგვლივ ისევ რამდენიმე მოწინააღმდეგეს ვხედავდით, თუმცა სულ იგრძნობოდა, რომ 77-ე ნომერი თავის შანსს მაინც მოძებნიდა.

კვარაცხელიას გასატანად მონდომება არ დაუკლია, რამაც ზოგიერთ ეპიზოდში პასის არმიცემის გამო თანაგუნდელთა ერთგვარი გულისწყრომა გამოიწვია. ხვიჩას ეგოიზმს ვერავინ დასწამებს, უბრალოდ მან შორიდან გასროლა მოინდომა და ორივე შემთხვევაში საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. როცა მიზანს ვერ აღწევ, შემდეგ იოლია თქმა, რომ სხვა გაგრძელება აჯობებდა. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, როცა ჩვენებურმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და კარშიც დაარტყა, იქ პასზე აპელირება ნამდვილად არასწორი იყო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი გარემარბი დაცვაშიც კარგად გაისარჯა და ერთ მომენტში ბრწყინვალე ართმევა შემოგვთავაზა.

Sportall.Ge

როგორ გაიტანა ხვიჩამ?

გოლისას ხვიჩას შესრულებით თავბრუდამხვევი მოძრაობები ვნახეთ, თუმცა ეპიზოდი მაინც მთლიანად უნდა განვიხილოთ. ნეაპოლელები და მისი ქართველი ლიდერი ცდილობენ, მაქსიმალურად ბევრი თავისუფალი სივრცე აითვისონ, რაც მეტოქეთა გაძლიერებული დაცვის ფონზე რთულია. ზამბო ანგისა პრესინგის თამაშისას იდეალურად გაისარჯა. კამერუნელის მიერ ჩაჭრილი ბურთის შემდეგ "ატალანტას" ფეხბურთელებმა გადალაგება ვეღარ მოახერხეს, ჯერ ვიქტორ ოსიმენზე გადაერთნენ, ამასობაში კი ბურთის მიღების დროს კვარაცხელიას სივრცე დაუტოვეს. ამის შემდეგ 77-ე ნომრის შეჩერება შეუძლებელია, მას აქვს უნარი, ერთ მხარეს გაიხედოს, მოძრაობა სხვა მიმართულებით გააკეთოს, მერე ყველაფერი წამებში შეცვალოს, შენ კი ვერაფრის გააზრება მოასწრო. როგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - ეს შეკითხვა სულ უფრო უპასუხოდ რჩება.

რატომ ვეღარ გააქვს ოსიმენს?

როცა თამასაზე ვსაუბრობთ, ნეაპოლელთა ნიგერიელ ფორვარდსა და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეს, ვიქტორ ოსიმენს, ზედიზედ მეორე ტურში ვერ გააქვს. 19 გოლის ფონზე, ეს კატასტროფა ვერ იქნება, თუმცა მისი ემოციურობის შესახებ ვიცით და ეს ყოველივე ვიქტორზე მოქმედებს. მან ამ ორივე დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ჩვენს ნათქვამს ერთგვარად ადასტურებს.

კარგად ჩანს, ოსიმენის გოლებზე კვარაცხელიას როლი რამხელაა. "ატალანტასთანაც" იყო ეპიზოდები, როცა ხვიჩამ ნიგერიელი, ტრადიციულად, კარგად შეიმჩნია, მაგრამ ის გრძელი და მაღალი გადაცემები, რასაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია, არ გამოვიდა. ყოველთვის ეს რთული იქნება, ზოგჯერ მცველები თამაშობენ უფრო ყურადღებით, ზოგ შემთხვევაში კი პასი არ გამოდის საგოლე. 

ვიქტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი პიოტრ ზელინსკი ბოლო დროს ძველებურად მწვავე ვეღარ არის, განსაკუთრებით, "ასისტების" ნაწილში, რაც ოსიმენისთვის ერთ-ერთი ფაქტორია. ნიგერიელი ყველაფერს დაძლევს! მართალია, კვარაცხელიას გოლის დროს საგოლე პასზე საუბარი უხერხულია, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის "ცხრიანს" ეკუთვნოდა.

Sportall.Ge

სირთულეები

უახლოეს მდევარ "ინტერთან" სხვაობა 18 ქულაა და ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა ჯერ სკუდეტო არ გაფორმებულა და თითოეული ხარვეზის გამოსწორება მნიშვნელოვანია. ისევ უნდა აღინიშნოს, რომ მატიას ოლივერას სუსტი შეხვედრები აქვს და ხვიჩას მარცხენა ფლანგზე მაინც მარიო რუის დაბრუნებასა და ფორმაში შესვლას დაველოდებით...

Sportall.Ge

რა უნდა ისწავლოს საქართველოს ნაკრებმა?

"ნაპოლის" მატჩების განხილვისას საქართველოს ნაკრებზე საუბარი, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება (ნირვეგიასთან) იმდენად ახლოსაა, გასაკვირი არაფერია.

როცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოთამაშეს ვხედავთ, წარმოგვიდგენია, ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარ მწვრთნელს რა გეგმები ექნება. უმნიშვნელოვანესია, "კვარას" რესურსის სრულად გამოყენება შევძლოთ. თავისუფალი სივრცეების ათვისებაზე ადრეც გვისაუბრია, ბოლო მატჩის მაგალითზე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ნახევარდაცვაში მძლავრ პრესინგს, მაქსიმალურად ბევრ ჩაჭრას და დაკარგული ბურთების სწრაფად დაბრუნებას რამხელა მნიშვნელობა ექნება (დღეს ამ ადგილას ლუქსემბურგი წარმოვიდგინოთ).

საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომელიც ევროპულ ფეხბურთს აღაფრთოვანებს და მის საზღვრებსაც გასცდა. ჩვენ თუ, ვთქვათ, ერლინ ჰოლანის შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ, მათი ფიქრები "კვარადონასთვის" ყველა გზით ხელის შეშლაა, რაც რთული ამბავია. ხვიჩა იმ სტილის მოთამაშე არაა, რომლის "შეშინებას" მცირე ჯარიმებითა თუ ჩარტყმით შეძლებენ, ის ხომ ფეხებზე ძალიან მყარად დგას!..

altქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

altხვიჩას ღირსეული საქციელი! "კვარამ" ოსიმენი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გაამხნევა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩაზე და მის საფეხბურთო სასწაულებრივ უნარებზე საუბრისას,რა საჭიროა ბილწი პოლიტიკური ნარატივის შემოტანა,მომკალი და არ მესმის.ვფიქრობ,თავად მას,სწორედ მას,პირველ რიგში,ვაყენებთ ამით შეურაცხყოფას.ხვიჩას,დიდ ფეხბურთელსა და ზეპარტიულ,ღვთისმოსავ,თავმდაბალ,ზნეკეთილ ბრწყინვალე ახალგაზრდას გაუმარჯოს!
დრანდელი
13:02 13-03-2023
8
ოსიმონმა კარგად ითამაშა. ასისტი გააკეთა. მანამდე კი "მაკრატელა" დაარტყა ლამაზად. რამ გამოიწვია ისტერიკა თამაშის ბოლოს? აი ამან: მიხვდა, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და რა დიდი განსხვავებაა ხვიჩასა და დანარჩენების შორის.
ქ. გ.
13:01 13-03-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული