"ტორინოსთან" (4:0) მოგებულ მატჩში ნეაპოლური გუნდის თითოეული რგოლი ძალიან გამართულად მუშაობდა - საიმედო მეკარე, დამაჯერებელი ცენტრალური დაცვის წყვილი, აქტიური ფლანგის მცველები, დომინირება მინდვრის შუაში და ორი მთავარი კაცი - ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი.
ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ როცა ლოჩანო სპალეტის გუნდი ანგარიშს წაიყვანს, შემდეგ მისთვის თამაშის კონტროლის მთლიანად ხელში აღება მარტივი ხდება. ახლა განსხვავებული სიტუაცია ვიხილეთ. ოსიმენმა სწრაფი გოლი გაიტანა, ამის
გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება საჭირო იყო, რაც საკმაოდ ხშირად კვარაცხელიასგან გვინახავს - მისი ტრანსფერიც ამ სტატუსის მატარებელი აღმოჩნდა. ქართველმა გარემარბმა ჯერ ვერ გაიტანა - ბურთის ლამაზად დატრიალება გადაწყვიტა და კარს საკმაოდ ააცილა. პირველი წრისგან განსხვავებით, ხვიჩას მეურვეები შეცვლილი იყვნენ. სეზონის შუაში ფრანგული "რეიმსიდან" შეძენილი გვადალუპელი გრავილონი "კვარას" ძალიან ხისტად ეთამაშებოდა. ასეთები აღარ გვიკვირს და ამ დროს არბიტრის მოქმედებები ბევრს ნიშნავს. მასპინძელთა მცველი გაფრთხილებამ "შებოჭა", თუმცა ისინი სიხისტეს ბოლომდე მაინც არ მოეშვნენ და 77-ე ნომრის წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანიც "აიკიდეს".
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპალეტი კარგი ფსიქოლოგია. გვახსენდება, თუ როგორ საუბრობდა ის ჩვენებურის შესახებ სეზონის მიმდინარეობისას და პენალტის ამბავზე ვრწმუნდებით, რომ მთავარი მწვრთნელი თითოეულ დეტალზე ბევრს ფიქრობს. როგორც ჩანს, ლუჩანოს ძირითად პენალტისტად კვარაცხელია წარმოუდგენია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მან ნიშნულიდან ვერ გაიტანა. თითქოს ამ დროს დამრტყმელი იცვლებოდა. ხვიჩამ ამის შემდეგ დანიშნული თერთმეტმეტრიანი არ შეასრულა, თუმცა საქმე იმავე მეტოქესთან და მეკარესთან გვქონდა, შესაბამისად, ეს მისთვის მორალურად რთული მომენტი იქნებოდა. ახლა პენალტის ნიშნულიდან ისევ ხვიჩამ დაარტყა. გულშემატკივრებისთვის ეს სანერვიულო მომენტი იყო, რადგან მისი დამოკიდებულებების შესახებ რომ ვიცით, ისევ ვერგატანა არაფრით შეიძლებოდა. ქართველი ძალიან თავდაჯერებული იყო და დარტყმის ახალი სტილი შემოგვთავაზა, კარის შუაში...
ფეხბურთში წარმატებისთვის მცირე დეტალებიც მნიშვნელოვანია. ის რეაქცია, რაც ნდომბელეს გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის მხრიდან იყო, კარგად მიუთითებს, გუნდში რა ატმოსფეროცაა. ფრანგი იმ სტილის მოთამაშეა, ხშირად ვერ გაიტანს და მისთვის ეს "ასისტი" მართლაც საჩუქარია.
საერთოდ, გოლიცაა და გოლიც. კომბინაცია, რომელიც მესამე გოლისას იყო, საფეხბურთო თვალსაზრსით მართლაც სახელმძღვანელოში შესატანია. ჯერ ანგისა ბურთს რთულ სიტუაციაში დაამუშავებს, შემდეგ გაგრძელებებიც დროული და საჭირო იყო. ხვიჩა კვარაცხელიასგან სულ სხვაგვარ ქუსლით პასებს შევეჩვიეთ. ეს არაა პუბლიკაზე მიმართული ქმედება, ამ ეპიზოდებში იგრძნობა როგორც საჭიროება, ამავდროულად, გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭება ამ პრაგმატულად ქცეულ, სქემებში მოქცეულ და ერთმანეთს დამსგავსებულ ფეხბურთში.
ვიქტორ ოსიმენი კი არავის ჰგავს. ბევრი მაღალი დონის, სხვადასხვა სტილის აფრიკელი ფორვარდი გვიხილავს, მაგრამ ნიგერიელს ყველაფერი აქვს - ტექნიკა, კარგი დარტყმა, მეორე სართულზე ბრწყინვალე თამაში, წარმოუდგენელი ბრძოლის უნარი. ხვიჩა-ვიქტორის წყვილის დაშლა რთული იქნება, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაც კი.
გადატვირთული სეზონის მიუხედავად, "კვარადონა" ფიზიკურადაც ბოლომდე მზად ჩანს. სხვა შემთხვევაში, მას ლუჩანო მოედანზე 90 წუთს არ დატოვებდა. არადა, ყველა როგორ ვნერვიულობდოთ, რადგან წინ სანაკრებო მატჩებია. უკვე ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე წამზომია ჩართული (მანამდე მონღოლეთსაც ვხვდებით). ხვიჩას ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ლეო ოსტიგორი იქნება, რომელსაც 2023 წელს თამაშის შანსი (დასკვნითი 20 წუთი) პირველად მიეცა. სპალეტი შეგირდებზე მაქსიმალურად მზრუნველი ჩანს...
"ჯვარსა" და "ნაპოლის" აპრილ-მაისში დიდი ამბები ელით, მანამდე კი "ჩვენი ბიჭის" ხილვა სამშობლოში შეგვეძლება.
"ვისი დამსახურებაა დღევანდელი გამარჯვება?" - რა თქვა სპალეტიმ "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ