"ფიორენტინასთან" მოგებულ საშინაო მატჩს (1:0) "ნაპოლისთვის" არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნეაპოლურმა გუნდმა გასულ ტურში მოიპოვა სკუდეტო და მაინც - მოხდა ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი. ვისაც ფეხბურთი ესმის, თვალნათლივ დაინახა, რას წარმოადგენს გუნდისთვის ხვიჩა კვარაცხელია და რაა მის გარეშე.
პირველ ტაიმში ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო ჩემპიონი და ვინ მერვეადგილოსანი, ვინ მასპინძელი და ვინ სტუმარი. ამას მოტივაციის ნაკლებობას და ეიფორიას ნუ დავაბრალებთ. სპალეტის კრებული უნიათოდ ირჯებოდა და მხოლოდ მოედანზე კვარაცხელიას შესვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. როგორც იტყვიან, ქართველმა
"თამაში გააკეთა". მისმა დრიბლინგებმა, მახვილგონივრულმა პასებმა და მეტოქეების დაზაფრვამ გამარჯვების მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც ყოველთვის, მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელი მისი მეურვეობით გახლდათ დაკავებული და შეტევებისთვის სადღა ეცალათ.
ხვიჩა მუდამ გარდატეხის შემტანია და ყველაფერს სულ რომ თავი დავანებოთ, მისი ბურთაობა საამოდ საცქერია ერთობ, შოუა, სპექტაკლია და ისმის მართებული კითხვა: როგორ შეიძლება ასეთი შემოქმედის ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა? უკანასკნელ ხანს "კვარას" ხშირად განაპირა მცველის პოზიციაზე ვხედავთ, რითაც სწრაფი კონტრიერიშისას მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კლებულობს. რაც იზამ, ასეთია იტალიური ფეხბურთი, ასეთია კატენაჩიო, სადაც რობერტო ბაჯოსაც არ სწყალობდნენ.
ნამატჩევს იტალიურ მედიაში ყველას აქებენ, ყველას ინტერვიუს ართმევენ, ყველას კომენტარის გაკეთებას სთხოვენ, ქართველი კი თითქოს ჩრდილია, ჩრდილშია "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედი, რომლის გარეშე 33 წლის მოლოდინის შემდეგ ოქროს მედლებს ვერ მოიპოვებდნენ. ეს გადაჭარბებულად ნათქვამი არაა - ეს ობიექტურობაა.
ერთადერთი ვინც დღეს ხვიჩას ღვაწლი აღნიშნა, areanapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანო იყო.
ხვიჩა ხატავს და სკეპტიკოსებს აიძულებს დადუმდნენ
"შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაფერი შეცვალა. ყველა, ვინც ლაპარაკობს "კვარას" გადაღლილობასა და ფორმიდან ამოვარდნაზე, "ფიორენტინასთან" თამაშიდან გამომდინარე, აზრი უნდა შეიცვალოს. ქართველმა მოედანზე შესვლისთანავე "ვიოლას" დაცვა ჭკუიდან გადაიყვანა და წარუმატებელი გახადა. ვიქტორ ოსიმენმა მის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა. ამას გარდა, ხვიჩა ხშირად ქმნიდა შეტევისას რიცხობრივ უპირატესობას. მეტი რაღა უნდა მოსთხოვოთ? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი უნარები".
ხოლო ოსიმენი კვარას გარეშე ზარბაზანი ჭურვების გარეშე, დღესაც სანამ ხვიჩა არ შემოვიდოდა ოსიმენი "სტოლბასავით" იდგა მთელ გუნდთან ერთად უსუსურად, უფანტაზიოდ, შემოვიდა გუნდის ლიდერი და მეტოქე მცველები უმალ მარწუხებში მოაქცია, პენალტი გამოინუშავა, და ამით მატჩის ბედიც გადაწყდა. ამას ტუგადუმი ნიგერიელები ან ჩასაფრებული ჰეითერები ვერ ხედავენ, მრავლისმნახველ ფეხბურთის გულშემატკივარს თუ ექსპერტს ეს არ გამოეპარება. ხვიჩას და ოსიმენის შედარებაზე და სეზონის MVP-ზე როცაა საუბარი:
რამდენ მატჩშიც ნაპოლის სივრცეები გაეხსნა, ყველგან გაათახსირა ხვიჩამ მეტოქეები.
მთელი თამაში 2-3 და მეტი კაცი სადაც ჰყავდა აწებებული, იმ მატჩებშიც კი ახერხებდა მინიმუმ, ერთი საგოლე ან პოტენციური საგოლე მოქმედების დადებას.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი იქნებოდა ის უსახური გუნდი, რომელიც კრემონეზემ გამოაგდო თასიდან და დღეს რომ იყო პირველ ტაიმში.
ოსიმენი არის ჩვეულებრივი კარგი მეგოლე, ოღონდ თანაგუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ოსიმენის განეიტრალება გაცილებით მარტივია, ვიდრე კვარასი. ოსიმენს კვარასთან ერთადერთი საერთო რაც აქვს, ორივეს შეუძლია არაფრისგან გოლის ან საგოლე პასის გამოდნობა. ოღონდ ვიქტორა ამას უფრო ჭიდაობით ან თანაგუნდელების დახმარებით ახერხებს, კვარა გაცილებით ლამაზად და უფრო ინდივიდუალურად.
გადავა ოსიმენი სადმე ტოტენჰემში ან ჩელსიში და დარწმუნებული ვარ, ირბენს მუდრიკივით გაფლოპებული. პრინციპში, მასე დარბოდა ნაპოლიშიც, სანამ კვარა გადმოვიდოდა.
მთლიანობაში, კვარა და ოსიმენი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ უფრო გაძლიერებულ ნაპოლიში.