დე ლაურენტისის წუწურაქობა და კვარაცხელიას რთული სეზონის მოლოდინი

AutoSharing Option
არის მასში რაღაც მიკირტუმ გასპარიჩისეული

გუშინ Sky Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს და ნიგერიელის სეზონური გასამრჯელო 10 მილიონ ევროზე მეტი იქნება. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ 12 მილიონს მიაღწევს. სერია A-ს ბომბარდირს, რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასი ეკუთვნის, მაგრამ უსამართლობის შეგრძნება გვეუფლება - იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რა დააშავა, რომლის ანაზღაურება 1.25 მილიონია და მომატებას არც აპირებენ. ქართველი დუმს, მაგრამ მსგავსმა უმსგავსო დამოკიდებულებამ არ შეიძლება მასში პროტესტის გრძნობა არ აღძრას.

მოდით, დავიწყოთ
თავიდან. გასული წლის ზაფხულში „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა, მხოლოდ კვარაცხელია და კიმ მინ ჯე შეიძინა, რომლებსაც გულშემატკივრები თითქმის არ იცნობდნენ და სეზონის დაწყების წინ ჩატარებულ გუნდის პრეზენტაციაზე ლამის ობსტრუქცია მოაწყვეს. ისინი „ნაპოლის“ მიერ სეზონის ჩაგდებას ელოდნენ და ღონისძიებაზე მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, თავის მართლება მოუწია. შემდეგ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: კვარაცხელიამ გაიბრწყინა, ოსიმენმაც, კიმ მინ ჯეც დამაჯერებელი იყო, ჯოვანი დი ლორენცოც, სხვა მუშა ფეხბურთელთა ჯგუფმაც თავისი სამუშაო ჩინებულად შეასრულა და ყოველივე ამას ტრიუმფი მოჰყვა. ვშიშობ, ამას წელს გაგრძელება არ უწერია და ყველაფერში დამნაშავე კლუბის წუწურაქი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იქნება. სხვა სახელს მის საქციელს ძნელად თუ დავარქმევთ.

Sportall.Ge

ჭკვიანი კაცია სპალეტი, მიხვდა, საქმე სასურველად ვეღარ წარიმართებოდა, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და გადადგა. მან ნეაპოლურ კლუბში ორ წელიწადში 5.6 მილიონი გამოიმუშავა და კონტრაქტი იმ პირობით გაწყვიტა, რომ ერთი წელი არსად იმუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2.8 მილიონის გადახდა მოუწევს. მოკლედ, დე ლაურენტისმა, ფაქტობრივად, სახლში გამოამწყვდია და პაუზას შემოქმედებითი შვებულება უწოდა. ახლა ლუჩანოს იტალიის ნაკრების თავკაცად ნიშნავენ და ამ თანხის დაფარვა ფეხბურთის ფედერაციას მოუწევს. პრეზიდენტმა ამხანაგური მატჩებისას ტელერეპორტაჟების გაყიდვა დაიწყო და მეტოქე კლუბების მიერ განხორციელებული რეპორტაჟების დაბლოკვა. აგრეთვე, სპარინგებისას ბილეთების გაყიდვა. ეს მისი უფლებაა, კლუბის მფლობელი ბიზნესმენი დღენიადაგ შემოსავალზე უნდა ზრუნავდეს, ხელმომჭირნეც უნდა იყოს, ფულის ყაირათიანად მხარჯველიც და მეურნეც, მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც ნორმები.

იმას, რასაც დონ აურელიო ხვიჩას შემთხვევაში აკეთებს, არ შეიძლება სახელი ვუწოდოთ, ეს უბრალოდ არაეთიკურია. Ilmattino-ს მტკიცებით, მას არ სურდა ქართველის ტრანსფერის განხორციელება, სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ დაარწმუნა ამის აუცილებლობაში და საფეხბურთო ევროპის წლის სენსაციაც მოხდა. „კვარამ“ ყველა გააოცა და სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა - თუ მთავარი არა. კვარაცხელიას ნეაპოლურ კლუბში გადასვლისას სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, ერთგვარ ცაიტნოტში იმყოფებოდა და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი მინიმალური ხელფასით გაუფორმეს.

Sportall.Ge

ელემენტარული მადლიერების ნიშნად დე ლაურენტისს ყველა დაუწერელი კანონით ანაზღაურება ხელშეკრულების გახანგრძლივების გარეშე უნდა მოემატებინა, მაგრამ ის მოქმედებს პრინციპით - „მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, მილიონი აღარაა“. ორიოდ დღის წინ „ნაპოლიმ" შვედეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტე „რეიმსისგან“ 12 მილიონად შეიძინა და 1.1-მილიონიანი ხელფასი დაუნიშნა, ანუ თითქმის იგივე, რასაც ხვიჩა იღებს. ეს უპატივცემულობაც აღარაა, ეს დაცინვაა. იგივე ilmattino წერდა: „სიუჟეტი კლუბისთვის პრაქტიკულად იდეალურია: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ფულის გამო პრობლემას არ ქმნის. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ 4 წლის მიხედვით გასამრჯელოს მოსამატებლად ვერავის მიმართავს. ეს უაზრობაა. მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, შემოქმედებითი მხარე კი - ვარსკვლავური“.

ხვიჩა დუმს, ის არაა კონფლიქტური, მშვიდია, თავის შანსს ელოდება, თუმცა შეიძლება ყოველივე მასზე მაინც აისახოს. სპარინგებისას მის თამაშში ის ცეცხლი არ იგრძნობოდა, რაც გასული წლის ამავე დროს (ცოტა წონაში მომატებულიც მომეჩვენა). ენთუზიაზმი თითქოს სხვებსაც გაუქრათ. შესაძლოა, საკონტროლო შეხვედრებისას უბრალოდ თავი დაზოგეს, პრაგმატულად მოიქცნენ, მაგრამ თვალსასეიროდ რომ ვერ თამაშობდნენ და ბოლომდე რომ არ იხარჯებოდნენ, ესეც ფაქტია. მთელი გასული ერთი წლის განმავლობაში, ისევე, როგორც, ალბათ, მრავალი თქვენგანი, ხვიჩას თამაშით ვტკბებოდი, ყოველ მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდი, ვნერვიულობდი და აღმოვაჩინე, რომ რაღაცნაირად დამოკიდებულიც კი გავხდი. მინდა, ძალიან მინდა ვცდებოდე და ყველაფერი კვლავ წარმატებულად განვითარდეს, კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინოს და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გაუკვალოს გზა დიდ ევროპულ ფეხბურთში. დაველოდოთ, ვნახოთ...

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 45 /
ჟუღელს გაუმართლა რომ კვარათავისის შესაძლებლობებით იქ აღმოცნდა და საუკეთესო გახდა და ჩემპიონობაც მოაგებინა გუნდს. როგორც აგნეტიც და პიროვნებაც ადამიანის კლასი არ გააჩნია და ვერ შესძლებს რომ სათანადო მოთხოვნა გააკეთოს დელაურენტისთან. თუ ართლა იყო შეთავაზება ინგლისიდან უნდა წასულიყვნენ. ნიუკასლმა სეზონო დაბომბვით დაიწყო. არსენალს თავდასხმაში უჭირს, ჩელსისაც ჩილველი ჰყავს რომელიც ნაგავია კვარას პოზიციაზე. აგენტი რისი აგენტია თუ ფეხბურთელის კეთილდღეობაზე და საუკეთესო პირობებზე არ ზრუნავს დღე და ღამე?
simartle
04:45 15-08-2023
7
კვარაცხელიასთვის მთავარი არარის ფული თორე დამიჯერეთ არაბული კლუბები დიდ თანხას პირდებოდნე და უარი თქვა.. დიდ თანხაზეა საუბარი არ ასაჯაროვებენ... დაანებეთ ხელფასებს თავი და აცადეთ ამ ბიჭს თამაში და ფული მოვა ნუ გეშინიათ თავისთვის ლიჟბი ის კრიზისი დასძლიოს რაც ამ ბოლო დროს დაემართა უფალი ფარავდეს მთელ საქართველოს !!!!
სიმართლე
12:32 15-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული