"ნაპოლიმ" "უდინეზესთან" ძალიან დამაჯერებელი (4:1) გამარჯვება
რთული სათქმელია, რომ მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ძალასთან კომუნიკაციის არქონის პირობებში მოახერხა და ფეხბურთელებს რწმენა დაუბრუნა. გარსიას როლს არავინ აკნინებს, თუმცა შეხვედრის უმეტეს ნაწილში ის განცდა არსებობდა, რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს, ყველაფერზე, მათ შორის, პირად წყენაზე მაღლა დამდგარიყვნენ, დაემტკიცებინათ, რომ მხოლოდ გასული წლით ტკბობას არ აპირებენ და ძალების დემონსტრირება კვლავ სურთ. ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, გუნდის თითოეული წევრი ერთ მუშტად შეკრული იყო.
რამდენჯერმე დავწერეთ, რომ გარსია თავის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ვერ ასრულებდა, ხვიჩა კვარაცხელია არც კართან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მანამდე, პოზიციების შეცვლის თავისუფლებაში კი - ლიმიტირებული. "უდინეზესთან" განსხვავებული სიტუაცია ვნახეთ, "კვარადონა" (ამ სახელს ბოლომდე ამართლებდა) მოწინააღმდეგის კართანაც უფრო ახლოს იყო და მხოლოდ მარცხენა ფრთაზე მიჯაჭვული არ გვინახავს. შესაძლოა, მთავარ მწვრთნელს ამისთვის დრო სჭირდებოდა, ან ფეხბურთელებმა ვერ აღიქვეს დროულად მისი გეგმები. როცა შენი თამაში მაქსიმალურად შესწავლილია, სიახლეები ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამას ალღო შეტევაში ხვიჩას პარტნიორებმაც აუღეს და პოლიტანოს გაუთავებელი მოძრაობები და ფლანგების ცვლილებები ეფექტური იყო. ყველაფერ ამასთან მარიო რუიც საკმაოდ ადაპტირდა, რაც წინა მატჩებში ასე არ ყოფილა.
კვარაცხელიაზე ახალი რა უნდა ვთქვათ. მისი ერთგვარი კრიზისი რას არ დაბრალდა. ბოლოს მთავარი "ვერსია" ის იყო, რომ ხელფასის არგაზრდამაც უარყოფითად იმოქმედა. როცა ბურთი ძელს მეორედ მოარტყა, ხვიჩას რეაქცია კარგად ხომ ვნახეთ? - როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი იმ სიამოვნებაზე, რასაც ფეხბურთი ანიჭებს, სხვა ფაქტორების გამო უარს ამბობდეს. ქართველ გარემარბს ეს უიღბლობა ასეთი მაღალი დონის თამაშითა და გოლით უნდა დაესრულებინა და არა თერთმეტმეტრიანით, რომლის შესრულებაზეც უარს საბოლოოდ თუ იტყვის, ამაში ცუდი არაფერი იქნება, უფრო პირიქით, დამატებით სტრესს აირიდებს.
დღეს 77-ე ნომერზე იტალიაში და არამხოლოდ ბევრს დაწერენ. ამ გოლით სერია "ა"-ც გახარებულია და ჩემპიონთა ლიგაც, მათი რჩეული "დაბრუნდა", მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ. არსებობს ქართული ფილმი "ალოობა", სადაც მთავარი მოქმედი პირი არასდროს უხვევს გზიდან, მიზნის მისაღწევად მხოლოდ ჯანსაღ გზებს არჩევს. კვარაცხელიას თავისი დიდი მიზნები ამოძრავებს, მიღწეულით არ კმაყოფილდება და არ აპირებს, მწვრთნელს ან კლუბის პრეზიდენტს "კრიჭაში ჩაუდგეს", სხვაც დააზარალოს და საკუთარი რეპუტაციაც. ალოობა ხომ მარცვლეულის მოყვანის პერიოდია, ხვიჩას რამდენიმეთვიანი შრომა დასჭირდა, რათა საკუთარი "ხორბლის" მოსავალი ისევ დახუნძლული და მრავალფეროვანი ყოფილიყო. ასეთ ხასიათზე მოსულის შეჩერება ყველას გაუჭირდება!..
გოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი - ძველი "კვარა" დაგვიბრუნდა! [VIDEO]
რუდი გარსია: კვარაცხელია უნიკალურია, ასეთი ფეხბურთელები ბევრი არაა
-სავარაუდოდ მინიმუ 4-5 კილოთი მეტი იქნება პირველ-მეორე ტურში