უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში „შახტარმა“ გასვლაზე კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი ისევ სასტარტოში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე მეტოქესთან ბურთზე ბრძოლისას ტრავმა მიიღო, სამედიცინო პერსონალის დახმარებით, კოჭლობით დატოვა მოედანი და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ის და რამდენი ხანი გაუცდება. მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გიორგი გოჩოლეიშვილი 76-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან ყვითელი ბარათი მიიღო.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 2 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჰამბურგში „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
კიევი. „ვალერი ლობანოვსკი“
დინამო (კიევი) - შახტარი 0:1
გოლი: ზუბკოვი (54)