როგორ მივიდა ლუქსემბურგის ნაკრები ამ დონემდე... სიტუაცია ქვეყანასა და გუნდში საქართველოსთან მატჩამდე და გეგმა თბილისური შეხვედრისთვის - ვრცელი ინტერვიუ ლუქსემბურგის ნაკრების სპორტულ დირექტორთან

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა მანუელ კარდონიმ საქართველოსთან მატჩის წინ numero-diez-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ის მოჰყვა, თუ როგორ განვითარდა ლუქსემბურგული ფეხბურთი და როგორ მივიდა იმ დონემდე, სადამდეც არასდროს ყოფილა. 

"ამჟამად ჩვენ ვართ იმ დონეზე, რომელისთვისაც ჩვენს ისტორიაში არ მიგვიღწევია. მხოლოდ 1963 წელს მივაღწიეთ ერთგვარ მეოთხედფინალს, მაგრამ ეს არ იყო ევროპის ჩემპიონატის შანსი, რომელსაც ჩვენ მას დღეს ვუწოდებთ.

თუმცა მე ვსაუბრობ 60 წელზე მეტი ხნის წინანდელზე. ახლა ჩვენი ისტორიის ყველაზე საინტერესო მომენტში ვართ, რადგან გვაქვს ევროპის ჩემპიონატის ფინალური
ეტაპის საგზურის მოპოვების საშუალება.

გვყავს ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც მიიპყრეს ისეთი გუნდების ინტერესები, როგორიცაა მიუნხენის "ბაიერნი" და ა.შ.

ლუქსემბურგული ფეხბურთისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტია, რის გამოც ძალიან ბედნიერები ვართ. საქართველოს წინააღმდეგ აუტსაიდერის სტატუსი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპამდეც მოსვლა უკვე დიდი გამარჯვებაა.

ცხადია, გვსურს წინსვლა, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა და არ ვიცით, განმეორდება თუ არა მსგავი რამ. რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე? ამჟამად ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე ვართ. ამ მნიშვნელოვანი პოზიციის მისაღწევად, ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია ბავშვთა ფეხბურთში. 

დაახლოებით 20 წლის წინ ჩვენ ავაშენეთ ინფრასტრუქტურა საფეხბურთო სკოლისთვის, რომელიც ცენტრალიზებს საუკეთესო ნიჭს. 11/12 წლის წინ დავიქირავეთ ტექნიკური დირექტორი, რომელმაც ასევე შექმნა სტრუქტურები და მეთოდოლოგიები, რომლებიც ორიენტირებულია მოთამაშეების ინდივიდუალურ ზრდაზე. მთელი პროექტი სწორედ აქედან დაიწყო. 

რაც შემეხება მე, აქ 10 წელია ვარ: 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში ვიყავი, ახლა ტექნიკურ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ვცდილობთ ისეთი ვარჯიშები ჩავატაროთ, რომლებიც უშუალოდ თამაშთანაა დაკავშირებული.

შინ ბოსნიასთან მოგებული ბოლო მატჩისას გამოძახებული 23 მოთამაშიდან 15 ჩვენმა სკოლამ აღზარდა. ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო: დიდი მოთმინებითა და ბევრი იდეით ჩვენ ავაშენეთ რაღაც მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ჩვენ ჩვენი ზრდის გზაზე ნახევარი ვართ. 10 წლის წინ ვიყავით ლიხტენშტეინისა და სან-მარინოს დონეზე.

გარკვეული პრობლემები გვაქვს 17-22 ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით, სადაც ვკარგავთ მოთამაშეებს, რომლებმაც, გვგონია, რომ უფრო მაღალ დონეზე უნდა წარმოაჩინონ თავი.

რას ვგეგმავთ საქართველოს წინააღმდეგ? - გვყავს მთავარი მწვრთნელი ლუკ ჰოლცი, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს თითოეულ თამაშზე, მაგრამ მწვრთნელმა ისიც იცის, რომ თუ თამაშზე ზედმეტად ფოკუსირებულნი ვართ, დამარცხების რისკი გვაქვს. ეს ორჯერ მოხდა პორტუგალიის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, თუ კომპაქტურად ვიქნებით, რეიტინგში მე-10-დან 50-ე ნომრამდე ყველა გუნდს ტოლ-სწორად ვეთამაშებით. ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა გვყავს. შეტევაში ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლებიც იგონებენ და იციან, როგორ გადაწყვიტონ მატჩის ბედი. ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.

მწვრთნელი დიდ ყურადღებას ამახვილებს ბურთის ფლობაზე, მაგრამ ფეხბურთის მხრივ, ძალიან ინტელექტუალური ადამიანია. ჯერ კიდევ გვახსოვს, ვინ ვართ და ეს არ გვავიწყდება. თუ მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ, ფავორიტებად არავინ გვთვლის. ეს მოხდება საქართველოსთანაც, რომელსაც 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. ვიცით, რომ არ ვართ ფავორიტები და მოგვიწევს ბევრი ოფლის ღვრა, რათა წარმატებას მივაღწიოთ. 

გვყავს ძალიან კარგი დაცვა და ნახევარდაცვა. ლუქსემბურგის ნაკრებში ირიცხებიან ლეანდრო ბარეირო, მატიას ოლესენი და კრისტოფერ მარტინსი: გვყავს გამოცდილი მცველი მაქსიმ ჩანოტი, რომელიც პირლოსთან თამაშობდა "ნიუ-იორკ სიტიში".

საზღვარგარეთ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. აქ, ლუქსემბურგში, ახალ სტადიონზე შეიქმნა ისეთი ატმოსფერო, რომელიც აქამდე არ იყო. ტაქტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას 4-3-3-ზე, რომელიც გახდება 4-5-1: ეს სქემა იყო ბოლო დამაკმაყოფილებელი შედეგების საწინდარი.

როგორი ატმოსფეროა ლუქსემბურგში საქართველოსთან მატჩამდე? - თუნდაც არ ჩანდეს, ლუქსემბურგი საფეხბურთო ქვეყანაა, ამ სპორტის მიმართ დიდი ინტერესია. ბუნდესლიგა აქ ძალიან პოპულარულია. ყოველ კვირას უამრავი ავტობუსი მიდის ადამიანებით სავსე მატჩების სანახავად კიოლნში, დიუსელდორფში, მიუნხენში, მაინცში, ფრანკფურტში... თუმცა მანამდე ლუქსემბურგელები არ იყვნენ ეროვნული ნაკრების დიდი გულშემატკივრები.

ახლა ატმოსფერო შეიცვალა: ბევრი ხალხი ადევნებს თვალს ჩვენს მატჩებს და ირგვლივ ბევრი ეროვნული ნაკრების მაისურია. ადრე ყველას ეცვა სხვა გუნდების ფორმა, განსაკუთრებით, მათი წარმოშობის ქვეყნის. თუმცა ახლა ყველა ჩვენს ფერებს ატარებს. სამი წლის წინ ახალი სტადიონი ავაშენეთ, რომელიც 10 000 ადამიანს იტევს. იქ დიდი სიხარულის ჰაერია. ეს ყველაფერი მშვენიერია, მსგავსი არაფერი განგვიცდია.

რა იქნება, თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ? - ეს იქნება უზარმაზარი საჯაროობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ხშირად განგვიხილავენ, როგორც ბანკებზე დაფუძნებულ ფინანსურ ქვეყანას, სადაც ხალხი კარგად ცხოვრობს ეკონომიკურად. ამის გარდა, ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, როგორიც ყველა სხვა ქვეყანაა, სადაც საკმაოდ კარგად ვცხოვრობთ და სოციალურ დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმშვიდეა.

შედეგად, მიღებული საჯაროობა ფასდაუდებელი იქნებოდა, ის დაანგრევდა ყველა სტერეოტიპს. ცხადია, ცალკეული ფეხბურთელებიც ისარგებლებენ. ჩვენი მოთამაშეების ბაზარი საგრძნობლად გაიზრდება. კიდევ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ ჩვენს აკადემიას. ლუქსემბურგული ფეხბურთით უკვე ბევრი იტალიური გუნდია დაინტერესებული. ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობა გერმანიაში და ცოტათი კი საფრანგეთში.

შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი რეკლამირება იქნებოდა. თუმცა, ფედერაციის ადმინისტრაციული სექტორისთვის - ცუნამი, რადგან ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ.

კომუნიკაციის, მენეჯმენტისა და გუნდის მენეჯმენტის დონეზე ჩვენ მზად არ ვართ. ამჟამად მხოლოდ ექვსი მწვრთნელია სრულ განაკვეთზე, ყველა დანარჩენი - ნახევარ განაკვეთზე. მარტივად რომ ვთქვათ, 95% მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ ეს ის პრობლემებია, რომლებსაც მოგვიანებით მოვაგვარებთ, იმ იმედით, რომ დაგვჭირდება გადაწყვეტილებების პოვნა".

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ყველაფერი რამდენი ხნის მოგვარებულია ჩვენთან
აი ბოლო აბზაცის შინაარსია კი ცოტა გაურკვეველია ჩვენი ბედოვლათებისთვის
ვაცადოთ ბატონო ვაცადოთ
Dato
16:51 15-03-2024
0
რა თქვა ამ კაცმა ახალი? ბავშვთა ფეხბურთში ჩავდეთ ინვესტიციებიო, აკადემია გავაკეთეთო, სწორად მივუდექით საქმეს და შედეგს დაველოდეთო, ჩვენ რა, არ ვიცით რომ ასე უნდა ქნა? მაგრამ, მაგრამ, ეეეჰ, მაგრამ ვინაა გამკეთებელი? ვიიინ?
ლევანი
11:48 15-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული