"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

AutoSharing Option
SportoweFakty-მ საქართველოს ნაკრებისა და "კრაკოვიას" მცველ ოთარ კაკაბაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენებურმა განვლილ ევროპის ჩემპიონატსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთში ყოფნით ის და მისი ოჯახი ძალიან ბედნიერნი არიან და არსად წასვლას არ აპირებს. 

"ევრო 2024-ზე ნამდვილად შესანიშნავი იყო. ახლაც, გერმანიიდან დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან ვამაყობ.

ტურნირის მსვლელობისას ყველამ ვიგრძენით ჩვენი სამშობლოდან ხალხის დიდი მხარდაჭერა. ალბათ, ხედავდით, რა შესანიშნავად მიგვიღეს ევროს შემდეგ, რამდენი ხალხი შეიკრიბა ქუჩებში. გადაჭედილი
ქუჩების ნახვა მართლაც დაუჯერებელი სანახაობა იყო.

ქალაქში სპეციალური ავტობუსით ვიარეთ და გულშემატკივრებს მივესალმეთ, ხელებს ვუქნევდით, მადლობას ვუხდიდით მხარდაჭერისთვის. ეს იყო მშვენიერი ღამე, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე.

პორტუგალიასთან მატჩი მართლაც რაღაც განსაკუთრებული იყო. ევროზე ჩვენ წასვლამდე ბევრმა იკითხა, რატომ მიდიოდა საქართველო ამ ჩემპიონატზე, ჩვენ კი ვთქვით, რომ ნამდვილად არ გვინდოდა ტურისტები ვყოფილიყავით და ვფიქრობ, ეს საქმით დავამტკიცეთ. ჯგუფიდან გავედით, რასაც ვფიქრობ, არავინ ელოდა.

ვთხოვე თუ არა ხვიჩას მსგავსად რომელიმე პორტუგალიელს მაისური? - არა. როცა პატარა ვიყავი, მატჩების შემდეგ ვცდილობდი მაისურების გაცვლას. ახლა მირჩევნია ჩემი შევინარჩუნო. რონალდო, რა თქმა უნდა, ბევრისთვის ფეხბურთის გმირია, ყველა ჩვენგანისთვის შესანიშნავი მოთამაშე.

ვის ვთვლი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ამ ევროზე? - უკეთესი იქნება, ჩემ ნაცვლად ამ თემაზე გულშემატკივრებმა ისაუბრონ. ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშეს მართლაც შესანიშნავი თამაშები ჰქონდა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გუნდურად წარმოუდგენლად ვიმუშავეთ. ჩემი მხრიდან ვინმეს გამოყოფა ალბათ არასწორი იქნება. ჩვენი მეკარე მამარდაშვილი საოცარი მოთამაშეა. ჩემთვის ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ტოპ-კლუბებში თამაში. სამომავლოდ მას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორთა მსურველი გუნდის მეკარედაც კი ვხედავ. ჩემი აზრით, ის მართლაც უმაღლესი დონეა. ბევრი დიდი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

ნიშნავს თუ არა რაიმეს, რომ მომავალ ჩემპიონებთან წავაგეთ? - არა. ზოგისთვის ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სულაც ინგლისს რომ მოეგო, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა.

ასევე უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა იმის გამო, თუ რამდენად კარგად თამაშობდნენ ფეხბურთს. ისინი იმსახურებდნენ ჩემპიონობას, მართლაც საუკეთესო გუნდი ჰყავდათ.

რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი? - ახლა 2026 წლის მუნდიალზე უნდა გავიდეთ! მნიშვნელოვანია, რომ შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. მიმაჩნია, რომ მომავალში საქართველოს ევროპულ ფეხბურთში კიდევ შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს. ევროზე ეს შედეგი საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც გარკვეული ინსპირაციაა.

ბევრმა ადამიანმა, ვინც ევროს წინ საქართველოს შესახებ ბევრი რამ არ იცოდა, ჩვენი სიურპრიზის შემდეგ საქართველოთი დაინტერესდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კარგად გავაკეთეთ სამუშაო.

ჩემი მომავალი? წასვლა, რომ მდომებოდა, ევროპის ჩემპიონატის წინ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. ჩემს ოჯახთან კონსულტაცია გავიარე და აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ერთი სული მაქვს ახალი სეზონი დაიწყოს. აქ კიდევ სამი წლით მოქმედი კონტრაქტი მაქვს.

მთლიანად "კრაკოვიაზე" ვარ ორიენტირებული და ჩემს მომავალს ამ გუნდში ვხედავ", - თქვა კაკაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაღალ დონეზე ითამაშე კაკაბ ამ ევროზე. ცოტა გული მწყდება კიდევ უფრო კარგი კარიერა შეგეძლო. თუმცა განსაკუთრებით ესპანეთში ტრავმებმა გაგაწამა. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ჩვენგან
მინდია
15:57 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული