დღეს: მამარდაშვილი "ბარსას" წინააღმდეგ და საუბრები მის ირგვლივ - კვარაცხელია, როგორც სადებიუტო მატჩში...

AutoSharing Option
იწყება, იწყება! მორიგ საფეხბურთო სეზონს უნდა შევუდგეთ. ყველაზე დიდი ინტერესი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იქნება და აქ დასამალი არაფერია, მაგრამ აბა, როგორ მოერგება გიორგი მიქაუტაძე "ლიონს"? - რა დამაინტრიგებელია. ტოპლიგებში 6 ქართველი გვყავს, გიორგი მამარდაშვილის ამბავი კი ჯერ კიდევ გასარკვევია, ტრანსფერი ჰაერში ტრიალებს...

ელიტარული ჩემპიონატების მეორე ლიგაში მოთამაშე ქართველებზე წაიკითხეთ აქ -
"ვალენსია" - "ბარსელონა"

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ვალენსია" "ბარსელონას" უმასპინძლებს - დღეს, 17 აგვისტოს,
თბილისის დროით 23:30 საათზე.

"ღამურები" "ლა ლიგის" ექვსგზის ჩემპიონია, ბოლო წარმატებას კი 2004 წელს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ გუნდი ვერ ახერხებს, ჩემპიონატი მოწინავე ადგილზე დაასრულოს. გასული სეზონი რომ გავიხსენოთ, გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში რომ არა, არავინ იცის, რა მოხდებოდა. რადგანაც დიდია შანსი, "მამარდამ" გუნდი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე (31 აგვისტო) დატოვოს და ინგლისში გადაბარგდეს, "ბარსასთან" ახალწვეულ სტოლე დიმიტრევსკის გამოჩენას ელიან. ბარახა უკმაყოფილოა, ტრანსფერები სეზონის დაწყების მერეც რომ შესაძლებელია, ქართველი კიპერის მხრიდან კი თამაშისთვის მზადყოფნას ადასტურებს. ისე, ჩრდილომაკედონიელი კარგი მეკარეა და მისი შეძენა ჩვენებურის მოსალოდნელ წასვლას უნდა დავუკავშიროთ.

"ღამურებმა" ლიდერი ხავი გერა შეინარჩუნა. რუბენ ბარახას გუნდმა ზაფხულში 7 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეკარის გარდა, გომესი და მირიც დაიმატა.

"ბარსელონამ" ჰანსი ფლიკისთან ერთად ცუდად დაიწყო, გამპერის თასზე "მონაკოსთან" (0:3) შერცხვა. გერმანელ მწვრთნელზე დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ აბა როგორია, მბაპეთი გაძლიერებულ მადრიდის "რეალს" შეეტოქო?! "ბარსამ" ოლმო დაიმატა, თუმცა ჯერ არ გაუფორმებია, ნიკო უილიამსის ტრანსფერი კი არ გამოდის. ტრავმიანობის გამო, კატალონიელთა ნახევარდაცვაში პაბლო ტორესა და მარკ კასადოს ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვალენსია: დიმიტრევსკი - კორეია, მოსკერა, ტარეგა, ოზგაჩარი - ლოპესი, გილამონი, გერა, კანო - ალმეიდა - დურო;

ბარსელონა: ტერ შტეგენი - კუნდე, კრისტენსენი, კუბარსი, ბალდე - გიუნდოგანი, კასადო, ტორე - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია.

Sportall.Ge

ხვიჩა საყვარელ მეტოქესთან

იტალიის ჩემპიონატში 3 ქართველი ითამაშებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, სხვები დროს რამდენად მიიღებენ, რთული სათქმელია.

"კვარა" ისევ ნეაპოლშია და ანტონიო კონტესთან ერთად ახალ ტაქტიკურ სქემაში გაირჯება, სადაც მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ახალ განლაგებაში მარცხენაფლანგელ სპინაცოლას როლი დიდი იქნება, მან ხვიჩას სივრცეები კარგად უნდა გაუთავისუფლოს. 3-მცველიან ტაქტიკაში კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში თამაშს შეჩვეულია. ახლა მთავარია, ოსიმენის წასვლისა და ლუკაკუს მოსვლის ამბები სწრაფად დალაგდეს, ისე გუნდს შედეგიანობა გაუჭირდება. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ დიდი ზეიმი იყო, რაც შესაბამისად ვერ გაგრძელდა... ასევე ვნახოთ, დი ლორენცო ცენტრალურ მცველად თავს როგორ წარმოაჩენს...

ხვიჩას იტალიაში რამდენიმე მეტოქე განსაკუთრებით უყვარს და ერთ-ერთი სწორედ "ვერონაა", რომელსაც კვირას, 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:30 საათზე ესტუმრებიან. ქართველს გასულ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ვერონაში ჰქონდა, როცა დუბლი შეასრულა. მაშინ "კვარას" მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. შემდეგ 77-ე ნომერმა მათ შინაც გაუტანა (წინა სეზონში, მაშინაც პირველ ტურში, სადებიუტო მატჩში, გოლიც და საგოლე პასიც მიითვალა). არადა, მანამდე, "ნაპოლის" ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე ჰქონდათ. ცნობისთვის, ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჰქონიათ - 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. ნეაპოლელებმა "ვერონასთან" ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს, გაიტანეს 29 გოლი და 6 შეხვედრაში არ გაუშვიათ. სტუმრებმა ნეაპოლში ბოლოს
1982 წლის 2 იანვარს, პიერო ფანას დუბლით მოიგეს.

შეხვედრას მატეო მარკეტი განსჯის, რომელმაც ნეაპოლელებს ბოლოს 17 მაისს, "ფიორენტინასთან" (2:2) უმსაჯა.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო - მაცოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა - პოლიტანო, კვარაცხელია - რასპადორი.

საბა საზონოვის "ტორინო" შაბათის საღამოს (22:45 სთ)
"მილანს" ესტუმრება, საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" კი ზუსტად ამავე დროს "მონცას" უმასპინძლებს. იმედია, ჩვენებურები დროს მიიღებენ.

Sportall.Ge

ორი ქართველი

გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" დაბრუნებისა და პირველი ოფიციალური მატჩის მიმართ დიდი ინტერესია. შესაძლოა, მომავალში, ქართველი ლაკაზეტისთან დუეტში ვიხილოთ, ახლა კი ოლიმპიადაზე ფინალში ნათამაშები ფრანგი დისკვალიფიცირებულია (ტალიაფიკოსთან ერთად). როგორც ქართველი, ასევე ფრანგი თავდამსხმელი პენალტების კარგი შემსრულებლები არიან და რთული სათქმელია, "ჟორჟს" ახალ გუნდში ამის საშუალება რამდენად მიეცემა.

"ლიონი" საწყის ტურში "რენს" ესტუმრება - კვირას, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 22:45 საათზე. "როაზონ პარკზე" ლიონელებმა ბოლოს კი მოიგეს, მაგრამ ისე მუდამ უჭირთ.

მიქაუტაძეს "ნაპოლიდან" ცოტა ხნის წინ წასულ ლეო ოსტიგორთან დაპირისპირება მოუწევს, გატანა კი ძალიან გამოცდილი სტივ მანდანდას კარში დასჭირდება.

მიქაუტაძე აუტსაიდერ "მეცში" ძალიან შედეგიანი იყო და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირის ახლაც გვეიმედება!..

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს", ისინი ლიგა 1-ს ვიცე-ჩემპიონ "მონაკოსთან" სტუმრობით დაიწყებენ - დღეს, 17 აგვისტოს, 23:00 საათზე (თბილისის დრო). მონაკოელები "ბარსელონათან" გამარჯვებით გახარებულები არიან და ფავორიტათაც მიიჩნევიან. მოგეხსენებათ, "სტ. ეტიენმა" ელიტის საგზური მიქაუტაძის უკვე ყოფილი კლუბის, "მეცის" ძლევით მოიპოვა.

დავითაშვილი 3-შემტევიან ტაქტიკაში სასტარტოში მოიაზრება, ჩვენ კი ზურიკოს აფეთქებებისა და შედეგიანობის გვეიმედება!..

alt5 შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესს იმსახურებს - "ლესტერის" დაბრუნება 37 წლის ვარდით და სერიოზულად გაძლიერებული "ატლეტიკო"...

მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი მამარდ გაგვახარე მაგ ამბით....ვისაც არ გაუხარდება მოვიკითხავთ ლამაზი სიტყვებით...ბევრი ქართველი გვენახოს ჩემპიონთა ლიგაზე!!!.სხვანაირად ნაკრების წარმატება არ მოვა!!
გიო
10:32 16-08-2024
5
ბატონებო ჩაკვე რატომ გვავიწყდება ხანდახან? დღეს სსაღამოს მაგის გუნდიც თამაშობს "ჩემპიონშიფში", მაგრამ რატომღაც ჩვენი ტელევიზიები გულმოდგინებით იგივე "ჩემპიონშიფის" სხვა გუნდების თამაშებს გვიჩვენებენ და უოტფორტისას არა. Livebal-იც "გამწყრალია" ჩვენზე ეტყობა და მხოლოდ თავისი ქვეყნების გუნდების თამაშებს აჩვენებენ. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ!
ვაჟა მასწავლებელი
13:09 17-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული