აი, როგორ გუნდში ახერხებს ამდენს კვარაცხელია: დრო გაძლიერება-სწავლისთვის და ავანსები, რომელმაც ვერ გაამართლა...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სეზონი ისე დაიწყო("ვერონასთან" 0:3), სათქმელი ბევრი არაფერი დაგვიტოვა. არადა, როგორ ველოდით, ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემის შუქ-ჩრდილებს ჩავწვდენოდით. გასაგებია, ყველაფერთან ადაპტირებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ისე ჩანს, ნეაპოლური გუნდის პრობლემები, რაც წინა სეზონში გარკვევით დავინახეთ, უფრო ღრმაა, მასთან გამკლავებას კი მხოლოდ მწვრთნელების ცვლა რომ ვერ უშველის, დამტკიცდა.

კონტემ თავისი გეგმის განხორციელება ახალი ფლანგელებით დაიწყო, რომელთაც მის ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვთ. გვესმის სპინაცოლას მიმართ მწვრთნელის დამოკიდებულება და სენტიმენტები, მაგრამ
ის მისი საუკეთესო ფორმისგან აშკარად შორსაა და მასზე ამხელა ავანსების გაცემა?! ეს ის შემთხვევაც არაა, ლეონარდოს სქემასთან და მწვრთნელთან ადაპტირება უჭირდეს. აქტიური ფლანგის ნაცვლად, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის სივრცეები უნდა გაეთავისუფლებინა, მეტოქის დაცვა გაეწელა და ბურთს სწრაფად ემოძრავა, ინერტული და პასიური ფრთა ვნახეთ. კარგი ისაა, რომ კონტეს საკუთარი თავისთვის რაიმეს მტკიცება არ დაუწყია და ფეხბურთელი, რომლისაც ეიმედება, მოედნიდან მეორე ტაიმის დასაწყიდიან მალევე გაიყვანა.

რაც შეეხება მარჯვნივ მაცოკის, ის ამ პოზიციაზე მშვენიერია და უნდა მოუმატოს კიდეც... მეორე გაშვებული გოლისას ყველაზე კარგად გამოჩნდა, დი ლორენცოს ცენტრალური მცველობა ჯერჯერობით უფრო ექსპერიმენტის დონეზე რომაა, აი, ბონჯორნოს ადაპტირება ასე რატომ გაიწელა, სასტარტოში ისევ ჟესუსი რომ ვიხილეთ, რთული სათქმელია...

როცა თამაში არ მისდიოდა, "ნაპოლი" მაშინაც იყო გუნდი, რომელიც ცდილობდა, ფლანგები დაეტვირთა, რასაც საკმაოდ ბევრი კუთხური მოჰყვებოდა. მართალია, შემდეგ მას პროდუქტიულად ნაკლებად იყენებდნენ, თუმცა ცდა იყო. ახალი ტაქტიკის პირობებში ეს უპირატესობა, თითქოს, სადღაც გაქრა, თეორულად წინ და უკან მორბენალი ფლანგელები მას ვერ ქმნიდნენ, შუაში შესვლით კი პოლიტანოს ის თვისებები დაიკარგა, გვერდით ხაზთან ახლოს მჭიდროდ შეკავშირებული მოწინააღმდეგეების გაშლას, თავისუფალი ადგილების პოვნასა და საჯარიმოში ჩაწოდებებით ხიფათის შექმნას რომ ახერხებდა. ამ პოზიციაზე ახალწვეული ნერეშის გამოჩენას უნდა ველოდოთ... ამავდროულად,
ოსიმენის ფაქტორის დაკარგვა, რომელსაც საჯარიმოში ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა შეეძლო, ნეაპოლელების სიზუსტე-დახვეწილობაზე ნაკლებად გათვლილ პასებს ძალასა და მნიშვნელობას უკარგავს. ლუკაკუს ტრანსფერმა ამ კუთხით მეტი პოზიტივი უნდა მოგვცეს, რამდენად იქნება საკმარისი, ვნახავთ...

Sportall.Ge

ის პრობლემა, რაზეც გასულ სეზონში აქტიურად ვწერდით, არსად გამქრალა. მაშინ, როცა მეტოქე საკუთარ ნახევარზე დიდი ძალით დგას, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ბურთის უფრო სწრაფად მოპოვება, დამუშავება, სახიფათო ზონაში გადატანა და მეტი შემოქმედება სჭირდებათ. სამწუხაროდ, შუა ხაზში ამას ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით, ზელინსკის წასვლის შემდეგ. კვლავ დიდია განსხვავება ლობოტკას საუკეთესო და დანარჩენ სეზონებს შორის, პერიოდული აფეთქებების მიუხედავად კი ანგისა ბურთის მეურვეებისთვის ძველებურად ართმევასა და შეტევისთვის იდეალური გაგრძელების მიცემას ვერ ახერხებს...

ხანდახან ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკა მოგვისმენია, რომ ის აღარაა რაც თავიდან იყო, გაშიფრეს... ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, ახლა კი უბრალოდ გადავხედოთ განვლილი მატჩის პირველ და მეორე(როცა "კვარა" ტრავმის გამო აღარ იყო) ტაიმებს, მერე ზოგადი სიტუაცია შევაფასოთ და გავიაზროთ, კვარაცხელიამ გასულ სეზონში როგორ გუნდში მოახერხა 11 გოლი გაეტანა, ექვსჯერ პარტნიორებსაც გაატინანა და ამისთვის კიდევ უფრო მეტი შანსი შეუქმნა; 77-ე ნომერს თამაშის საშუალებას უხეშობის მეშვეობით კვლავ არ აძლევენ, ყველანაირად ცდილობენ, მას ხასიათი გაუფუჭონ. ხვიჩა ძალიან დიდ განსხვებას ქმნის როგორც გუნდში, ასევე მთლიანად მატჩში.

კვარაცხელიასაც მუდმივად სჭირდება სიახლე, საკუთარ თავსა და მოლოდინებზე მუშაობა, ახალი ელემენტები და დამოკიდებულებები. მითუმეტეს, ახლა ტაქტიკა შეიცვალა და მას სრულყოფა ამ მიმართულებითაც აუცილებელია (ნაკრებში კარგი გამოცდილება აქვს). კონტესგან განსხვავებულის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია...

აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის, ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!..

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

alt"ფანებს ბოდიშს ვუხდი, ეს პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება, რაც შეეხება "კვარას"..."- რა თქვა კონტემ "ვერონასთან" მარცხის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფაქტია ოსიმენის და ზიალინსკის სრულფასოვან შემცველს ნაპოლი ვერ იყიდის,გუნდის ლიდერებს რომ უშვებ და შემცველელს ვერ პოულობ მეტის ღირსი ხარ..შედეგი შარშანდელზე უარესი იქნება.
დათო
14:28 19-08-2024
1
გიახუხაშვილო, გაზაფხულზე რომელი ტრანსფერი გინახავს და აქ წერია, რაც აქამდე არ ქნეს, ათ დღეში იქნება გამოსწორების საშუალებაო, აქ რაა მიუღებელი? ჯერ ოსიმენის ამბავიც ჰაერშია, შეგახსენებთ და ბოლო დღეს ბევრი რაღაც რომ ხდება, არ იცით?
ექსპერტ ნისლიან ალბიონს
14:13 19-08-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული