კვარაცხელია ახალ წელს ლიდერად შეხვდება? - ყველაფერი, რასაც დეკემბერში ვნახავთ

AutoSharing Option
წლის ბოლო თვე დაიწყო, რომელიც საფეხბურთო კუთხით ნაკლებად დატვირთულია. სანაკრებო მატჩებს შემოდგომაზე ვეჩვევით და ახლა ეს დიდი პაუზა ცოტათი დამთრგუნველია. ეროვნულ ლიგაში მთავარი უკვე გაირკვა, ჩემპიონობა "იბერია 1999"-მა (ყოფილი საბურთალო) მოიპოვა. გთავაზობთ ძირითად ამბებს, რაც დეკემებერში გველის.

იტალია

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ევროტურნებზე არ თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის გარდა მათთვის ერთადერთი ტურნირი ქვეყნის თასია, სადაც მერვედფინალში სწორედ ახლა იასპარეზებენ და ერთმატჩიან დაპირისპირებაში "ლაციოს" ესტუმრებიან. ვნახოთ, ანტონიო კონტე სასტარტო შემადგენლობის როტაციას რამდენად მიმართავს. ეს შეხვედრა 5 დეკემბრის ღამითაა (23:59 სთ), ამის შემდეგ კი
ნეაპოლელებს, რომლებიც სერია "ა"-ს ლიდრობენ, 2024 წლის ბოლომდე 4 დაპირისპირება ელით - კვლავ "ლაციო" (შინ), "უდინეზე" (სტუმრად), "ჯენოა" (ს), "ვენეცია" (შ). ვნახოთ, ვინ შეხვდება 2025 წელს პირველი ადგილის რანგში. აქვე, "კვარას" მონაცემებს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 შედეგიანი პასი.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძის "ემპოლის", მათ 2024 წლის ამოწურვამდე გრანდთან დაპირისპირება თითქმის არ უწევთ (მხოლოდ მეორეადგილოსან ატალანტასთან) და იმედია, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ.

სერია "ბ"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" აღზევებისთვის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" კი ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. დეკემბერში მათ 5-5 მატჩი ელით.

საფრანგეთი

"ლიონი" აშკარად კარგ ფორმაში შევიდა. ჩვენთვის პრობლემური ალექსანდრ ლაკაზეტის ფაქტორია, რომლის გამოცაა, გიორგი მიქაუტაძეს როტაციის ქვეშ ცოტა დრო რომ ეძლევა. არადა, როცა ქართველს მეტი ნდობა აქვს, მისი შეჩერება რთულია.

ლიონელები წლის ბოლომდე ჩემპიონატში სულ 2 ტურს ჩაატარებენ, მაგრამ 15 დეკემბერს დიდი დაპირისპირება ელით, პსჟ-სთან სტუმრობა. შუალედში მიქაუტაძის გუნდი ევროპა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს.

ზურიკო დავითაშვილის "სტ. ეტიენის" თავს არასტაბილურობა გრძელდება. ეს გუნდი ქართველი შემტევის თამაშზე დიდწილადაა დამოკიდებული და ზურიკოს კარგ ფორმას ვისურვებთ.

Sportall.Ge

ესპანეთი

"ვალენსია" მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია, რისგანაც ამოსასვლელად გიორგი მამარდაშვილის ფორმაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვაღიაროთ, ბოლო დროს "მამარდა" წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად დამაჯერებელია.

ვალენსიელებს 4 დეკემბრის ღამეს ქვედალიგელ "ეხეასთან" თასის 1/32 ელით. რაც შეეხება ჩემპიონატს, "ლა ლიგაში" წლის ბოლომდე 4 დაპირისპირება ისეთი დონის გუნდებთან აქვთ, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების საუკეთესო შანსია.

ამასობაში, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" აღზევებისთვის გააფთრებული იბრძვის. 2025 წლამდე ისინი 4 შეხვედრას ჩაატარებენ. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილის "გრანადას", ესპანეთის თასზე ისინიც გამოდიან და "სარაგოსას" "ლა რომარედაზე" ეწვევიან.

Sportall.Ge

ინგლისი და გერმანია

ინგლისსა და გერმანიაში ჩვენებურები მხოლოდ რანგით მეორე ლიგაში არიან. გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ექვსეულშია, რაც დაწინაურების შანსს იძლევა. ჩვენებური კარგ ფორმაშია და პერიოდულად მშენიერ შეხვედრებს გვთავაზობს. "ჩაკვეს" გუნდს 29 დეკემბრის ჩათვლით 6 დაპირისპირება ელის.

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" გერმანიის თასზე 4 დეკემბერს "აუგსბურგს" უმასპინძლებს და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. ბუდუს გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა, თუმცა ბუნდესლიგისთვის ბრძოლა გრძელდება. 2025 წლამდე ისინი 3 მატჩს ჩაატარებენ. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 9 გოლი, 3 შედეგიანი პასია.

ევროტურნირები

ქართველი ლეგიონერებს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრები ელით და შორს არც ლიგის ფაზის ეტაპის დასრულებაა.

Sportall.Ge

გურამ კაშიას "სლოვანი" 11 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება; ირაკლი აზაროვის "შახტარი" 10 დეკემბერს მიუნხენის "ბაიერნს" გელზერკირხენში (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა) დაუხვდება; მეორე დღეს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "ლილს" საფრანგეთში ეთამაშება.

მიქაუტაძის შესახებ უკვე დავწერეთ, ევროპა ლიგაზე ლატვიური "რიგასიც" (ოდიშარია, სილაგაძე) გამოდის, რომელიც ისრაელის "მაკაბის" ბელგრადში შეხვდება.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, გიორგი გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენის" რიგებში "ჰართს" უმასპინძლებს" და "რაპიდს" ესტუმრება, ხოლო ლაშა დვალის "აპოელი" "ნოას" სომხეთში დაუპირისპირდება, ყაზახურ "ასტანას" - საკუთარ არენაზე.

altშეუპოვარმა ქოჩორაშვილმა თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

altხვიჩას მერვე საგოლე მოქმედება - "ნაპოლიმ" "ტორინოს" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოთარ ტატიშვილო,რა გაჩერებს ტელეკომპანია იმედში??რავი შენ რაც სამსახურები და შემოსავალი გაქვს,ექვს ადამიანს ეყოფა საქართველოში!
6
აზაროვი უნდა წავიდეს აუცილებლად შახტარიდან, ამხელა ნიჭი აქვს კაც, ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შახტარის სათადარიგოს არ იმსახურებს
გოგა
15:47 02-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული