1967 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გდრ-ის (მაშინდელი კომუნისტური გერმანია) თანატოლთა ნაკრებს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მონაწილეებში საინტერესო გვარებს წააწყდებოდით, პეტრიაშვილი კი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.
"ეს თამაში ისე მახსოვს, როგორც გუშინდელი ამბავი. მას შემდეგ ზუსტად 50 წელი გავიდა. 1966 წელს, საქართველოს
ჩვენ საკავშირო სპარტაკიადის ფინალში გავედით, სადაც უკრაინასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. მანამდე "იმედის" თასზე ზონალური ტურნირი მოლდოვასა და ბელარუსის ჯგუფში მოვიგეთ და მთავარ გათამაშებაში მე-3 ადგილი დავიკავეთ. გერმანიას კი "იმედის" თასის ფინალური ეტაპის გათამაშებამდე შევხვდით", - იხსენებს პეტრიაშვილი.
მან გერმანიასთან შეხვედრის პერიპეტიები გაიხსენა:
"ჩვენთან შეხვედრამდე გერმანელებმა სტავროპოლში საბჭოთა კავშირის ნაკრებს 1:0 მოუგეს. ამის შემდეგ, როგორც ვხვდები, სადღაც პერიფერიაში, უსახურ სტადიონზე სუსტ გუნდთან თამაშს ელოდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სტადიონზე შემოსულებს გაოცება დაეტყოთ - მაშინ "დინამოს" სტადიონი განახლებული არ იყო, მაგრამ მაშინდელიც ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი იყო. განათებაზე გვათამაშეს და 10 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.
ისინი მანქანასავით გამართულად თამაშობდნენ, შეუპოვრები და მებრძოლები იყვნენ. ჩვენ ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ. მანუჩარ მაჩაიძის გადაცემის შემდეგ, ანგარიში მე გავხსენი. მერე ნოიბერტმა ანგარიში გაათანაბრა 1:1. გამარჯვება კი სოსო ქორიძემ მოგვიტანა, რომელიც ბაღდადელი იყო და 2:1 მოვიგეთ.
ეს გერმანელებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ასე რომ, გერმანიისთვის ასაკობრივი ნაკრებების დონეზე მაინც მოგვიგია".
პეტრიაშვილის თქმით, ამ 50 წლის შემდეგ ქართული ფეხბურთის საერთო დონე საგრძნობლად დაეცა:
"ახლა გერმანიას კი არა, მოლდოვასაც ძლივს ვუგებთ. იუნიორებსა და ახალგაზრდების დონეზე მაინც ვთამაშობდით და ახლა ასაკობრივებშიც გვიჭირს. მე ასე ვიტყოდი - რა ქვეყანაც ვართ, დაახლოებით ისეთი ფეხბურთი გვაქვს - ნაკლები ნამდვილად არა.
ჩემპიონატი სასურველი დონის არაა, რადგან არაა ფული და ყველა სრულწლოვანი ფეხბურთელი გაქცევაზეა. თუ პირობები არ იქნება და ფეხბურთის მასობრიობა არ გაიზრდება, არაფერი გვეშველება.
მიხარია, რომ მასობრიობის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, სოფლების მოყვარულთა გუნდები რომ ჩაერთო. მაგრამ ეს რიგითი მოყვარულებისთვის არის მისაღები, მთავარია, ეს ხარისხში გადაიზარდოს და მეტი პროფესიონალი გავზარდოთ.
სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციამ ამ კუთხით ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა: თუ საფეხბურთო სკოლა დაადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ან ზოგადი განვითარებისთვის თანხა სჭირდება, მომავალი წლიდან ფეხბურთის ფედერაცია 25 ათას ლარს გამოუყოფს.
ბოლოს მთავარი მინდა ვთქვა: ქართული ფეხბურთის აწმყოს შევეხეთ და გერმანიის ნაკრებთან მოგება შემთხვევით არ გამხსენებია. როდესაც თანაბარ პირობებში ვიყავით, ფეხბურთელებს მოედნებს არ უნგრევდნენ და მეტ-ნაკლებად იყო სავარჯიშო და სამონაწილეო პირობები, სპარინგების პრობლემა არ გვქონდა და საქართველოს ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ამიტომ, ძლიერ ნაკრებებთან მოგება ჩვენთვის იშვიათობა არ იყო.
გერმანიას ერთხელ მოვუგეთ, მაგრამ უკრაინას, რუსეთს და, მით უფრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს რამდენჯერ მოვუგეთ, ვინ გაიხსენებს? მჯერა, რომ ასეთია ქართული ფეხბურთის რეალური პოტენციალი და ადრე თუ გვიან, ის მაინც ფეხზე დადგება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"