"თუ კალათბურთელები და მორაგბეები აღწევენ წარმატებებს, ამათ რაღა სჭირთ?"

AutoSharing Option
წერილი: ქართულ ფეხბურთს მხოლოდ შოკური თერაპია უშველის

სანამ ძირითად სათქმელზე მოგახსენებდეთ, ორიოდ სიტყვით ერთ თემას მინდა შევეხო. კერძოდ, ჩვენს პორტალზე 25 ოქტომბერს გადმოვთარგმნეთ მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების 23 წლის მცველის გიორგი ჯიქიას (Георгий Тамазович Джикия) მიერ Российская Газета-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდი, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიქრობდა, მაგრამ პლუს-მინუსები აწონ-დაწონა, რუსეთის ეროვნული გუნდი აირჩია, არაფერს არ ნანობს, მთავარია ოჯახმა მხარი დაუჭირა, დანარჩენი არ აინტერესებს, მეგრელია,
არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელთაც თავიანთი ენა აქვთ და მეგრული საერთოდ არ გავს ქართულ ენას...

ამ გაუნათლებელმა სუბიექტმა არ იცის, რომ მეგრული ქართველური ენაა, წირვა-ლოცვა სამეგრელოში მუდამ ქართულად სრულდებოდა და სრულდება და საერთოდ, სამშობლოსა და ეროვნულ გუნდს პლუს-მინუსებით არ ირჩევენ.

მართალი გითხრათ, არ მეგონა ეს ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა და არც იმას დავმალავ, რომ მკითხველთა რეაქციამ გამახარა. თანაც, ძალიან, რადგან ნათლად დავინახე თუ როგორ უყვარს ჩვენს ახალგაზრდა თაობას სამშობლო, რაშიც ეჭვი არც არასოდეს მეპარებოდა და ეს ახალგაზრდობა აშკარად უკეთესს იმსახურებს.

ზოგიერთები ამბობენ, სპორტთან პოლიტიკა რა შუაშიაო და მინდა ვუპასუხო, რომ სამწუხაროდ, არის და თანაც, შუაში კი არა თითქმის თავშია. თუ თავს არ შეგაწყენთ, ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა ახალგაზრდებმა არ იცოდენ. იყო ასეთი პიროვნება, ისააკ ჟვანია, ზუგდიდის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ, ორგანიზაცია "მაფალუ" ჩამოაყალიბა და სამეგრელოს ავტონომია მოითხოვა. ჰოდა, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 1937 წელს დაახვრეტინა.

ბერია ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ და მისი თაოსნობით 1932 წელს აშენდა თბილისის "დინამოს" 25-ათასიანი სტადიონი (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი), რომელიც როგორც ნაგებობა მიჩნეული იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მშვენიერ ნიმუშად და ბერიას სახელობისა იყო.

Sportall.Ge

სწორედ ლავრენტი პავლოვიჩი პატრონობდა "დინამოს" და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია. იმ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატზე ვერცხლის და ამდენივეჯერ ბრინჯაოს მედლები. ჩემპიონებიც გახდებოდნენ, მაგრამ მაშინ არამოსკოვურ გუნდებს ამის უფლება არ ქონდათ. გუნდი სამჯერ გავიდა თასის ფინალში. სულაც არ ვარ მისი დესპოტური მეთოდების მომხრე, მაგრამ ფაქტია, ეროვნულ საქმესაც აკეთებდა და სპორტულსაც. თუმცა, ეს ხომ ფაქტიურად ერთი და იგივეა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ავად თუ კარგად ყველა საქმეს მიხედვა სჭირდება. ედუარდ შევარდნაძის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, მაგრამ მისი დიდი დამსახურებააცაა "დინამოს" აღორძინება და 1976-1982 წლებში მიღწეული წარმატებები. ჩვენ მაშინ "ჩვენი ბარსელონა" გვყავდა, ყოველი მატჩი ზეიმი იყო, ჰაერიც კი ფეხბურთით იყო გაჟღენთილი. მაშინ "ლივერპული" 3:0-ზე გავანადგურეთ, გუნდი, რომელიც ფაქტიურად ბრიტანეთის ნაკრები იყო (მინუს კევინ კიგანი) და რომ გაგვმართლებოდა, ჩემპიონთა თასიც უნდა მოგვეგო. "ზემოდან" ხელშეწყობის გარეშე კი ამხელა წარმატებები ვერ მიიღწეოდა.

იგივე მოხდა იმავე პერიოდში კიევის "დინამოშიც", როდესაც უკრაინულმა გუნდმა ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი და ერთხელ სუპერთასი (ფინალში ბაიერნს 2:0 მოუგო), მისი ლიდერი ოლეგ ბლოხინი კი 1975 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მაშინ გუნდს უკრაინის ცკ-ს პირველი მდივანი ვლადიმირ შერბიცკი პატრონოდა.

და რა ხდება ახლა ქართულ ფეხბურთში? ეროვნული ჩემპიონატის დონე უმდაბლესია, ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე პირველივე ეტაპზე ეთიშებიან გათამაშებას. ყველა მატჩი მძიმე საყურებელია, მაგრამ ორმა მათგანმა განსაკუთრებით გამაწბილა. "საბურთალოსა" და "კოლხეთის" შეხვედრაში (6:3) იმდენი შეცდომა დაუშვეს ფეხბურთელებმა, რომ მათი დათვლა შეუძლებელი იყო. კიდევ ქობულეთის "შუქურა"-ბათუმის "დინამომ" (0:0).

გაგიკვირდებათ და შეცდომები მოთამაშეებს თითქმის არ დაუშვიათ, რადგან ეს არ იყო თამაში, არამედ იყო თამაშის იმიტაცია. და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატი არაა პროფესიონალ ფეხბურთელთა ტურნირი, ეს რაღაც სამოყვარულო გუნდების შეჯიბრია, რომელსაც აზრი არა აქვს, რადგან თუ ევროტურნირებზე ვერაფერს ვერ მიაღწიე, თუ ფეხბურთელი საზღვარგარეთის კარგ კლუბში არ გადავიდა, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა-რა აზრი აქვს მის არსებობას?

ერთ მომენტზე გავამახვილებ კიდევ თქვენს ყურადღებას. მართლაც შესანიშნავად, რონალდ კუმანივით ასრულებს საჯარიმოებს თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაზე, მაგრამ ხომ არ შეიძლება მეკარემ 35-40 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვას. და ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. გოლკიპერები ვერ თვლიან ბურთის ტრაექტორიას, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან, თორემ ამხელა მანძილიდან დარტყმული ბურთი გზაში სიჩქარეს კარგავს და კარგმა კიპერმა უნდა მოიგერიოს. მოკლედ, მთავრდება ჩემპიონატი, თორემ თოთაძე უთუოდ გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი, რაც მისი ამპლუიდან გამომდინარე, სრული ნონსენსი იქნებოდა.

ასაკობრივ ნაკრებებსაც შევეხოთ. ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე 21-წლამდელთა გუნდი საქართველოში მიმდინარე ტურნირზე, სადაც დიდი მხარდაჭერა ქონდა, ჯგუფში ჩარჩა და გავგიჟდით კინაღამ სიხარულით. ეს რა გუნდი გვყავს და რა მომავალი თაობა გვეზრდებაო. ტექნიკურ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშეთ, შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ როდესაც პორტუგალიაზე კლასით დაბალ, მაგრამ უფრო ორგანიზებულ ჩეხეთს შევხვდით, წარმოჩნდა ჩვენი გუნდის ნაკლოვანებები. 15-20 წუთის შემდეგ ნათელი შეიქნა, რომ აუცილებლად წავაგებდით, ვინაიდან ჩვენი გუნდი არ იყო მეტოქის დაცვის გამრღვევი, არც ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და მატჩის ბედს გადაწყვეტდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების წრეგადასული ქება კი ავანსის გაცემაზე უფრო მათთვის დათვური სამსახურის გაწევაა. ამის დადასტურება შემდეგი მატჩების წაგებები გახლდათ, მითუმეტეს ფარერებთან.

ჩვენი ლეგიონერები სუსტ გუნდებში თამაშობენ, ზოგიერთები იქაც ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში. ისეთ ჩემპიონატებზე გამოდიან ზოგიერთები, საქართველოს პირველობას ბევრად რომ ვერაფრით ვერ სჯობნის. ხშირად იღებენ ტრავმებს და რა არის ამის ძირითადი მიზეზი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩვენი ფეხბურთელები პირველი ძვირფასი ავტომობილის შეძენამდე შრომობენ თავდაუზოგავადო. ვერაფერს იტყვი, მართალია, ალბათ. ყველაზე ამას ვერ იტყვი, თუმცა როდესაც უკვე დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, პრობლემები ეწყებათ და ეს რომ იყოს ცალკეული შემთხვევები, რა უჭირს.

მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ აგერ უკვე 25 წელია კორუფცია ღრღნის ქართულ ფეხბურთს და არაპროფესიონალიზმი. კიდევ? კიდევ ათასი მამაძაღლობა, თორემ თუ კალათბურთელები და მორაგბეები აღწევენ წარმატებებს, ამათ რაღა სჭირთ, ესენიც ხომ მათსავით ამავე ქვეყნის შვილები არიან. მერე ეს მომავალ თაობას გადაეცემა ჯაჭვური რეაქციასავით და ასე გრძელდება უსაშველოდ და უსასრულოდ.

გამოსავალი?

გამოსავალი არსებობს. ვიქნები ამ საკითხშიც არაპოპულარული და ვიტყვი, რომ წერილის დასაწყისში პატრონაჟის მაგალითები ტყუილად არ მომიყვანია. რა თქმა უნდა, ახლა სხვა დროა, სხვა ისტორიული და ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო. პატრონი ჭირდება საქმეს, რომელიც მიხედავს საფეხბურთო მეურნეობას.

Sportall.Ge

სახელდობრ. რამდენი თანხაც არ უნდა გამოეყოს კლუბებს სახელმწიფოსგან, ამ ბიუჯეტს უპრობლემოდ აითვისებენ და მომავალი სეზონის დასაწყისში ისევ ხელებგაშლილები დაიწყებენ სიარულს. ფული სახელმწიფოსგან და ფედერაციისგან უნდა გამოიყოს მიზანმიმართულად, მასზე სასტიკი კონტროლის დამყარებაა აუცილებელი. აუცილებელია სერიოზული საკადრო ცვლილებები და კლუბების ახალი კადრებით დაკომპლექტება, მათ შორის უცხოელი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი სპეციალისტებით, რომლებსაც აქ არ ექნებათ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ბუნებრივია, არაა სწორი ანალოგის გავლება, მაგრამ ხომ მოისპო კორუფცია პოლიციაში? მერწმუნეთ, აქაც შეიძლება იგივე შოკური თერაპიის ჩატარება და ეს იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველივე ამას ნება ჭირდება, კაცი ჭირდება, რომელიც ყველაფერს მოიფიქრებს, თანხების მობილიზებას მოახდენს და საკადრო რეფორმას დაიწყებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრება საქმე მკვდარი წერტილიდან. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. საკითხავი ისაა, არის კი საქართველოში კაცი, რომელიც ამას მიხედავს? დიახ, არის და თუ ამ წერილზე მკითხველის და დაინტერესებულ პირთა ჯანსაღი რეაქცია იქნება, ყოველგვარი ისტორიული ექსკურსების გარეშე კონკრეტიკაზე გადავალ.

P.S. ამ ბოლო დროს კომენტარებში ხშირად ვხვდებით პოლიტიკური პარტიების წევრების გამოხმაურებებს, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და მათ გასაგონად უნდა ვთქვათ, წერეთ და იკითხეთ სხვაგან და ნუ გადააქცევთ ამ ისედაც დაღუპულსა და დაქცეულ ქართულ ფეხბურთს თქვენი დაპირისპირების სარბიელად.
მკითხველის კომენტარები / 37 /
სახლი შენდება საძირკვლიდან, ბავშვთა ფეხბუთი დაძიალ ცუდ დღეშია, თბილისში სტადიონების ადგილას სახლები შენდება. სკოლებში გადასახადები მატულობს ფეხბურთი ღარიბებისაა და ნიჭიერი უფულო ბავშვები თამაშგარეში არიან...
კოტე
05 ნოემბერი 2017 13:30
0
"ქართული ფეხბურთი" არ არსებობს.
სწორია ქართული ფუტბოლი.
"რაგბი ჩვენი თამაშია" ტყუილია.
ჩვენი თამაშია "ლელო".
თავში თუ სიყალბეა ჩადებული,
გაგრძელებაც შესაბამისი გვექნება.
ჩვენი წინაპრები სიკვდილის წინ
ლელო-ს თამაშობდნენ გასახურებლად.
ჩვენ სხვისი ყანის "მთოხნავ" ერად
დავრჩებით სამუდამოდ თუკი ჩვენსას
არ განვავითარებთ და ნამდვილად
სხვისას ჩვენად გამოვაცხადებთ.
ვეტერანი
05 ნოემბერი 2017 13:13
12
ბადრი პატარკაციშვილი გამოგრაჩა (დახარჯული ფულებით) და მისი დროინდელი დინამო (მემგონი).
დინამო
05 ნოემბერი 2017 13:06
1
ყველაზე მთავარი ბავშვთა ფეხბურთია ბავშვთაააააააა.ეს ოდესმე ვინმემ ხო უნდა გაიაზროს.დავუშვათ ავიგოთ ეგ ფული და გავხსნათ აკადემიან კახეთში იმერეთსი აჯარაში სამეგრელოში ოღონდ ისე არ უნდა იკოს ეს იმის ბიჭია და ათამაშე და ეს მერის ნატლულია და გუნდში უნდა იყოს არაა.ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან ახალგაზღდა მაგრამ ნაკლებად ცნობილი მწვრთნელები რომლებიც სრულიად ობიექტური იქნებიან და მიეცით თავისფლება.ვინც მართლა მოეწონება და რომელი ბავშვიც დაიმსახურებს ის იყოს აკადემიაში.და მერე მართლა იქნება შედეგი თორე ესე ერთ და ორ წელში არაფერი შეიცვლება არაფერი.დრო და მოთმინება უნდა მაგ ყველაფერს.ასევე ამ აკადემიებში უნდა იყოს სასწავლო პროცესი იქვე და დილით სკოლაში წავა ბავშვი მერე ივარჯიშებს და იქ იქნება სულ.კვირაში ორჯერ შაბათ კვირას ან კვირას გაუშვებ სახლში.თან რეჯიმში იქნებიან და აქედანვე მიეჩვევიან სწორად ფიქრს ფეხბურთზე.ტორე დღესი 2 საათი რო მიხვალ ივარჯიშებ და წამოხვალ ესე ვერ გახდები ფეხბურთელი. თორე საქართველოს დონე კი ხედავთ რაცაა და ძნელია ამას ფეხბურთი უწოდო
rodemdeee
05 ნოემბერი 2017 13:05
0
თავი დაანებეთ ამ ჯიქიას. არანაკლებათ მოეთხოვებათ სამშობლოს სიყვარული ყველას ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს, რამდენი ბავშვი დაიჩაგრა ხან უფულობით ხანაც სხვისი ნათესაური კავშირების გამო. დაინახა რომ დიდი ჭაობი ელოდებოდა და არც ვამტყუნებ, თანაც ეს პირველი შემთხვევა არ არის ქართულ სპორტში სამწუხარიდ
David
05 ნოემბერი 2017 12:57
7
არა არა ასეც არ არის! გააჩნია ვის როგორ შეუძლია ქვეყნის დახმარება გარკვეულ მომენტებში რიგით მოქალაქეს თავის პატიოსნური შრომით, ხოლო ამას.......................
svan
05 ნოემბერი 2017 13:07
2
იყო ადამიანი, რომელიც დათანახმდა ქართული ფეხბურთის დაფინანსებას, ოღონდ ერთი პირობით, მის ხარჯვას თვითონ გავაკონტროლებო. არა, არაო ყველამ, მასე არ გვაწყობსო. ყველაფერი გასაგებია. სახელმწიფომ (წაიკითხეთ - ჩვენ) ერთი თეთრიც არ უნდა დახარჯოს ამ კორუმპირებულთა სარჩენად. მაშინ რატომ შეუწყვიტეს დაფინანსება მწერალთა კავშირს, სხვადასხვა ჟურნალებს და ა. შ.?
zurab
05 ნოემბერი 2017 12:38
0
ყველაფერი სწორია, ვეთანხმები ავტორს, ერთის გამოკლებით-ვერ ვხედავ პიროვნებას, ან ჯგუფს რომელსაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა უნდოდეს და ამავე დროს პირადი ინტერესი არ ამოძრავებდეს!
ალეკო
05 ნოემბერი 2017 12:08
1
მადლობა ავტორს ამ შესანიშნავი სტატიისთვის! ამ საკითხს კი რაც შეეხება სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ეს და ალბათ შემდეგი თაობაც დაკარგულია უკვე და ისე ნუ ვიზავთ, რომ კიდევ ბევრი დაიკარგოს. კლუბების დაფინანსება, რომელიც მთლიანად ფეხბურთელების და კლუბის შტატის შენახვაზე იხარჯება, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და მთლიანი თანხა დაიხარჯოს საკლუბო აკადემიების და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს იმვესტორებსაც დააინტერესებს და კლუბებსაც მისცემს შესაძლებლობას ფეხბურთელები თავისივე აკადემიებიდან აიყვანონ. ოღონდ ეს გზა დროში გაწელილია და ალბათ ათიოდე წელი მაინც დაჭირდება, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს და ჯობია დრო და რესურსი განვითარებაზე დაიხარჯოს ვიდრე მომავალ თაობებს გავუწიოთ დათვური სამსახური, მინიმალური მაგრამ ოჯახის შენახვისთვის საკმარისი ანაზღაურების უზრუნველყოფით!
გულშემატკივარი
05 ნოემბერი 2017 11:03
0
Vaja shen gagimarjos gmertma dzmao, yvela im qartveli gulshematkivaris satqmeli tqvii chemi azrit
Maxo
05 ნოემბერი 2017 11:03
1
ხოოო მართალი ხარ მეტი ფული უკეთესი მანქანაა შენთვის და შენნაირებისთვის ამათ რამდენიც გინდა მიცე ყველას შეწამენ ან არ ეყოფათ და უფრო მეტს მოითხოვენ. თუ მოითხოვ შენ. რომელი კლუბის წევრი ხარ დაწერე.
roma
05 ნოემბერი 2017 10:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული