"ვალენსიას" ყოფილმა და "ხეტაფეს" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "მარკასთნ" ინტერვიუში მეკარე გიორგი მამარდაშვილი და საქართველოს ნაკრები შეაქო და განაცხადა, რომ ესპანელებს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გამარჯვება გაუჭირდებათ:
"პირველივე ვარჯიშზე დავინახე, რომ მამარდაშვილი საიმედო მეკარეა, სწრაფია, ბევრი რამ გასაუმჯობესებელი ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდაა და ეს ნორმალურია. ესპანური არ იცოდა, თან ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვიდა. მაშინვე მივხდით, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და დიდი პოტენციალი გააჩნდა. ორი გამოცდილი მეკარე გვყავდა, ბევრი თვლიდა, რომ მისი კარში ჩაყენება სარისკო გახლდათ, მაგრამ მე ლა ლიგაში თავიდანვე სასტარტოში დავაყენე.
კლუბში ეჭვები არსებობდა, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით თავდაჯერებული გახდა.
მიყვარს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა, პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ და ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ეს რეალობაა და სასიამოვნოა. "ვალენსიამ" იცის, რომ მისი შენარჩუნება გაუჭირდება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ბიჭია, მუდამ ცდილობს სრულყოფას, უსმენს მწვრთნელების რჩევებს. პირველივე დღიდან დაიწყო ზრდა.
მამარდაშვილი ქულებს მოგიპოვებთ. ესაა მთავარი. მეტოქეს შანსებს უსპობს, თამაშებს მოგაგებინებს და განსხვავებას ქმნის. თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს რწმენას მატებს. მაგარია და კვირას ესპანეთს მასთან პრობლემები შეექმნება. თუმცა, ესპანელი ფეხბურთელები და მწვრთნელები გიორგის იცნობენ, ის ხომ ლა ლიგაში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ მატჩს ჩვენთვის ძალიან რთულს გახდიან".